მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების შესახებ ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, ერთი ცენტრალური კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება: რა არის ცნობიერების ფუნქცია? საერთოდ რატომ განვითარდა ის ევოლუციის პროცესში?

ამ კითხვებზე პასუხები გადამწყვეტია იმის გასაგებად, თუ რატომ გახდა ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, ჩვენი) ცნობიერი, მაშინ როცა სხვა სახეობებს (მაგალითად, მუხის ხეები) ეს არ გააჩნია. გარდა ამისა, ფრინველების ტვინებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ევოლუციას შეუძლია ცნობიერებამდე "მივიდეს" და ეს განსხვავებული ტვინის სტრუქტურების მეშვეობით — განსხვავებული სტრუქტურების მიუხედავად.

ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა, პროფესორ ალბერტ ნევენისა და ონურ გიუნთურქიუნის ხელმძღვანელობით, ამ თემაზე ნაშრომი ჟურნალ Philosophical Transactions of the Royal Society B-ში გამოაქვეყნა.

სიამოვნებისა და ტკივილის ფუნქციები?

ცნობიერი გამოცდილება ჩვენი ცხოვრების არსს ქმნის — ხშირად დადებითი შეგრძნებების მეშვეობით: ვგრძნობთ მზის სითბოს კანზე, გვესმის ფრინველების ჭიკჭიკი, ვტკბებით მომენტით. მეორე მხრივ, ხშირად ტკივილსაც განვიცდით: ვგრძნობთ, როგორ გვტკივა მუხლი კიბეებზე დაცემის შემდეგ, ვიტანჯებით იმის გამო, რომ ყოველთვის პესიმისტურად ვართ განწყობილი. ჩნდება შეკითხვა, რატომ გაგვიჩნდა როგორც სასიამოვნო შეგრძნებები, ისე ტკივილის აღქმა?

ალბერტ ნევენი და კარლოს მონტემაიორი ცნობიერების სამ ტიპს გამოყოფენ, თითოეულს განსხვავებული ფუნქციით: ბაზისური აღგზნება, ზოგადი სიფხიზლე (რეაგირების უნარი) და რეფლექსური ცნობიერება (საკუთარი თავის აღქმა).

"ევოლუციურად, ბაზისური აღგზნების მთავარი ფუნქცია სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში სხეულის დაძაბულ მდგომარეობაში გადაყვანაა. ამით სხეული გადარჩენისთვის იბრძოლებს. ამის ფონზე, ტკივილი სხეულისთვის ზიანის აღქმის ეფექტიანი საშუალებაა.", — ხსნის ნევენი.

ევოლუციის მეორე საფეხური ზოგადი სიფხიზლის განვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას ვკონცენტრირდეთ ერთ საგანზე მრავალფეროვანი ინფორმაციის ერთდროული ნაკადის დროს. მაგალითად, როდესაც ადამიანი გვესაუბრება და ამ დროს კვამლს ვამჩნევთ, შეგვიძლია მხოლოდ კვამლზე ვკონცენტრირდეთ. შეიძლება ჩვენი თანამოსაუბრე საუბარს აგრძელებდეს, მაგრამ ამ დროს ჩვენი ტვინი კვამლის კვალის ძიებას იწყებს.

"ეს ახალი კორელაციების სწავლის საშუალებას გვაძლევს. პირველად მარტივი, მიზეზობრივი კორელაციების გააზრებით — მაგალითად, კვამლი ცეცხლიდან მოდის — ვიაზრებთ, სად არის ცეცხლი. მეორე მხრივ, მიზანმიმართული სიფხიზლეც გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ რთული, სამეცნიერო კორელაციები", — ამბობს კარლოს მონტემაიორი.

გონებრივად უფრო განვითარებულმა არსებებმა, შემდეგი საფეხურის სახით, გამოვიმუშავეთ რეფლექსური (თვით) ცნობიერება. მის რთულ ფორმებში (ადამიანის შემთხვევაში) სიცოცხლეს შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ თავზე, წარსულზე და მომავალზე. შედეგად, შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი თავის სურათი და შევიტანოთ ის ჩვენს გეგმებში.

"რეფლექსური ცნობიერება, თავის მარტივ ფორმებში, ცნობიერების ორ ძირითად ფორმასთან ერთად განვითარდა. ასეთი შემთხვევებში ცნობიერი გამოცდილება მარტო გარემოს აღქმაზე კონცენტრირებული აღარაა — ის საკუთარ თავზე არსებული ასპექტების ცნობიერ აღრიცხვასაც იწყებს", — ხსნის ნევენი.

ეს მოიცავს საკუთარ აღქმას, შეგრძნებებს, აზრებსა და მოქმედებებს. ერთი მარტივი მაგალითისთვის, საკუთარი თავის სარკეში აღქმა რეფლექსური ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

ბავშვებს ეს უნარი დაახლოებით 18 თვის ასაკში უვითარდებათ. ზოგიერთი ცხოველის შემთხვევაშიც, მსგავსი უნარები შეინიშნება. მაგალითად, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ შიმპანზეებსა და დელფინებს მსგავსი მახასიათებლები ნაწილობრივ გააჩნიათ.

რას აღიქვამენ ფრინველები?

ჯანმარკო მალდარელი და ონურ გიუნთურკიუნი თავის სტატიაში აღნიშნავენ, რომ ფრინველებს, შესაძლოა, ცნობიერი აღქმის საწყისი ფორმები გააჩნდეთ. მკვლევრები ხაზს უსვამენ სამ მთავარ სფეროს, სადაც ფრინველები ძუძუმწოვრების ცნობიერ გამოცდილებასთან განსაკუთრებულ მსგავსებას აჩვენებენ: სენსორული ცნობიერება, ნეირობიოლოგიური საფუძვლები და თვითშეგნების გამოვლინებები.

სენსორული ცნობიერების კვლევები აჩვენებს, რომ ფრინველები არამხოლოდ ავტომატურად ამუშავებენ სტიმულებს, არამედ სუბიექტურად აღიქვამენ მათ. მაგალითად, როდესაც მტრედები გაურკვეველ ვიზუალურ სტიმულებს ხვდებიან, ისინი სხვადასხვა ინტერპრეტაციებს შორის მერყეობენ, ადამიანების მსგავსად.

ყვავებმა ასევე აჩვენეს, რომ აქვთ ნერვული სიგნალები, რომლებიც არ ასახავს მხოლოდ სტიმულზე რეაგირებს, არამედ ცხოველის სუბიექტურ აღქმასთანაა დაკავშირებული.

მეტიც, ფრინველების ტვინები შეიცავს ფუნქციურ სტრუქტურებს, რომლებიც შეესაბამება ცნობიერი დამუშავების თეორიულ მოთხოვნებს, მიუხედავად მათი ტვინის განსხვავებული სტრუქტურისა.

უახლესი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ფრინველებს, შესაძლოა, გააჩნდეთ სხვადასხვა ტიპის თვითაღქმა. მაგალითად, როგორც წესი, ყვავები "სარკის ტესტს" თავს ართმევენ. მეტიც, მტრედები და ქათმებიც კი, სარკის მიმართ გარკვეულ წილად რეაგირებენ.

მკვლევრების თქმით, ცნობიერება ევოლუციურად უფრო ძველი და ფართოდ გავრცელებული ფენომენია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ფრინველების მაგალითიდან ჩანს, რომ ცნობიერის ნიმუშები შესაძლებელია თავის ტვინის ქერქის გარეშეც არსებობდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.