როგორ იქცნენ ვირთხები ურბანული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად
მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში ვირთხებს პატივს სცემენ და იცავენ, ზოგ ქვეყანაში კი მათ იჭერენ და საკვებად იყენებენ, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ისინი ყველგან არიან
ვირთხები ადამიანების აჩრდილებად იქცნენ. ჩვენ მიწის ზედაპირზე ვცხოვრობთ, ისინი - მის ქვეშ. ჩვენ დღის შუქზე ვმუშაობთ, ისინი - ღამით, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველგან, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ცხოვრობენ ვირთხებიც.
სიეტლში ვირთხები მილების შიგნით აღმა ძრომაში დახელოვნებული არიან: ალბათ, ამ წამსაც, ქალაქის რომელიმე წერტილში მოზრდილი, სველი ვირთხა მთელი ძალით ცდილობს, ბინძური ვარდისფერი ცხვირი უნიტაზში ამოყოს. კანალიზაციის მილების გარდა, ვირთხების ნახვა სხვაგანაც შეიძლება. არსებობენ სახურავის ვირთხებიც, რომლებიც ბუდეებს ხეებზე იკეთებენ და სატელეფონო ხაზებზე ცოცვით გადაადგილდებიან. შუა საუკუნეებში მათ ალბათ შავი ჭირი გადაჰქონდათ.
ვირთხების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გასულ ათწლეულთან შედარებით მათი რაოდენობა 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. მაშინ, როცა უამრავი სახეობა გადაშენების პირასაა, ადამიანებს ყოველდღიური მცდელობა უწევთ იმისთვის, რომ ვირთხების გამრავლების პროცესი ოდნავ მაინც შეანელონ.
იმ ცხოველებსა თუ ფრინველებს შორის, რომლებიც ჩვენ გვერდით თანაცხოვრობენ: (მტრედები, თაგვები, ბეღურები თუ ობობები) ჩვენ ყველაზე მეტად ვირთხების ზეგავლენას განვიცდით. მათ კარგი რეპუტაცია ნამდვილად არ აქვთ და ურბანული ხრწნისა და გადამდები დაავადებების სიმბოლოს წარმოადგენენ. ვირთხები ქალაქის სხვა ბინადრებზე მეტად იწვევენ შიშსა და სიძულვილს. ადამიანებს ისინი ეზიზღებათ.
მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, ნუთუ მართლა იმსახურებენ ეს პატარა მხეცები ამდენ ზიზღს? თვისებები, რომლებიც მათგან განგვიზიდავს, - სიბინძურე, გამრავლების სისწრაფე, შეუკავებელი სიხარბე და გადარჩენის წყურვილი - ადამიანთა აღსაწერადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მათი სიბინძურე ჩვენი სიბინძურეა: ვირთხები ხომ ჩვენი ნაგვითა და უდარდელად გადაყრილი ნარჩენებით ცხოვრობენ.
"საქმე ჩვენშია", - ამბობს ნიუ-იორკელი როდენტოლოგი ბობი კორიგანი, - "ჩვენ არ გამოგვდის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში სისუფთავის შენარჩუნება".
ბობ კორიგანი ვირთხების წამყვანი სპეციალისტია ნიუ-იორკში, ის ცხოველებს 1981 წლიდან სწავლობს და მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებსა და კომპანიებს ვირთხების პრობლემასთან ბრძოლაში ეხმარება. სწორედ მან მითხრა, რომ სიეტლში უნიტაზში ამოსული ვირთხების რაოდენობა ჩვეულებრივი კი არა, შემაშფოთებელია.
ბობ კორიგანს აპრილის ერთ თბილ დღეს შევხვდი მანჰეტენზე, "ვირთხების დედაქალაქში". ის ქუდსა და სტაფილოსფერ მოსაცმელში გამოწყობილი დამხვდა, ხელში კი ქაღალდები ეჭირა. ამ უნიფორმის წყალობით, ქუჩის საყვავილეების თხრასა და მეტროს გვირაბებში ბოდიალს ზედმეტი წინაღობების გარეშე შევძლებდით. კორიგანი, ეს ჩია კაცი შეუპოვარი მზერით, კათოლიკე ირლანდიელების ოჯახში გაიზარდა ლონგ აილენდზე და დაახლოებით ისე საუბრობს, როგორც ნიუ-იორკელები ლაპარაკობენ ფილმებში.
ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ძაღლისხელა ვირთხების შესახებ ისტორიების მოყოლა ძალიან უყვართ, თუმცა ყველაზე დიდი ვირთხა, რომელიც კორიგანს უნახავს, 800 გრამს იწონიდა. კორიგანი მზადაა, $500 გადაუხადოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 900-გრამიან ვირთხას მიუყვანს, თუმცა სჯერა, რომ ამ ფულის გაცემა არასდროს მოუწევს.
ნიუ-იორკში დომიმანტი სახეობა Rattus norvegicus - ეგრეთ წოდებული ნორვეგიული ვირთხაა. მას რუხ ვირთხასაც უწოდებენ ხოლმე. რუხ ვირთხებს განიერი თავის ქალა და მასზე პატარა ტანი აქვთ, ასე რომ, ყველა სივრცეში შეუძლიათ გაძრომა, სადაც თავს შეყოფენ, მათ შორის - უნიტაზის მილშიც. კორიგანი გაზონთან არსებულ პატარა ხვრელზე მიმითითებს - ეს ვირთხების ბუნაგის მთავარი შესასვლელია. მიხსნის, რომ ბუდეს, როგორც წესი, სამი შესასვლელი აქვს: ერთი - მთავარი, ორიც - სათადარიგო, თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად თავის დასაღწევად.
რუხი ვირთხები ოჯახებად ცხოვრობენ. ისინი საშუალოდ 14 ნაშიერს აჩენენ, საგულდაგულოდ უფრთხილდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილს (რომელსაც უმეტესად ქალაქის პარკებში იწყობენ) და მცირე ტერიტორიაზე მოძრაობენ. როდესაც წრუწუნები სიმწიფეს აღწევენ, რაც, ჩვეულებრივ, დაბადებიდან 10 კვირაში ხდება, ისინი სახლს ტოვებენ და პარტნიორის ძიებას იწყებენ.
ვირთხების ოჯახი
ავიღოთ ერთი წელი და ვირთხების სტანდარტული კოლონია ქალაქში - რამდენად სწრაფად მრავლდებიან ისინი? მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 9-ვირთხიანი ოჯახი 30-ე კვირაში 270 ვირთხამდე გამრავლდება, წლის ბოლოს კი საწყის ინდივიდებს 11 907 შთამომავალი ეყოლებათ (ქვემოთ პოპულაციის ზრდა სიტყვების ზომაშია გამოხატული). ვირთხები სექსუალურ მომწიფებას დაახლოებით 12 კვირაში აღწევენ. თითოეული მდედრი 2-დან 14-მდე ნაშიერს ყრის.
გამრავლების დონე გარემოზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი თავშესაფარი, საჭმელი და ნაგავია ქალაქში, მით მეტია ვირთხების რაოდენობა.
მე და კორიგანი მისიაზე მივემართებით. ის სასამართლოს მახლობლად, გაზონზე ფრთხილად მიაბიჯებს და ფეხქვეშ მიწას სინჯავს. როგორც კი სიღმეში სიცარიელეს გრძნობს, რამდენჯერმე ხტება ადგილზე. რამდენიმე წამში სოროდან ვირთხა ჩნდება და, პანიკაში მყოფი, თავს მახლობლად ხეებს აფარებს. ცოტა მეცოდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე არ მყავს. ნიუ-იორკელების უმეტესობას უნდა, ყველა ვირთხა დაიხოცოს.
ჩვენს ნადირობამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მერმა ბილ დე ბლასიომ ვირთხების განადგურების ახალი გეგმა წარადგინა. ეს $32-მილიონიანი გეგმის ერთი ნაწილია, რომლითაც დაბინძურებულ უბნებში ვირთხების რაოდენობა 70%-ით უნდა შემცირდეს.
