ადამიანებში გავრცელებული დაავადებები, რომელთა პირველწყარო ცხოველები გახლდათ
ცხოველური მიკროორგანიზმები ხშირად ადამიანთა ორგანიზმში აღწევენ და საშიშ, ზოგჯერ კი ფატალურ დაავადებებს იწვევენ. ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, დიდი ალბათობით ღამურებიდან გადმოგვედო. მიმდინარე პანდემიამ მეცნიერთა ყურადღება ზოონოზური დაავადებების (ასე მოიხსენიება ის ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციური დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ცხოველებისგან გადაედებათ) მიმართ კიდევ ერთხელ მიაპყრო, თუმცა კორონავირუსი ამ მხრივ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ჟურნალში Nature 2012 წელს 2008 წელს დაწყებული კვლევის განახლება გამოქვეყნდა და ამგვარად ზოონოზური დაავადებების მსოფლიო რუკა განახლდა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა ყველა დაავადების 60% და ინფექციური სნეულებათა 75% სწორედაც რომ ზოონოზური დაავადებებია. ჩვენ დასაინფიცირებლად უამრავი გზა არსებობს და ცხოველები ხშირად ვექტორის როლს ასრულებენ. სინამდვილეში, დედამიწაზე ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ადამიანებს დაავადებები ცხოველებისგან არ გადაედებათ.
დაავადებები გარეულ თუ შინაურ ცხოველებს, ფერმის ბინადრებსა და მავნებლებს გადააქვთ. ჟურნალში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ის ცხოველები, რომლებიც ჩვენ სიახლოვეს ცხოვრებას მიეჩვიენ, ადამიანებს უფრო მეტ ვირუსს გადასცემენ, ვიდრე ის არსებები, რომელთანაც მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი არ გვაქვს. შესაბამისად, მოშინაურებულ ცხოველთა ჯიშებში, პრიმატებსა და ღამურებში უფრო მეტი ზოონოზური ვირუსი გვხვდება, ვიდრე დანარჩენ სახეობებში. სწორედ აღნიშნული სახეობები არიან ადამიანთა შორის ყველაზე ცნობილ ეპიდ-აფეთქებებზე პასუხიმგებელნი. ამგვარად, COVID-19 ამ თვალსაზრისით უნიკალური ნამდვილად არ გახლავთ.
ამ სტატიაში იმ ცნობილ დაავადებებს აღვწერთ, რომელთა პირველწყარო ცხოველები გახლდათ და ისინი მათგან ჩვენ გადმოგვედო.
გრიპის პანდემიები
გრიპის პანდემიები კაცობრიობისთვის ცნობილი და გლობალური მასშტაბის მოვლენები გახლავთ. 1918 წელს გავრცელებული "ესპანური გრიპის" პანდემია თავისი მასშტაბებით და გამანადგურებელი ძალით წარმოუდგენელი მოცულობის მოვლენა იყო.
1918-1920 წლებში 500 მილიონი ადამიანი დაავადდა (ეს იმ დროისთვის მსოფლიოს მცხოვრებთა 28%-ს შეადგენდა), ხოლო სიკვდილიანობამ 100 მილიონს მიაღწია. "ესპანური გრიპი" იმდენად მომაკვდინებელი გახლდათ, რომ 1918 წლის ბოლოს აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12 წლით შემცირდა. გრიპის შტამების უმეტესობა მაღალი სასიკვდილო რისკის მატარებელია, განსაკუთრებით მოხუცი და ძალიან ახალგაზრდა ორგანიზმებისათვის. ასევე დიდი რისკის ქვეშ არიან იმუნოკომპრომეტირებული ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ "ესპანური გრიპი" ყველაზე მძიმედ სწორედ ახალგაზრდებს დაატყდათ თავზე.
აქამდე უცნობია, თუ საიდან მოვიდა ესპანური გრიპი. მის დასახელებაში "ესპანური" ფაქტობრივ შეცდომას წარმოადგენს, რადგანაც, როგორც ვარაუდობენ, დაავადება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში ბაზირებული ბრიტანულ ჰოსპიტალში ან აშშ-ში უნდა გამოჩენილიყო. 1918 წელს ესპანურ პრესაზე ცენზურა არ ვრცელდებოდა. გერმანული, დიდი ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული მედიებისაგან განსხვავებით, ესპანურ გაზეთებში აქტიურად წერდნენ გრიპის პანდემიაზე, რაც არსებულ სიტუაციას მძიმედ წარმოაჩენდა. ამიტომაც, მკითხველთა უმეტესობამ ჩათვალა, რომ ამ ვირუსის სამშობლო სწორედ ესპანეთი გახლდათ.
