მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
ფოტო: Getty / Futurism
ბერმუდის სამკუთხედი საკმაოდ საინტერესო რეგიონია, რომელიც ბერმუდას, ბაჰამისა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს. ის მრავალი ურბანული ლეგენდის ობიექტი გახდა. ლეგენდების თანახმად, აქ გემები უჩინარდებოდა და მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავებიც კი დაიკარგა. ამ ლეგენდებს კიდევ უფრო უცნაური მითები კვებავს — ბევრს სჯერა, რომ ამის მიზეზი ატლანტიდის "უძველესი ცივილიზაციის" ტექნოლოგიაა. ამ გამოგონილი ისტორიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგია სწორედ ბერმუდის სამკუთხედის ფსკერის ქვეშაა.
ასევე: ბოლო 40 წელში ბერმუდის მიმდებარედ ოკეანე საგრძნობლად შეიცვალა
და, აი, ახლა ლეგენდარული ქალაქის ნაშთების ნაცვლად, გეოლოგებმა სრულიად განსხვავებული აღმოჩენა გააკეთეს. მათ ჩრდილო ატლანტიკის შუაგულში მდებარე ბერმუდის არქიპელაგის შესწავლისას 20 კილომეტრის სისქის კლდის ფენა აღმოაჩინეს.
კვლევის ავტორები კარნეგის უნივერსიტეტის სეისმოლოგი უილიამ ფრეზერი და იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი პარკი არიან. მათი ნაშრომი ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
"როგორც წესი, ოკეანის ქერქის ქვედა შრე პირდაპირ მანტიასთან იკვეთება — დედამიწის ღრმა ფენაზე. ბერმუდის შემთხვევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოკლე 'მესამე ფენა', რომელიც ოკეანის ქერქის ქვეშ არის მოთავსებული, პირდაპირ იმ ტექტონიკურ ფლანგზე, რომელზეც ბერმუდა მდებარეობს", — განუცხადა ფრეიზერმა Live Science-ს.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს უზარმაზარი სტრუქტურა ძალიან ძველია. შესაძლოა, ის ბოლო დიდი ვულკანური ამოფრქვევისას, 31 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. სწორედ ამ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად შეიძლება მომხვდარიყო მანტიის ქანები ოკეანის ქერქში. საბოლოოდ, ამას ოკეანის ფსკერი 500 მეტრით უნდა აეწია.
ეს მცურავი "ტალღა" ათობით მილიონი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ არ ჩაცხრა, რაც საიდუმლოა, რომლის ამოხსნასაც ფრეიზერი და პარკი ცდილობდნენ.
მათ ბერმუდის კუნძულებზე შეგროვებული სეისმური მონაცემები გააანალიზეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს "სქელი, ქერქის ქვემოთ მოთავსებული ფენა, რომელიც შეიცვალა ლითოსფეროს მანტიის გავლენით".
მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც სუპერკონტინენტის, პანგეას, ნაწილი იყო, რომელიც ასობით მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანეების მრავალი სხვა კუნძულოვანი ჯაჭვი ვულკანური კერების შედეგია. ამის ფონზე, ახალი აღმოჩენა ორმაგად საინტერესოა.
ფრეიზერი ახლა სხვა კუნძულებსაც იკვლევს, რათა გაარკვიოს, იმალება თუ არა მათ ძირშიც მსგავსი სტრუქტურები.
კომენტარები