ბევრი ქალაქი ცდილობს, ვირთხების რაოდენობა საწამლავით აკონტროლოს, თუმცა სწრაფადმოქმედ შხამებს შედეგი არ მოაქვთ. ვირთხები რამდენიმე ლუკმის შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ და სატყუარას ჭამას წყვეტენ. ასე რომ, ვირთხებზე მონადირეები ანტიკოაგულანტებს, ანუ სისხლის გამათხელებლებს იყენებენ. მათ მოქმედებას ვირთხები საათობით ვერ გრძნობენ, სიკვდილი კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დგება. ვირთხა ნელ-ნელა კვდება შინაგანი სისხლდენით. კორიგანს ეს მეთოდი ეზიზღება, თუმცა დაავადებების გავრცელებისაც ეშინია. ამიტომაც, კლიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
ჩვენი მისია ტრიბეკა პარკში გრძელდება. თუ კორიგანს დავუჯერებთ, აქაურმა ვირთხებმა მტრედებზე ნადირობა ისწავლეს: "მტრედს ზურგზე ისე ახტებიან, როგორც ლეოპარდი - საკუთარ მსხვერპლს", - ხსნის მკვლევარი, თუმცა დღეს სიმშვიდეა. როგორც ჩანს, მერიის თანამშრომლებმა სოროები მშრალი ყინულით ანუ გაყინული კარბონის დიოქსიდით დაამუშავეს. კორიგანის თქმით, ეს შედარებით ადამიანური მეთოდია. კარბონის დიოქსიდი ყინულიდან თანდათან იპარება და ბუნაგამდე აღწევს. ვირთხები იძინებენ და აღარასდროს იღვიძებენ.
ვირთხებზე მონადირე პროფესიონალებს მხოლოდ ლოკალური და დროებითი წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ადგილის შეწამვლის შემდეგ გადარჩენილი ვირთხები უბრალოდ იქამდე მრავლდებიან, სანამ ბუნაგებს ისევ არ ამოავსებენ. ახალ თაობას კი ისევ დახვდება ნაგვით სავსე პარკები ტროტუარზე.
"სანამ ქალაქები რადიკალურად არ შეცვლიან ნაგავთან გამკლავების პოლიტიკას, მანამდე ამ ომში გამარჯვებულები მუდამ ვირთხები იქნებიან", - ამბობს კორიგანი. .
თუ ქალაქში, ტროტუარზე კვამლისფერ ზოლს დაინახავთ, დიდი შანსია, ვირთხების მარშრუტს კვეთდეთ. მათ მუცელზე არსებული ცხიმიანი ბეწვი ასფალტზე ლაქებს ტოვებს.
ღამის ნადირობა ვირთხებზე მსოფლიოს დედაქალაქში
რუხი ვირთხები, სავარაუდოდ, თავდაპირველად აზიის სტეპებში გაჩნდნენ. აქ მათ პირველად ისწავლეს, რომ საკვების პოვნა მარტივია იქ, სადაც ადამიანი ცხოვრობს. ისინი აბრეშუმის გზის გავლით ევროპაში დაახლოებით 1500 წლისთვის გამოჩნდნენ. (სახელი "ნორვეგიული ვირთხა" შესაძლოა ვირთხებით სავსე ნორვეგიული გემის შესვლას უკავშირდებოდეს ინგლისის პორტში.) ვირთხები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ იქამდე გამოჩნდნენ, სანამ მას ეს სახელი დაერქმეოდა, ანუ დაახლოებით 1750 წლისთვის. აღმოსავლეთ სანაპიროს ბინადარ რუხ ვირთხებს ძირითადად ევროპელი წინაპრები ჰყავთ, ხოლო დასავლეთ სანაპიროს ვირთხები ევროპული და აზიური წარმომავლობის არიან.
სახურავის ვირთხები, რომლებსაც შავ ვირთხებსაც უწოდებენ, ასევე საერთაშორისო სახეობას წარმოადგენენ. ისინი, სავარაუდოდ, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე გაჩნდნენ და ადამიანებთან თანაცხოვრებას მიწათმოქმედების გამოგონებასთან ერთად, ათასწლეულის წინ შეეჩვივნენ. მათ ევროპას რომის იმპერიის დაცემის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 300 წელს მიაღწიეს.