გრიპის ვირუსები ხველით ან დაცემინების შედეგად, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ისინი სასუნთქ სისტემაში დაბინძურებული ზედაპირებთან შეხების შედეგადაც აღწევს. მსგავსი გზით ვრცელდება SARS-CoV-2 ვირუსიც და სწორედ ამიტომაც, პრევენციის ძირითადი ღონისძიებები პირად ჰიგიენსა და ფიზიკური დისტანციაზეა ფოკუსირებული.
"ესპანური გრიპის" გამომწვევი H1N1 ვირუსი გახლდათ. როგორც გენეტიკური ანალიზი ვარაუდობს, იგი ადამიანებზე ფრინველებიდან უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, მკვლევართა ნაწილი ეჭვობს, რომ მისი საწყისი ღორებსა და სხვა ძუძუმწოვრებში უნდა ვეძებოთ. გრიპის ვირუსები საზღვაოსნო ფრინველებიდან სხვა ცხოველებს ე.წ. "ანტიგენური შიფტინგით" გადაეცემა.
აღნიშნულის განვითარების შესაძლო 3 სცენარი არსებობს:
- ვირუსი ფრინველიდან პირდაპირ ადამიანს გადაეცემა;
- ვირუსი ფრინველიდან ადამიანს სხვა ძუძუმწოვრის (მაგალითად, ღორის) გავლით გადაეცემა;
- ვირუსი სახეობებს შორის გავრცელებისას სხვა გრიპის ვირუსის შტამს ხვდება, რაც სრულიად ახალი შტამის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა, H1N1 ძუძუმწოვრებში გაცილებით ადრე, 1882 წელს აღმოცენებულიყო და ადამიანთათვის მომაკვდინებელ ვირუსად 1913-1915 წლებში ტრანსფორმირებულიყო. H1N1-მა თავი 2009-2010 წლებში, "ღორის გრიპის" პანდემიით შეგვახსენა. ესპანურ გრიპთან შედარებით, ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ნაკლებად მომაკვდინებელი გამოდგა — პანდემიამ 150-575 ათასი სიცოცხლე შეეწირა.
შავი ჭირი
შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis გახლავთ. ეს უკანასკნელი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ დღეს სალაპარაკო ლექსიკაში "შავი ჭირი" უბედურებისა და განადგურების სინონიმად გამოიყენება. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, ამას თავისი მიზეზიც აქვს: შავი ჭირის პანდემიას რამდენიმე ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შავი ჭირის 3 დიდი პანდემიაა აღწერილი. პირველად იგი ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში, 541-542 წლებში გავრცელდა. შავი ჭირის პირველ პანდემიას 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გამომწვევ ბაქტერიას სახელი Yersinia ბიზანტიის იმპერატორის, იუსიტინიანეს სახელიდან მომდინარეობს. ამ უკანასკნელმა პანდემიასთან ბრძოლაში აურაცხელი მოქალაქის სიცოცხლე დაკარგა.
შავი ჭირის მეორე პანდემია ისტორიაში "შავი სიკვდილის" სახელით შევიდა. 1347-1353 წლებში ევროპის კონტინენტის მცხოვრებთა მესამედი ამ დაავადებამ იმსხვერპლა.
რიგით მესამე პანდემია 1800-იანი წლების მიწურულს, ჩინეთში დაიწყო და ვირთხების წყალობით გლობალურად გავრცელდა. მაშინ პანდემიამ 10 მილიონი ადამიანი შეეწირა. მას შემდეგ შავი ჭირის ერთეული შემთხვევები დღემდე ფიქსირდება, მაგრამ მას პანდემიის მასშტაბებისთვის აღარ მიუღწევია.
შავი ჭირის გამომწვევ ბაქტერიას რწყილები ავრცელებენ. დაავადება, როგორც წესი, მღრღნელებს უტევს, თუმცა რწყილების პარაზიტიზმის გათვალისწინებით, იგი ადამიანებზეც ადვილად ვრცელდება. არსებობს მოსაზრება, რომ აზიაში კლიმატის ცვლილების გამო მექვიშიების პოპულაციის რადიკალურმა კლებამ რწყილები აიძულა, რომ საკვების მოსაპოვებლად სხვა სახეობას, კერძოდ კი ადამიანებს დასხმოდნენ თავს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო შავი ჭირის მეორე პანდემიის, "შავი სიკვდილის" მიზეზიც. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რწყილების მიერ ევროპაში დაავადების გავრცელების კლასიკური მოდელი რეალობას არ შეესაბამება. ბოლო პერიოდის თეორიული მოდელები მთავარ დამნაშავედ არა ვირთხებს, არამედ უშუალოდ ადამიანებსა და მათ მწირ ჰიგიენურ პირობებს მიიჩნევს.
