დაახლოებით 102 წლის წინ პანდემიამ, რომელიც ამჟამად ესპანური გრიპის სახელითაა ცნობილი, 100 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ამის გამოც ის ინფექციური დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ აფეთქებად მოიხსენიება ხოლმე, რომელიც კი ოდესმე მომხდარა.

გრიპი ადვილად გადამდები, სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელსაც გრიპის ვირუსი იწვევს. არსებობს A ტიპის, B ტიპის, C ტიპისა და D ტიპის გრიპის ვირუსი, რომელთაგანაც პირველი სამი ადამიანებს აავადებს, D ტიპის ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების გამოწვევის პოტენციალი მასაც აქვს.

1918 წლის გრიპის პანდემიის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი ალბათ ის არის, რომ მაშინ არავინ იცოდა, თუ რა იწვევდა დაავადებას. ინგლისურად გრიპს Influenza ეწოდება და ის იტალიური სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც გავლენას ნიშნავს.

ადამიანებს ერთ დროს ეგონათ, რომ ეს დაავადება ცაზე იუპიტერისა და სატურნის შეერთებით იყო გამოწვეული. ალტერნატიულ მიზეზებად სახელდებოდა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და ცხოველების გახრწნილი სხეულები.

1892 წელს ბერლინში ორმა მიკრობიოლოგმა ახალი ბაქტერია, Bacillus influenza აღმოაჩინა, გრიპის გამოწვევაც კი სწორედ ამ ბაქტერიას დაბრალდა. თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბაქტერია გრიპის მქონე ადამიანებში ნამდვილად იყო ნაპოვნი, მაგრამ ისინი უბრალოდ მეორადი პათოგენები იყვნენ, რომლებიც გრიპით დასუსტებულ ორგანიზმში იჭრებოდნენ.

მალე აშკარა გახდა, რომ ის, რაც გრიპს იწვევდა, ზომაში ბევრად უფრო პატარა იყო, ვიდრე ბაქტერია. 1939 წელ ახლადშექმნილი ელექტრონული მიკროსკოპით ვირუსის პირველი სურათი გადაიღეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა გრიპის ვირუსის იზოლირება მალევე მოახდინეს. დღეს კი ვირუსების არსებობის შესახებ ცნობილია და ისიც ვიცით, რომ ისინი გენეტიკური კოდისა და ცილოვანი გარსისგან შედგებიან.

ისტორია

წითელი ჯვრის მოხალისეები, 1918 წელი

წითელი ჯვრის მოხალისეები, 1918 წელი

ფოტო: APIC / Getty Images

პირველად გრიპის ვირუსის სიმპტომები 2 400 წლის წინ ჰიპოკრატემ აღწერა. გრიპს კაცობრიობის ისტორიაში ეპიდემია მრავალჯერ გამოუწვევია, თუმცა ისტორიული მონაცემების ინტერპრეტირება და ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია, რადგან გრიპის ვირუსის სიმპტომები სასუნთქი გზების სხვა დაავადებების სიმპტომებს საკმაოდ წააგავს.

სავარაუდოა, რომ დაავადება ამერიკაში ევროპელმა კოლონიალისტებმა ჩაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 1493 წელს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაიღუპა.

გრიპის პანდემიის პირველი დეტალური აღწერა 1580 წელს მოხდა. ამ დროს ეპიდემია რუსეთში დაიწყო, შემდეგ კი აფრიკასა და ევროპაში გავრცელდა. რომში გრიპმა 8 000 ადამიანი მოკლა, სანაპიროზე არსებული რამდენიმე ესპანური ქალაქის მოსახლეობა კი თითქმის სრულად გაწყდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში გრიპის პანდემიებმა თავი კიდევ რამდენჯერმე იჩინეს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეტალური აფეთქება, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, 1918 წლის გრიპის პანდემია იყო, რომელსაც ესპანური გრიპის პანდემიითაც მოიხსენიებენ ხოლმე. ის A ტიპის გრიპის ვირუსით იყო გამოწვეული, უფრო კონკრეტულად კი H1N1-ით.

ესპანური გრიპი, როგორც წესი, ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ პანდემიად სახელდება, რომლის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობაც შავი ჭირის მასშტაბებს უტოლდება. 1918 წლის პანდემია მთელ დედამიწას მოედო, არქტიკით დაწყებული, წყნარი ოკეანის კუნძულებით დამთავრებული. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი დაინფიცირებულთა შორის 2-დან 20 პროცენტამდე იყო, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტიპური, გრიპისთვის დამახასიათებელი 0,1 პროცენტი.

ადამიანები უფრო მეტად ვირუსის შედეგად გამოწვეული მეორადი ბაქტერიული ინფექციით იღუპებოდნენ, თუმცა იყო ვირუსით დაღუპვის შემთხვევებიც.

1918 წელს გრიპის "მკურნალობის" ერთადერთი (და თანაც ყოვლად უსარგებლო) მეთოდი სისხლის გამოშვება იყო, ამ მეთოდს ადამიანები 2 000 წლის განმავლობაში იყენებდნენ.