შავი და რუხი ვირთხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურებსა და ვაჭრებს დაჰყვებოდნენ. ისინი ჩვენი საჭმლის მოპარვასა და ნაგავში ქექვას მიეჩვივნენ. დღესდღეობით აფრიკაში საშუალო სტატისტიკური ფერმა მოსავლის 15%-ს ვირთხების გამო კარგავს. აზიაში ვირთხები და სხვა მღრღნელები ყოველწლიურად 200 მილიონი ადამიანის სამყოფ ბრინჯს ჭამენ.
წყნარი ოკეანის ვირთხა, Rattus-ის მესამე სახეობა, სულ სხვა წარმომავლობისაა: ტაჰიტისა და სხვა კუნძულების მკვიდრმა მეზღვაურებმა ეს ვირთხები სპეციალურად წაიყოლეს გრძელ მოგზაურობაში - საგზლად. ისინი ვირთხებს საკუთარ ცხიმში წვავდნენ, ბეწვისგან კი მოსასახამებს კერავდნენ. როცა პოლინეზიელებმა წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძული დაიპყრეს, ვირთხებიც მათთან ერთად დამკვიდრდნენ. მეტიც, ვირთხების გენეტიკური ხის დახმარებით ადვილად შეიძლება დავადგინოთ, რა თანმიმდევრობით აღმოაჩინა კაცობრიობამ ესა თუ ის კუნძული. 1200-1300 წლებში პოლინეზიელებმა და მათმა კომპანიონებმა ახალ ზელანდიას მიაღწიეს, სადაც იმ დროს ღამურების გარდა, არც ერთი სხვა ძუძუმწოვარი არ იყო.
პატარა განცალკევებულ კუნძულებს ვირთხებმა იმდენივე ზიანი მოუტანეს, რამდენიც - დამპყრობელმა ადამიანებმა. აღდგომის კუნძულზე პალმის ხეების გაქრობაში მთავარი ეჭვმიტანილები სწორედ ისინი არიან (გავრცელებული აზრით, პალმის ნაყოფის მთლიანად შეჭმის გამო). სხვა კუნძულებზე კი მათ ზღვის ფრინველებს შეუქმნეს საფრთხე, რადგან კვერცხებსა და წიწილებს შეუსვენებლად ანადგურებდნენ.
ეკოლოგიური შედეგები შთამბეჭდავი და გამაოგნებელია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ინდოეთის ოკეანის არქიპელაგის კუნძულებზე ფრინველების გაჟლეტის გამო, ვირთხებმა ოკეანეში სკინტლის ჩადინებასაც შეუშალეს ხელი, რამაც ოკეანის მცენარეების ზრდა შეაფერხა. შედეგად, ვირთხიანი კუნძულების მახლობლად, მცენარეების მჭამელი ტროპიკული თევზები ზომაში შემცირდნენ და უფრო ნელა მრავლდებიან, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც ვირთხები არ არიან.
გარემოს დამცველებმა ვირთხებთან საბრძოლველად მასშტაბური კამპანიები წამოიწყეს და მიზანში უფრო და უფრო დიდ კუნძულებს იღებენ. ანტრაქტიდის მახლობლად მდებარე სამხრეთ ჯორჯია, რომლის ფართობით 2500 კმ2-ია, რეკორდსმენია. მას შემდეგ, რაც ვერტმფრენებმა ტერიტორიაზე $13 მილიონის ღირებულების 330 ტონა საწამლავი დაყარეს, კუნძული 2018 წლის მაისში ვირთხებისგან თავისუფლად გამოცხადდა. რაკი მღრღნელები გაქრნენ, ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ მალე ალბატროსების, იხვების, მოკლეკუდების, თოლიების, ქარიშხალებისა და მწყერჩიტების მატებას ვიხილავთ.
ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს კიდევ უფრო ამბიციური გეგმა აქვთ. ისინი აპირებენ, რომ 170 000 კმ2-ზე გადაჭიმული ხაფანგებითა და სატყუარებით ყველა ვირთხა გაანადგურონ, რათა იშვიათი ადგილობრივი ჩიტები გადაარჩინონ, მათ შორის, ლეგენდარული უფრთო ჩიტი კივიც.
