1918 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის ჯანდაცვის კომისარმა ვილმერ კრუსენმა 28 დეკემბერს მასობრივი აღლუმის ჩატარების ნებართვა გასცა. ამ დღეს, მსვლელობაში 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.

იმავე პერიოდში, ქალაქ სენტ-ლუისის ჯანდაცვის კომისარმა, მაქს სტარკლოფმა ქალაქის სრული იზოლაციის ბრძანება გასცა. მის მოთხოვნას პოლიტიკოსები და კერძო სექტორის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა კომისარმა თავისი გაიტანა.

1918 წელი აშშ-ში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ესპანური გრიპის ვირუსის მასობრივ ეპიდემიას უკავშირდება. აშშ-ში ვირუსით მოსახლეობის მეოთხედი დაინფიცირდა. თუმცა, ამგვარი შედეგის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

მასობრივი მსვლელობა ფილადელფიაში, რომელმაც გრიპის გავრცელებას ხელი შეუწყო

მასობრივი მსვლელობა ფილადელფიაში, რომელმაც გრიპის გავრცელებას ხელი შეუწყო

ფოტო: U.S. Naval History and Heritage Command

ფილადელფიაში, მსვლელობიდან 1-2 კვირაში ქალაქი გვამებით გაივსო. ვირუსმა 12 000 მოქალაქე იმსხვერპლა. ხოლო სენტ. ლუისში მთელი წლის მანძილზე ვირუსს 1 700 ადამიანი ემსხვერპლა, რაც იმ დროის გათვალისწინებით, სხვა ადგილებთან შედარებით, დაბალი რიცხვია.

ზოგიერთი ვარაუდის მიხედვით, 1918 წელს გრიპის პანდემიამ 50 მილიონამდე ადამიანიც კი იმსხვერპლა. გრიპის პანდემიებს შორის, 1918 წელს სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.

წინა მასობრივი პანდემია 1889-1890 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ნავარაუდებია, რომ H2N2-ის ვირუსი ფრინველებიდან წამოვიდა. მას ხშირად "რუსულ გრიპს" ან "აზიურ გრიპს" ეძახდნენ.

იგივე ქვეტიპი — H2N2 პანდემიის მიზეზი 1957 წელსაც გახდა. ვირუსული ინფექციის პირველი ტალღა ჩინეთიდან წამოვიდა და მისი შედეგები, ჰონგ-კონგის მაგალითზე, კარგად არის დოკუმენტირებული.

1957 წელს, New York Times-ის 17 აპრილის გაზეთში ჟურნალისტი ჩინეთში განვითარებული მოვლენების შესახებ იუწყება:

"ადგილობრივი პრესის მიახლოებით, მკურნალობას 250 000 ჰონგ-კონგელი გადის. კოლონიის მოსახლეობა დაახლოებით 2 500 000-ია".

როგორც ჩანს, ვითარება ჩინეთიდან წამოსულმა ლტოლვილებმა გაამწვავეს:

"ჩინეთიდან წამოსული 700 000-მდე ლტოლვილი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს... ათასობით ადამიანს ყოველდღიურად გრძელ რიგებში უწევთ დგომა. რიგებში ქალებს აცრემლებული ბავშვები ზურზგზე ჰყავთ აკიდებული".

თუმცა დროთა განმავლობაში H2N2-ის ეპიდემია მინელდა. ამჟამად ამ ვირუსით ადამიანები აღარ ინფიცირდებიან. მიუხედავად ამისა H2N2 ცხოველებში დღემდეა გავრცელებული და არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი ადამიანებში ცირკულაციას ხელახლა დაიწყებს.

2014 წელს Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, "H2N2-ის ადამიანებში ხელახალი აღმოცენების მნიშვნელოვანი საშიშროება არსებობს, რადგან ვირუსისადმი ჰუმორული იმუნიტეტი 50 წელზე ახალგაზრდა ადამიანებს არ აქვთ".

ჰუმორული იმუნიტეტი, უჯრედული იმუნური პასუხისგან განსხვავებით, ანტისხეულების წარმოქმნას განაპირობებს. ანტისხეულები კი პათოგენს უპირისპირდებიან, რაც ორგანიზმს ანტიგენის (ამ შემთხვევაში ვირუსის) მოგერიების საშუალებას აძლევს.

1918 წელს ფილადელფიაში მოქალაქეებს ქუჩაში გადაფურთხებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ

1918 წელს ფილადელფიაში მოქალაქეებს ქუჩაში გადაფურთხებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ

ფოტო: Historical Medical Library of The College of Physicians of Philadelphia

გრიპის წარსული ეპიდემიების მსგავსი სიკვდილიანობა ხშირად არასაკმარისი ინფორმაციის და პრევენციული ზომების არ-არსებობის ან სიმწირის შედეგად იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯანდაცვა მსოფლიოს გარშემო ბევრად დახვეწილია და რეაგირებაც უფრო სწრაფია, კორონავირუსის პანდემია განგაშის მიზეზად მაინც რჩება.

CDC-ის მიხედვით, 2018-2019 წლების სეზონური გრიპის 35,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 34 000 ინფიცირებული გარდაიცვალა. სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,1%-ია.

COVID-19 სეზონურ გრიპზე უფრო მეტად გადამდებია. არსებული მონაცემების მიხედვით მისი "გამრავლების რიცხვი" (აღინიშნება, როგორც RO) დაახლოებით 2-2,5-ია. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ, კორონავირუსით ინფიცირებული ანდამიანი 2-ზე მეტ ადამიანს აინფიცირებს. სეზონური გრიპის "გამრავლების რიცხვი" კი 1,3-ს უტოლდება — უფრო დაბალი მაჩვენებელი.

გრიპის წარსული პანდემიების გათვალისწინებით, ისტორია ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილს გვთავაზობს. თუ რა ზომებს მივიღებთ კორონავირუსის წინააღმდეგ, აისახება არამხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მსოფლიოს კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად დატესტილი მეთოდები გაითვალისწინოს, რომლებიც ვირუსული ინფექციის გავრცელებას ხელს შეუშლის.

CDC-ის და WHO-ს და ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების გაწეული რეკომენდაციები, ქვეყნის და რეგიონის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ არც მასობრივ ისტერიაში გადავეშვათ და არც ინდიფერენტულობაში.

ამ დროისთვის სოციალური ატივობების მაქსიმალური შემცირება და თვით-იზოლაცია, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.