ებოლა
ებოლას ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდ-აფეთქება 2013-2016 წლების შუალედში, დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა. მაშინ ყველაზე მეტად გვინეის, ლიბერიის და სიერა-ლეონეს მოსახლეობა დაზარალდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 28 ათასი ინფიცირებულიდან 11 310 გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობამ თითქმის 40% შეადგინა. ებოლას გავრცელება ინფიცირებული ადამიანის შინაგან სეკრეტთან ფიზიკური კონტაქტით ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება მისი მოხდიდან 1 წლის შემდეგაც კი შესაძლოა ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი გზით გადაეცეს.
მიჩნეულია, რომ ებოლას ვირუსი ადამინებში ხილის ღამურებიდან მოხვდა, თუმცა, მკვლევრებმა მისი ღამურებში აღმოჩენა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. სხვა ჰიპოთეზის თანახმად, ებოლა თავდაპირველად გორილებისა და დუკერების პოპულაციაში გავრცელდა, რადგანაც ეს უკანასკნელნი ღამურების მიერ ჩამოყრილ ხილს მიირთმევენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირების მიზეზი დაავადებულ სისხლთან, შინაგან ორგანოებთან ან სეკრეტთან კონტაქტია.
ებოლა შიმპანზეებში, მაიმუნებსა და მაჩვზღარბებში ვრცელდება, რაც მათ სიკვდილს იწვევს. ვირუსი ცხოველების ორგანიზმში აღწევს, ადაპტირდება და შემდეგ ადამიანს გადაეცემა, რის შემდგომაც იგი უკვე ადამიანთა პოპულაციაში ვრცელდება.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ WHO და გაერო ებოლას მიმდინარე პანდემიების დროს ნელა და სისტემური ხარვეზებით მოქმედებენ, რის გამოც ისინი ფართო საზოგადოების კრიტიკის ობიექტები ხშირად ხდებიან.
აივ ინფექცია და შიდსის პანდემია
თანამედროვეობის ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიის როლი აივ-ინფექციით გამოწვეულმა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომმა (შიდს) მოირგო. მიჩნეულია, რომ შიდსის გამომწვევი ორივე ვირუსი, HIV-1 და HIV-2, ადამიანებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მაღალი განვითარების პრიმატებისა და მაიმუნებისგან გადმოედოთ. დაავადება განსაკუთრებით 1970-იან წლებში, სისხლის ტრანსფუზიისა და შინაგანი სეკრეტის (დაუცველი სქესობრივი კონტაქტი) გზით გავრცელდა.
შიდსის პირველი კლინიკური შემთხვევა 1981 წელს, აშშ-ში დაფიქსირდა, თუმცა რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ მისი შემთხვევები ათი წლით ადრეც იყო აღწერილი. აშშ-ს მთავრობა აივ-ინფექციას დიდი ხნის განმავლობაში ჯეროვან ყურადღებას არ უთმობდა და მას პანდემიის სტატუსი საკმაოდ გვიან მიენიჭა. აივ-ინფექცია და შიდსი განსაკუთრებით სოციუმის მიერ მარგინალიზიბულ ჯგუფებს, ემიგრანტებს, ნარკომომხმარებლებს და ქვიარ-თემს უტევდა.
დაავადებას მსოფლიოს მასშტაბით 36 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მომენტისათვის, 31-დან 35 მილიონამდე ადამიანი აივ-სტატუსის მატარებელია. მათგან 21 მილიონი სუბსაჰარული აფრიკის მცხოვრებია.
მიუხედავად მიმდინარე კვლევისა, აივ-ის საწინააღმდეგო მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს. თუმცა, აქტივისტებისა და მეცნიერების დაუღალავი შრომის შედეგად, პრევენციის შესახებ ინფორმირებულობა საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ეფექტიანი თერაპიებიც ხელმისაწვდომია. აივ-ინფიცირებულ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ვირუსის არმქონე ადამიანების მსგავსია. შესაბამისი ეფექტიანი თერაპიის ფონზე ვირუსის რაოდენობა იმდენად მცირდება, რომ იგი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა.
დასასრულს: უმთავრესი, რაც თითოეულმა პანდემიამ, მათ შორის COVID-19-მა გვასწავლა, ის არის, რომ იგი ჩვენთვის უცნობი ახალი ვირუსებისა და მათი შტამებისგან აღმოცენდება. შესაძლოა, ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვროთ, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ დროული რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კომენტარები