რას ამბობდა ბერტრან რასელი მოცალეობაზე და რატომ არის მისი იდეები აქტუალური დღეს
მაკ ჰეივორდი, ფილოსოფიის ლექტორი შიფილდის უნივერსიტეტში, შრომისა და მოცალეობის თვითღირებულებებზე ბერტრან რასელის შეხედულებებზე დაყრდნობით მსჯელობს და ხსნის, პანდემიის დასრულების მერე რომელი იდეალების გადაფასება დაეხმარება კაცობრიობას ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევაში.
საზოგადოდ, მოცალეობას მანკიერებად განვიხილავთ — ისეთ რამედ, რისიც უნდა გრცხვენოდეს. მაგრამ როცა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, ბერტრან რასელმა 1932 წელს დიდი დეპრესიის პიკში დაწერა "ქებათა ქება მოცალეობას", მაშინ ეს მდგომარეობა შეუქცევადი რეალობა იყო მილიონობით ადამიანისთვის, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. რასელმა გაიაზრა, რომ საზოგადოებას, რომლის ნაწილიც თავად იყო, არა მხოლოდ მასობრივი უმუშევრობის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევა, არამედ, ზოგადად, მუშაობისა და დასვენების იდეების სრული გადაფასება სჭირდებოდა.
რასელი ფიქრობდა, რომ არა მხოლოდ იმ ეკონომიკური სისტემის რეფორმირება იყო აუცილებელი, რომელიც ზოგს არაადამიანურ შრომას აიძულებს, ზოგს კი საერთოდ უმუშევრად ტოვებს, არამედ ასევე საჭიროა, შევცვალოთ კულტურული ეთიკა და გავიაზროთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ვართ, ვიდრე "ეკონომიკურად პროდუქტიული" შრომისთვის საჭირო უნარები; რომ ადამიანები უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მშრომელი არსებები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ დავაფასოთ მოცალეობა.
რასელის მოწოდებები საოცრად რელევანტურია დღეს, როცა მთელ მსოფლიოში კიდევ ერთ დიდ რეცესიას ველით. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში მილიონობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამუშაო. ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგია განვითარებას განაგრძობს, პანდემიისას დაკარგული ზოგიერთი სამუშაო ადამიანებს, შესაძლოა, არც არასდროს დაუბრუნდეთ.
დღეს პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელთა ნაწილი მასობრივი სიღარიბის აღმოფხვრის პრევენციის გზად საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეას განიხილავს. მაგრამ როგორც კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შვებულებით სახლში გამოკეტილებმა გამოსცადეს, ცხოვრება სამსახურის გარეშე გარანტირებული შემოსავლის პირობებშიც კი საკმაოდ გაუსაძლისია. საინტერესოა, გვემუქრება თუ არა ნაკლებად საინტერესო ცხოვრება უსამსახურო მომავლის შემთხვევაში?
1930 წელს ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინსიმ ივარაუდა, რომ ნახევარ საუკუნეში გაზრდილი პროდუქტიულობა განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების ღირსეული პირობების შენარჩუნებას კვირაში მხოლოდ 15 საათის მუშაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელს გახდიდა. თუკი დღეს ეს პროგნოზი სასაცილოდ ჟღერს, რასელმა მისი წარუმატებლობის მიზეზების განჭვრეტა შეძლო.
ადამ სმიტის ხრახნის დამამზადებელი ფაბრიკის ცნობილი მაგალითის გამოყენებით შრომის დანაწილების პრინციპის ასახსნელად რასელმა დაუშვა ახალი ტექნოლოგიის არსებობა, რომელიც გაანახევრებდა ერთი ხრახნის დასამზადებლად საჭირო დროს. თუმცა, საინტერსოა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხრახნის ბაზარი უკვე შევსებული იქნებოდა?
რასელის შეფასებით, ჯანსაღ სამყაროში ქარხანა, უბრალოდ, გაანახევრებდა სამუშაო საათებს, მაგრამ უცვლელად დატოვებდა ხელფასებს, რაც ერთიორად გაზრდიდა მშრომელების იმ დროს, რომელსაც მოცალეობის საყვარელ საქმიანობებს დაუთმობდნენ. თუმცა რასელისვე დაკვირვებით, ასე თითქმის არასდროს ხდება. ჩვენს რეალობაში ქარხნის მფლობელი ახალ პირობებს მოერგება, მომუშავეების ნახევარს დაიტოვებს იმავე რაოდენობის საათებზე, ხოლო დანარჩენებს გაათავისუფლებს. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიური განვითარების მიერ მოტანილი შესაძლებლობის შედეგად გაიზრდება არა მომუშავეების თავისუფალი დრო, არამედ ქარხნის მფლობელის პირადი მოგება. ამის გარდა, ადამიანების ნაწილი უმუშევარი დარჩება, ხოლო ნაწილს გაცილებით მძიმე სამუშაო რეჟიმზე მოუწევს გადასვლა.