დედაქალაქ ველინგტონში ვირთხებისგან თავისუფალ ერთ-ერთ ზონას, 2.5 კმ2-ზე განლაგებულ ოაზისს ვეწვიე. ტერიტორია 2.5-მეტრიანი მეტალის ღობითაა შემოსაზღვრული, რომელშიც ვირთხები ვერასდროს გააღწევენ. აქ ისეთი უცნაური ჩიტები ბინადრობენ, როგორიც ჩასუქებული უფრთო ტაკაჰე და მფრთხალი ჰიჰი არიან.
"გლობალურ ჭრილში ეს ადგილი ტრიუმფალური ანომალიაა - ქალაქის, როგორც ბიომრავალფეროვნების სასაფლაოს შებრუნებული ვერსია", - ამბობს დენიელ შანაჰანი, ამ ნაკრძალის მენეჯერი.
ადგილობრივმა ჩიტებმა რაოდენობის ზრდასთან ერთად ღობის მიღმაც გამოაღწიეს. პასუხად ჩიტების მოყვარულმა ახალზელანდიელებმა გადაწყვიტეს, ოაზისის გარშემო ვირთხებისთვის ხაფანგები დაეგოთ. მიზანი ერთგვარი "შარავანდედის" შექმნაა, სადაც ჩიტები თავისუფლად გამრავლდებიან. ველინგტონელი ოჯახებისთვის ვიქენდზე ვირთხების განადგურება ჩვეულებრივ საქმიანობად იქცა. შედეგად, საუკუნეების განმავლობაში პირველად, ჩრდილოკუნძულელი უნაგირას, ტიეკეს ტკბილი გალობა ქალაქის ცენტრშიც შეგიძლიათ მოისმინოთ.
თუმცა, ახალი ზელანდიის მაცხოვრებლების ნაწილი მტაცებლებისგან გათავისუფლების კამპანიას ეჭვით უყურებს. ვირთხების გარდა, 2050 წლისთვის ქვეყანა ავსტრალიური ოპოსუმებისა და ყარყუმებისგანაც უნდა გათავისუფლდეს. ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის ბიოლოგი, ვეინ ლინკლეიტერი გეგმას მიუღწეველს უწოდებს და ამბობს, რომ გამოყენებული შხამები ზედმეტად სასტიკია.
"ეს ყველაფერი უბრალოდ ყურადღების გადასატანი საშუალებაა. მტაცებლებზე მეტად, არსებულ სახეობებს პრობლემას მიწის ზედმეტად დამუშავება და ჰაბიტატის დაკარგვა უქმნის", - ამბობს ის.
გეგმას აკრიტიკებენ ჩრდილოეთ კუნძულის მკვიდრი მაორის ტომის წევრებიც. წყნარი ოკეანის ვირთხა, ანუ კიორე, ახალ ზელანდიაში მათმა პოლინეზიელმა წინაპრებმა შემოიყვანეს. ისინი თავს ამ ვირთხების მცველებად მიიჩნევენ და დროდადრო ახლაც ჭამენ ხოლმე.
ტომის საბჭოს მეთაური კრის მაკდონალდი კიორეს აღწერს, როგორც ნიუ-იორკში გავრცელებულ მიწისქვეშა ვირთხაზე ორჯერ პატარას, კეთილს, ფუმფულასა და მადისაღმძვრელს.
კუნძულის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე ტომს ზემოთ აღწერილი ოაზისის საპირისპირო ადგილი ეკუთვნის: ქვიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი კუნძულოვანი უჯრედი, სახელად მაუიტაჰა, რომელიც სამყაროში ვირთხების ერთადერთ ნაკრძალად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ვერ გეტყვით, რომ იქაურობა ვირთხებითაა სავსე (მთელი ღამის განმავლობაში ერთიც არ შემინიშნავს), თუმცა ოდესმე ეს შეიძლება ერთადერთი ადგილი იყოს, სადაც კიორეს ნახვა შესაძლებელი იქნება.
ჰორი პარატა, ტომის რესურსების მენეჯერი და ჩემი გიდი მაუიტაჰაზე, მიყვება, როგორ მიიყვანა გალიაში ჩასმული კიორე საერთო შეკრებაზე. მოხუცი კაცი ვირთხას მიუახლოვდა და ლაპარაკი დაუწყო. სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. ეგონა, რომ ყველა კიორე გამქრალი იყო.
