ადამ კასტილეჯო მსოფლიოში მეორე პაციენტია, რომელიც მკურნალობის შეწყვეტიდან 30 თვის შემდეგ, შიდსისგან განიკურნა.

საინტერესოა, რომ კასტილეჯო შიდსის წამლებმა კი არ განკურნა, არამედ ღეროვანი უჯრედების თერაპიამ, რომელიც პაციენტს სიმსივნის გამო ჰქონდა დანიშნული.

ღეროვანი უჯრედები, რომლებიც მკურნალობაში გამოიყენებოდა უნიკალურია, იმიტომ, რომ მათ ადამიანის შიდსისგან დაცვა შეუძლიათ. ღეროვანი უჯრედები, რომელიც კასტილეჯომ დონორებისგან მიიღო, გენეტიკურად აივ-რეზისტენტული არიან.

პირველი პაციენტი, რომელმაც შიდსი სრულად დაძლია 2011 წელს მსგავს მკურნალობას გადიოდა.

გამოყენებული აივ-რეზისტენტული ღეროვანი უჯრედები, პაციენტში შეყვანისას მრავლდებიან და მის [პაციენტის] იმუნურ უჯრედებს ანაცვლებენ.

40 წლის კასტილეჯეომ, მკურნალობის გავლის შემდეგ თავისი იდენტობის გასაჯაროება გადაწყვიტა. ექიმები ამბობენ, რომ აივ ინფექცია პაციენტის სხეულში, არცერთ ქსოვილში არ შეინიშნება.

"ეს აივ ინფექციისგან განკურნების უტყუარი საბუთია", — ამბობს კემბრიჯის მკვლევარი რავინდრა კუმარ გუპტა.

"ჩვენ ღეროვანი უჯრედებით შიდსის განკურნების მეორე შემთხვევა აღვწერეთ", — ამბობს ის.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ მკურნალობის მეთოდის რეპლიკაცია შესაძლებელია, თუმცა , მიუხედავად ამისა მკურნალობის ეს კურსი მასშტაბურად გამოყენებული არ იქნება.

აგრესიული თერაპია, რომელმაც შიდსი განკურნა, პირველ რიგში კიბოს მკურნალობისთვის გამოიყენებოდა.

ამჟამინდელი შიდსის წამლები კი ძალიან ეფექტურია, რაც ნიშნავს, რომ ვირუსის მქონე ადამიანებს ხანგრძლივად და ჯანმრთელად ცხოვრება შეუძლიათ.

ექსპერტების თქმით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ძალიან რისკიანი პროცედურაა და კიბოს მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე უარეს შემთხვევებში გამოიყენება, როცა პაციენტი სხვა ტიპის თერაპიაზე არ რეაგირებს.

აივ ინფექციისადმი ღეროვანი უჯრედების რეზისტენტულობა შემდეგი მიზეზებითაა განპირობებული:

უჯრედების ინფიცირებას აივ-1 ვირუსი CCR5 რეცეპტორზე მიმაგრებით ახერხებს. ზოგ ადამიანებს კი CCR5 რეცეპტორის წყვილის მუტირებული კოპია აქვს. სწორედ ეს მცირე მუტაცია განაპირობებს ასეთი ადამიანების რეზისტენტულობას შიდსის მიმართ.

მკლვევრები იმედოვნებენ, რომ CCR-5-ზე ორიენტირებული გენური თერაპიით მომავალში შიდსის განკურნება შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორის, შარონ ლევინის კომენტარიც, რომელიც მიიჩნევს, რომ კასტილეჯოს შემთხვევა ვირუსისგან "სრული განკურნების" საბუთი არ არის, თუმცა ამჟამინდელი მონაცემები საიმედოდ გამოიყურება.