ნახევარი საუკუნის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასელის წინასწარმეტყველება ახდა. ტექნოლოგიურ გარღვევებს შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვის ზრდა მოაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმუშევრობა კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება, იმავე შემოსავლის შესანარჩუნებლად უფრო ნაკლები მუშაობის ნაცვლად, მატერიალური სიკეთეების მიერ მოტანილი მცირე სიამოვნების მისაღებად ადამიანებს გაცილებით მეტი შრომა მოუწევთ. ყოველწლიურად ჩვენ ვხარჯავთ მილიონებს ტანსაცმელში, ძველ გაჯეტებში, გამოყენებულ მანქანებში. და მაინც, რატომ არ გვაქვს უფრო მეტი თავისუფალი დრო?
რასელი გამოსავალს არა მხოლოდ ეკონომიკურსა და პოლიტიკურში, არამედ მორალურსა და კულტურულ ცვლილებაში ხედავდა. კეინსის იდეა 15-საათიანი სამუშაო კვირის შესახებ დღეს წარმოუდგენლად იმიტომ ეჩვენებათ ადამიანებს, რომ თანამედროვე საზოგადოებამ მემკვიდრეობად მიიღო ეთიკა, რომელიც ადიდებს მუშაობას — ეკონომიკურად სასარგებლო შრომას — და მას ცხოვრების არსად მიიჩნევს. კარგად ყოფნა ბევრ მუშაობას ნიშნავს, საკუთარ თავს კი სწორედ ამ სამუშაო საათების მიხედვით ვაფასებთ — იმის მიუხედავად, რომ, ძირითადად, ანაზღაურებადი სამუშაო რუტინული და უსიამოვნოა.
რასელი წერდა, რომ ზემოხსენებული ეთიკა თავდაპირველად სოციალური კონტროლის ინსტრუმენტსა და ფარისევლურ დოქტრინას წარმოადგენდა, რომელიც თავნება არისტოკრატებისა თუ მონათმფლობელების მიერ იყო შექმნილი და გამყარებული, რათა გაემართლებინათ მუშათა კლასის ჩაგვრა, რომლის შრომაზეც თავად იყვნენ დამოკიდებული. რასელი ფიქრობდა, რომ სანამ ამ იდეალისგან არ გავთავისუფლდებით, ვერასდროს გამოვიყენებთ იმ სარგებელს, რომელსაც ტექნოლოგიური პროგრესი გვთავაზობს, ვერასდროს დავაფასებთ მოცალეობის ღირებულებას.
თუმცა როგორც კარანტინის გამოცდილებამ გვაჩვენა, ჭარბი დასვენება არც ისე მარტივი რამ არის. თვეებად გადაქცეულმა კვირებმა, პიჟამოებში გამოწყობილებს, ნეთქფლიქსის ყურებისა და ტვიტერის სქროლვის სიამოვნებაც გაგვიუფერულა.
ხანგრძლივი უსაქმურობისას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებული დროც კი (რეალური თუ ვირტუალური) ფერმკრთალდება — ესეც უკანასკნელმა თვითიზოლაციის გამოცდილებამ დაგვანახვა — რადგან რაღაც დროის შემდეგ აღმოაჩენ, რომ სალაპარაკო გამოილია. ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ღირებულია, თუმცა ისინიც სხვა ღირებული საქმიანობის გარშემო უნდა იყოს აგებული. მაშინ, როგორ უნდა ვიპოვოთ ღირებულება მოცალეობაში?