ვაშინგტონში, ზაფხულის ერთ ღამეს მე და ფოტოგრაფი ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი მავნებლების განადგურების კომპანიასთან ერთად ვირთხებზე სანადიროდ მივემართებით. ეს კომპანია იმითაა გამორჩეული, რომ ვირთხების გასანადგურებლად პატერდეილ-ტერიერებს იყენებს.
ერთ სამეზობლოში, სადაც უამრავი რესტორანია, ძაღლები ჯგუფურად 31 ვირთხას ანადგურებენ. ეს მთელი პოპულაციის მცირე ნაწილია, მაგრამ კომპანია ირწმუნება, რომ ამხელა დანაკარგი საკმარისია იმისთვის, რომ გადარჩენილები იქაურობას გაეცალონ. სანამ ტერიერები მუშაობენ, ადამიანები ჰოკეის ჯოხებითა და ბადეებით უშლიან ვირთხებს ხელს გაქცევაში. მეზობლები ფანჯრიდან იყურებიან და გვგულშემატკივრობენ.
ცუდი რეპუტაციის მიუხედავად, ვირთხებს დადებითი თვისებებიც აქვთ. ისინი ჭკვიანები არიან და, სავარაუდოდ, თანაგრძნობაც შეუძლიათ. ერთ-ერთ კვლევაში, ვირთხებმა სხვა ვირთხები გალიებიდან გაათავისუფლეს, მაშინაც კი, როცა ამით ვერაფერ მოგებას ვერ ნახავდნენ და, სანაცვლოდ, შეეძლოთ შოკოლადით დამტკბარიყვნენ. ამ კვლევის ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი პეგი მეისონი ამბობს, რომ მხსნელი ვირთხა კომპანიონის გათავისუფლების შემდეგ, როგორც წესი, მას უკან მიჰყვება, ზედ ახტება და ლოკავს - ეს ქცევა შეშინებული ცხოველის დამშვიდებას უნდა ემსახურებოდეს. მიუხედავად ამ საოცარი თვისებისა, ადამიანების უმრავლესობას ვირთხები მაინც ეზიზღება. ნუთუ მიზეზი ღამის აქტიურობაშია, თითქოს რაიმე ჰქონდეთ დასამალი - განსხვავებით, მაგალითად, ციყვებისგან, რომელთაც შეუძლიათ თვალი გაგისწორონ, სანამ თხილს გპარავენ?
"საქმე კუდშია", - ამბობს ლორინდა უილიამსი, რომელიც ლონგ აილენდზე ვირთხებს ამრავლებს და მათ შინაურ ცხოველებად ყიდის, - "კუდი რომ არა, ყველას ეყოლებოდა ვირთხა სახლში".
ვალ კერტისი, ბიჰევიორისტი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან, ამბობს, რომ ვირთხებს თითქმის ყველა კულტურაში საზიზღარ არსებებად თვლიან და ამაში მხოლოდ კუდს ვერ დავადანაშაულებთ.
"ჩვენ დაპროგრამებული ვართ, რომ ავირიდით ის, რაც ავად გვხდის", - ამბობს მეცნიერი, - "განვითარებასთან ერთად, ის ადამიანები, რომელთაც ვირთხებთან თანაცხოვრება არ აწუხებდათ, უფრო ხშირად იხოცებოდნენ მათ მიერ გადატანილი დაავადებებით და შთამომავლობასაც ვერ ტოვებდნენ. ვინც ვირთხებს ერიდებოდა - ნაკლები შანსი იყო, ასე დაღუპულიყო. ასე რომ, მათი ზიზღი მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ზუსტად ასე ვართ დაპროგრამებული იმაზე, რომ ბასრკბილებიანი ვეფხვების გვეშინოდეს".
