Facebook-ზე ბმულების გაზიარება შეიძლება ფასიანი გახდეს? — ვის ეხება პოტენციური შეზღუდვა
ფოტო: Justin Sullivan/Getty Images
Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია, ახალ სქემას ტესტავს. ტესტირების ფარგლებში ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. სხვა სიტყვებით, მომხმარებელს ფეისბუკის ფასიანი ვერსია — Meta Verified — უნდა ჰქონდეს გამოწერილი, რომ ორზე მეტი ბმულის გაზიარება შეძლოს.
მეთ ნავარამ, სოციალური მედიის კონსულტანტმა,ეკრანის ანაბეჭდი ("სკრინშოტი") გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ ორგანულ პოსტში შეძლებს ბმულების გაზიარებას".
Meta-ს წარმომადგენელმა Engadget-თან და სხვა მედიებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ეს ტესტირება ნამდვილად მიმდინარეობს. დაუზუსტებელია, რამდენ კრეატორსა თუ გვერდზე ამოქმედდა ეს შეზღუდვა, თუმცა ცნობილია, რომ ტესტირება "პროფესიონალური რეჟიმის" მქონე პროფილებზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით შეზღუდვა გამომცემლობებზე (მათ შორის, არც ჩვენზე) არ ამოქმედებულა.
"ეს ლიმიტირებული ტესტია იმის გასაგებად, მოიტანს თუ არა დამატებით სარგებელს Meta Verified-ის გამომწერებისთვის შესაძლებლობა, რომ ბმულის შემცველი მეტი პოსტი გააზიარონ", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
Meta არ აღიარებს, რომ ტესტი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა კომპანიისთვის ეს შესამჩნევი ცვლილებაა. Facebook-ს არაერთი კრეატორი თუ ბიზნესი ეყრდნობა, რომ საკუთარი ვებსაიტი ხალხს მიაწვდინოს, ამიტომ მათთვის შეიძლება სიახლე დამაზიანებელი აღმოჩნდეს — თუ, რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ეს მართლაც დაინერგა ტესტირების შემდეგ. ცნობისთვის, Meta Verified-ის საწყისი ფასი თვეში $14.99-ია.

კომენტარები