პირველი ნაბიჯი განათლების სფეროში უნდა გადაიდგას. სკოლები და უნივერსიტეტები მხოლოდ იმიტომ არ გვჭირდება, რომ ისინი სამუშაოსთვის გვამზადებენ. მათ მოცალეობისთვისაც უნდა მოგვამზადონ. ხელოვნება, ჰუმანიტარული თუ წმინდა მეცნიერებები თავისთავად, ხშირად უსარგებლოდ მიიჩნევა. მაგრამ იმას, ვინც ფიზიკასა თუ ფილოსოფიას წმინდა ინტერესის გამო კითხულობს, ვინც ხატავს ან ინსტრუმენტზე უკრავს, ვინც რომანებს წერს ან ფილმებს იღებს, მას ღირებულების პოვნა სამსახურის გარეთაც შეუძლია. რასელი ამტკიცებდა, რომ განათლების უმთავრესი მიზანი ადამიანების იმ უნარებით, ცოდნითა თუ ჩვევებით გამდიდრებაა, რომლებიც მათ შემოქმედებითი მოცალეობით ტკბობაში დაეხმარება. ეს თავის მხრივ ცვლილებას მოითხოვს: უმაღლესი განათლება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, ხოლო სკოლებისა და უნივერსიტეტების კურიკულუმებმა ისეთივე აქცენტი უნდა გააკეთონ შემოქმედებით საქმიანობასა და წმინდა ინტერესის დაკმაყოფილებაზე, როგორც დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ეს შეიძლება იდეალისტურად ჟღერდეს. საქმე ის არის, რომ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს გამუდმებით სთხოვენ, დაამტკიცონ თავიანთი დიპლომების ეკონომიკური ღირებულება. ეს ჩვენი საზოგადოების სხვა მანკიერებას წარმოაჩენს: დაშვება, რომ ყველანაირი ღირებულება აუცილებლად ფულში უნდა გაიზომოს, შრომის კულტის უბრალო შემავსებელია.
მიმდინარე კრიზისმა ამ იდეას ერთი მიმართულებით მაინც გამოუთხარა ძირი: ჩვენ გავიაზრეთ, რომ ეკონომიკური დარტყმის მიღება ღირს იმად, რომ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა. ბოლოსდაბოლოს, ფულიც ხომ ამისთვის გვინდა? ეკონომიკური ნაწარმი საშუალებაა და არა მიზანი, ჯანმრთელობა კი თავისთავადი ღირებულებაა. და თუკი ჯანმრთელობას თავისთავად ვაფასებთ, რატომ არ უნდა ვაღიაროთ სწავლაც თავისთავად ღირებულებად?
სკოლებში ბავშვებს სპორტს ასწავლიან და, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა არ გახდება პროფესიონალი სპორტსმენი, ჩვენ ამას უაზრობად და გამოუსადეგარ საქმედ არ მივიჩნევთ. ჩვენ ასევე არ მოვითხოვთ, რომ სკოლები სპორტის სწავლებისას მხოლოდ იმ უნარების განვითარებაზე კონცენტრირდნენ, რომლებიც სამუშაო ბაზარზე იქნება გამოსადეგი.
სპორტის სწავლება ღირებულია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ იგი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, ხოლო, მეორე მხრივ, იმიტომაც, რომ, როგორც წესი, თავად პროცესი ადამიანს სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს. თუ ვაღიარებთ იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობა წახალისებული უნდა იყოს, ხოლო ფიზიკური აქტივობა, თამაში თავისთავადი ღირებულებაა, მაშინ რატომ არ ვაღიარებთ იმავეს გონებრივი თამაშების, გონებრივი ვარჯიშის შემთხვევაში?
საზოგადოება, რომელიც რასელმა წარმოგვიდგინა; საზოგადოება, რომელიც აზრიან მოცალეობაში დებს თავის რესურსებს, ნამდვილად რევოლუციურია — არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ეკონომიკური სტრუქტურებია რეფორმირებული, არამედ იმიტომაც, რომ მან შეცვალა ის მიმართება, რომლითაც იაზრებს და აფასებს საკუთარ თავს.
ჩვენ ქვეყნების წარმატებას მშპ-ის რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. მაგალითად, ერთ საზოგადოებას შედარებით წარუმატებლად მივიჩნევთ იმ შემთხვევაში, თუ მისი წარმომადგენლები მეზობლებზე 1000 ფუნტი სტერლინგით ნაკლებს გამოიმუშავებენ, მაშინაც კი, თუ მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ, უფრო მეტი დრო დაუთმეს სპორტს, სეირნობას, კითხვას, მუსიკის მოსმენას, ხატვას. საქმე ის არის, რომ ჩვენ არავინ გვაიძულებს, ასე ვიფიქროთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მივყვებით რასელის რჩევას და ვისწავლით მოცალეობით ტკბობას.
კომენტარები