ლონგ-აილენდის სავირთხეში, რომელიც რეალურად, მშობლების სახლის ერთი ოთახია, უილიამსი განსხვავებული ფერისა და ორნამენტების მქონე ვირთხებს მაჩვენებს. მიყვება, რა რთულია, რომ ვირთხების ჯანმრთელობას გაუფრთხილდე და როგორ უნდა შეარჩიო ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული ტემპერამენტის ცხოველები. ეს რთული საქმეა. ოთახში მძაფრი, გაჯერებული სუნი დგას, ერთდროულად ტკბილი და მყრალი. სურნელოვანი სანთელი მას ვერაფრით ფარავს.
უილიამსი დიდ გალიას უახლოვდება და მსუქან ნაცრისფერ ვირთხას იყვანს, რომელსაც ყური მეზობელთან წაკინწკლავების დროს გაეხა. მას დექსტერი ჰქვია.
"ეს ჩემი გულის ვირთხაა", - მეუბნება ლორინდა, - "ასე ფავორიტ ვირთხას ეძახიან. გულის ვირთხასთან მარტივად შედიხარ კონტაქტში".
დექსტერი რამდენიმე წამით ამყავს ხელში და მიკვირს, რომ ასე კანკალებს.
კორიგანს, ვირთხების ექსპერტს, გულის ვირთხა არ ჰყავს, თუმცა წარსულში ვირთხები შინაურ ცხოველებად ჰყოლია. მათ
გაცურებაში გატარებულმა ათწლეულებმა "მონადირეს" ვირთხების მიმართ არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ სიმპატიაც აღუძრა.
"ეს ცხოველი აღმაფრთოვანებს. მიყვარს კიდეც და ეს ჩემი ცხოვრების პარადოქსია", - მიმხელს კორიგანი. ის მიესალმება, რომ ნიუ-იორკი სისხლის გამათხელებლებიდან მშრალ ყინულზე გადადის - მერე რა, რომ ქალაქი ამას ვირთხების ტანჯვის შესამცირებლად არ აკეთებს. ბუები, ძერები და სხვა მტაცებლები უფრო და უფრო დიდი რაოდენობით ჩნდებიან ქალაქში და ნიუ-იორკერებს არ უნდათ იმის ნახვა, როგორ იხოცებიან ისინი მოწამლული ვირთხების შეჭმის გამო. ვირთხები მავნებლებად ითვლებიან - მათზე მონადირე ფრინველები კი სასიკეთო ნიშნად, რომ ველური ბუნება ქალაქს უბრუნდება.
მეცნიერები ახლა ვირთხების პოპულაციის გასაკონტროლებლად, მათი აზრით, ყველაზე შედეგიან გზაზე მუშაობენ: გენეტიკურმა ინჟინერიამ მათში უნაყოფობის გენები უნდა გაავრცელოს. თუ გაუთვალისწინებელი შედეგების შიშს გადავლახავთ, ერთ დღეს ამ მეთოდით ყველა ვირთხის გაქრობას შევძლებთ, ყოველგვარი შხამების გარეშე.
მოგვენატრებიან თუ არა ვირთხები? მათ გარეშე ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში ნაკლები შევარდენი და ბუ იქნება, ტონობით საჭმელი კი უბრალოდ ადგილზევე გაიხრწნება, ნაცვლად ვირთხების მიერ ჩატარებული "გამწმენდი სამუშაოებისა". Youtube-ზე ერთ-ერთ ვირუსულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიათრევს ვირთხა პიცის მთლიან ნაჭერს. კომენტარებში მას ნამდვილ ნიუ-იორკელს უწოდებენ.
ვირთხები გვეხმარებიან, რომ ჩვენსავე ნაგავში არ ჩავიხრჩოთ: თუ ამის გამო მათი შეყვარება არ გამოგვდის, მათდამი პატივისცემა და სულ ოდნავი მიმღებლობა უკვე ჯანსაღი ნაბიჯი იქნებოდა. მზის ჩასვლის შემდეგ ჩაინათაუნის მახლობლად ვხედავ, როგორ აბოლებს სიგარეტს კანალიზაციის მუშა, სახელად ჯონათან ჰინკაპი. იქვე ვირთხები ნაგვის ურნებში იქექებიან.
ვეკითხები, როგორ ეგუება ამდენ ვირთხასთან თანაცხოვრებას.
"საერთოდ არ მაწუხებენ", - მპასუხობს ის, - "ეს ხომ ნიუ-იორკია".
კომენტარები