ამ დროს ორგანიზმიდან სისხლს უშვებდნენ, იმ მიზნით, რომ ორგანიზმი ტოქსინებისგან გაეწმინდათ. მაგალითად, ბრიტანელი ექიმები გრიპის მქონე პაციენტებს სამკურნალოდ სისხლის გამოშვებას უნიშნავდნენ, რაც კატასტროფული შედეგებით მთავრდებოდა.

გრიპის ვირუსის წინააღმდეგ პირველი ეფექტური ვაქცინა 1944 წელს ტომას ფრენსისმა შექმნა.

იმუნური სისტემა და ვაქცინაცია

ფოტო: JULIA YELLOW

ვაქცინაციის განხილვამდე ერთი-ორი სიტყვით ავხსნათ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი იმუნური სისტემა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის პრინციპს, თუმცა ძალიან, ძალიან გამარტივებულად.

იმუნურ სისტემას პათოგენებთან ბრძოლის ორი მეთოდი აქვს. პირველი მეთოდი არასპეციფიკური, ზოგადი იმუნიტეტია, რომლის არსენალშიც ფაგოციტები, მკვლელი უჯრედები, ნეიტროფილები და სხვა კომპონენტები შედიან. აღნიშნული უჯრედები ყოველთვის მზადყოფნაში არიან და ისინი პათოგენებს გამოჩენისთანავე ებრძვიან. მათი დავალება მარტივია, ამ უჯრედებს ერთგვარი სია აქვთ, რომელშიც ის ცილები და უჯრედებია "ჩამოწერილი", რომლებიც ჯანსაღი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო როდესაც ისინი რაიმე ისეთს წააწყდებიან, რაც ამ სიაში არ არის, ისინი მის განადგურებას იწყებენ.

თუმცა, ზოგიერთ პათოგენთან საბრძოლველად ზოგადი იმუნიტეტი საკმარისი არ არის, თუ მათი დამარცხება გვსურს, მათ სპეციალური იარაღებით უნდა ვებრძოლოთ. აქ საქმეში შეძენილი (ადაპტური) იმუნიტეტი ერთვება.

თუ გსურს, რომ ორგანიზმში შემოჭრილი ძლიერი პათოგენი დაამარცხო, მას თავიდან ბოლომდე უნდა იცნობდე. შეძენილი (ადაპტური) იმუნიტეტის გააქტიურებას დიდი დრო სჭირდება. იმიტომ, რომ ამ დროს ორგანიზმმა პათოგენი უნდა ამოიცნოს, შეისწავლოს, შემდეგ კი ამ პათოგენის განადგურებაში დახელოვნებული სპეციალიზირებული უჯრედები შექმნას, რომელთა ერთადერთი მიზანიც კონკრეტულად ამ ვირუსის ან ბაქტერიის განადგურება იქნება.

ადაპტური იმუნიტეტი პათოგენებს ძალიან ეფექტურად ანადგურებს, საქმე ისაა, რომ კონკრეტული პათოგენის წინააღმდეგ ამ იმუნიტეტის შესაძენად დროა საჭირო, ასეთ დროს კი საათი პათოგენების სასარგებლოდ წიკწიკებს. თუ ვირუსი ან ბაქტერია საკმარისად აგრესიული იქნება, მან, შესაძლოა, დიდი ზიანის მოყენება მანამდე მოასწროს, სანამ ორგანიზმი მის წინააღმდეგ სპეციალიზირებული უჯრედების არმიას შექმნის.

შეიძლება გაგიჩნდეთ ერთი იდეა. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ამ აგრესიული პათოგენების მიმართ საკუთარი იმუნიტეტის "გაწრთვნა" წინასწარ შეგვეძლოს! ასეთ შემთხვევაში, პათოგენს, შემოჭრისას ორგანიზმში უჯრედების მთელი არმია დახვდებოდა, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა გაანადგურონ ის.

საქმე ისაა, რომ ადამიანებს იმუნიტეტის გაწრთვნის მეთოდი უკვე გვაქვს და მას ვაქცინაცია ეწოდება.

ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის მიზანიც ამა თუ იმ პათოგენის მიმართ ორგანიზმში წინასწარი იმუნიტეტის შექმნაა. ვაქცინა, როგორც წესი, იმ პათოგენების დეაქტივირებულ და დასუსტებულ ვარიანტებს შეიცავს, რომლის მიმართაც იმუნიტეტის შექმნა გვსურს.

ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებული პათოგენები დაავადების გამოწვევას ვერ ახერხებენ, თუმცა ის, რაც მათ კარგად გამოსდით, იმუნურ სისტემაში განგაშის ატეხვაა, რის შედეგადაც ორგანიზმი მათ მიმართ სპეციალიზირებული უჯრედების წარმოქმნას იწყებს, ამას რამდენიმე დღე, ან კვირა სჭირდება. საბოლოოდ კი ორგანიზმი კონკრეტული პათოგენის მიმართ იმუნიტეტს იძენს, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგში, როდესაც ორგანიზმს თავს აღნიშნული ვირუსი თავს დაესხმება, ორგანიზმი ადაპტური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად დროს აღარ დაკარგავს და მას პირდაპირ გაანადგურებს, რის გამოც დაავადება აღარ დაგვემართება.

