შიდსი შესაძლოა დასრულდეს — მკურნალობა ვირუსის გავრცელების შანსს ანულებს
შიდსის ეპიდემია შეიძლება დასასრულს მიუახლოვდეს — კვლევით ირკვევა, რომ კაცებს, რომლებიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იყენებენ, პარტნიორისათვის ინფექციის გადადება არ შეუძლიათ.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინფექციის მქონე ყველა ადამიანი იმკურნალებს, აიფ-ინფექციის ახალი შემთხვევები აღარ გაჩნდება.
კვლევა ჟურნალ Lancet-ში ორ მაისს გამოქვეყნდა.
კვლევაში ევროპაში მცხოვრები 1 000 გეი წყვილი მონაწილეობდა, რომლებშიც აივ-ინფექციის მქონე პარტნიორი ვირუსის დასათრგუნად ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იყენებდა. 1 000 წყვილიდან პრეზერვატივის გამოყენების გარეშე სქესობრივი აქტის შედეგად აივ-ინფექციის გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რვაწლიან კვლევაში მონაწილე 1 000 ადამიანიდან 15 კვლევის მიმდინარეობის დროს შიდსის ვირუსით დაინფიცირდა, თუმცა დნმ-ის ტესტირებით დადგინდა, რომ ეს არა პარტნიორთან, არამედ სხვა ადამიანებთან განხორციელებული სქესობრივი აქტის შედეგი იყო.
"ეს საოცარია. ჩვენი შედეგები ცალსახად მიუთითებს, რომ ჰომოსექსუალ კაცებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის გამოყენებისას აიფ-ინფექციის გადაცემის შანსი ნულია. ეს ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ თუ ორგანიზმში ვირუსის დაფიქსირება ვერ ხერხდება, ის არ გადაეცემა. თუ აივ-ინფექციის გადაცემას თავიდან ავირიდებთ, შიდსის პანდემია დასრულდება. ახლა მთავარი ამ მესიჯის გავრცელება და იმის უზრუნველყოფაა, რომ აივ-ინფექციის მქონე ადამიანებისათვის ტესტირება, მკურნალობა და დახმარება ხელმისაწვდომი იყოს", — აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორი და კვლევის თანაავტორი ელისონ როჯერსი. წინამორბედი კვლევები მიუთითებს, რომ მკურნალობა ასევე ეფექტურია ჰეტეროსექსუალ წყვილებში, რომლებშიც ერთ-ერთი პარტნიორი აივ-ინფიცირებულია.
2017 წელს შიდსის ვირუსით მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგანაც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას მხოლოდ 21,7 მილიონი გადიოდა. დიდ ბრიტანეთში აივ-ინფექციის მქონე დაახლოებით 101 600 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგანაც 7 800-მა საკუთარი დიაგნოზის შესახებ არ იცის.
ჩრდილოეთ კაროლინას გლობალური ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მეცნიერი მაირონ ს კოჰენის თქმით, ახლა საჭიროა, რომ ტესტირება აივ-ინფექციის მქონე ყველა ადამიანმა ჩაიტაროს და შესაბამისად იმკურნალოს, თუმცა, ის აცხადებს, რომ ეს მარტივი არ არის.
"ადამიანებისათვის აივ-ინფექციის მიმართ ტესტირება და მკურნალობის დაწყება მარტივი არ არის. ამას ემატება საზოგადოებაში არსებული შიში, სტიგმა, ჰომოფობია და სხვა სოციალური საკითხები, რომლებიც აივ-ინფექციის მკურნალობას აფერხებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციის ადრეულ ეტაპებზე მისი დაფიქსირება საკმაოდ რთულია", — აცხადებს კოჰენი.
გაერთიანებულ სამეფოში, აივ-ინფექციის ეროვნულ ფონდზე დაყრდნობით, აივ-ინფექციის მქონე ადამიანების 97%-ში მკურნალობის შედეგად ვირუსის დაფიქსირება ვერ ხერხდება, რაც ნიშნავს, რომ მათ ინფექციის სხვისთვის გადაცემა არ შეუძლიათ.
"ეს ფაქტი აივ-ინფექციის მქონე ადამიანებისთვის სანუგეშოა", — აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი დებორა გოლდი.
კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აივ-ინფექციის ხშირი ტესტირება, სწორედ ეს არის გზა, რომლითაც მომავალში აივ-ინფექცია, შესაძლოა, სრულად გაქრეს.
"ახლა ჩვენ გვაქვს სარწმუნო ფაქტები იმის შესახებ, რომ მკურნალობის შედეგად აივ-ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემა აღარ ხდება", — აცხადებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი იენს ლუნდგრენი.
კომენტარები