ვაქცინაცია რომ არა, სხვადასხვა დაავადებით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა.

გრიპის ვაქცინა

ალბათ გსმენიათ, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს არის საჭირო.

რატომ არ გვაქვს გრიპის ისეთი ვაქცინა, რომელსაც, სხვა აცრების მსგავსად, პატარაობაში ერთხელ გავიკეთებთ, შემდეგ კი ამ ვირუსის არსებობას სამუდამოდ დავივიწყებთ?

საქმე ისაა, რომ გრიპის ვირუსის უამრავი შტამი არსებობს, თანაც ისინი ცვლილებებს მუდმივად განიცდიან, ამის გამო ყოველ წელს ახალი ვაქცინის შემუშავებაა საჭირო. წლევნადელი მოქმედი ვაქცინა, მომავალ წელს ეფექტური აღარ იქნება. ორგანიზმები ევოლუციას მუდმივად განიცდიან, გამონაკლისი არც გრიპის ვირუსია.

იმის გარკვევა, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა, როგორც წესი, გრიპის სეზონის დასრულების შემდეგ ხდება.

გრიპის ვაქცინის ეფექტურობა აშშ-ში

გრიპის ვაქცინის ეფექტურობა აშშ-ში

მეცნიერები ყოველ წელს ცდილობენ, რომ წინასწარ ივარაუდონ, თუ ვირუსის რომელი შტამი იქნება წელს "პოპულარული", გრიპის ვაქცინებიც ამის მიხედვით იქმნება. ვაქცინის წარმოების პროცესი თებერვალში იწყება, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინების შესაქმნელად გრიპის ვირუსის შტამების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც ზემოთ ხედავთ, ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ვაქცინა გრიპის განვითარების შანსს საშუალოდ 40-60 პროცენტით ამცირებს. ეს მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე სიმპტომებს, გაცდენილ სამუშაო დღეებსა და შესაძლო გართულებებს, რომლებიც გრიპს ახლავს ხოლმე, 40-60 პროცენტიანი ეფექტურობა საკმაოდ ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კონკრეტული ალერგიული შემთხვევების გარდა, გრიპის ვაქცინა უკიდურესად უსაფრთხოა. ვაქცინაციის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც თავს იშვიათად იჩენს) მსუბუქია და ის უმეტესად რამდენიმედღიანი სურდოთი და ყელის ტკივილით შემოიფარგლება, რაც არაფერია იმასთან შედარებით, რაც გრიპის ეპიდემიამ შეიძლება გამოიწვიოს.

საზოგადოებაში გავრცელებულია უამრავი მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ვაქცინები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა ეს მოსაზრება კვლევებით არ დასტურდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, უმჯობესია, რომ გრიპის ვაქცინა ექვს თვემდე ასაკის ბავშვების გარდა ყველამ გაიკეთოს.

უკვე 50 წელიწადზე მეტია, რაც გრიპის ვაქცინას ასეულობით მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, ყოველგვარი გართულებების გარეშე იკეთებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ გრიპის ვაქცინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსული ქალებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, მოხუცებისთვის, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის და 6-დან 59 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის არის.

გრიპის უნივერსალური ვაქცინა

გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს უამრავი ლაბორატორია მუშობს. ასეთ ვაქცინას ეფექტურობა გრიპის ვირუსის ყველა ქვეტიპის მიმართ ექნება, შესაბამისად მისი ყოველწლიურად გაკეთება საჭირო აღარ იქნება.

ადაპტური იმუნური სისტემის უჯრედებს, როგორც ვთქვით, მაღალი სპეციფიკურობა გააჩნიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვირუსის კონკრეტული შტამის ამოცნობა ადვილად შეუძლიათ, თუმცა საკმარისია ვირუსი მცირედით შეიცვალოს, რომ იმუნური სისტემის უჯრედები "ბრმავდებიან" და ვირუსს ვეღარ ცნობენ.

მეცნერები ცდილობენ, რომ ვირუსში იპოვონ ისეთ ელემენტი, რომელიც გრიპის ყველა შტამისათვის საერთოა, შემდეგ კი ვაქცინაციით იმუნური სისტემის უჯრედებს ამ ელემენტის ამოცნობა და მისი განადგურება ასწავლონ. ასეთ შემთხვევაში, ვირუსის სხვადასხვა კომპონენტები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მანამ, სანამ ვირუსს ის ერთი კომპონენტი ექნება, რომლის ჩანაცვლებასაც ვირუსი ვერ ახერხებს, იმუნური სისტემა მას ყოველთვის ამოიცნობს.

ვირუსებსა და ადამიანებს შორის ბრძოლა დედამიწაზე მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩვენ გავჩდნით, თუმცა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ჩვენ ახლა მათ დამარცხებასთან, შესაძლოა, ისე ახლოს ვიყოთ, როგორც არასდროს.