კანადაში ჩატარებულმა მასშტაბურმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ორსულებისთვის ოპტიმალური და მეცნიერულად გამართლებული გადაწყვეტილებაა. კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინაცია არა მხოლოდ დედის ჯანმრთელობისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც სასარგებლოა.

კვლევა 2021 წლის 5 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე აღწერილ შემთხვევებს მოიცავს. ამ პერიოდში უფრო მეტად პანდემიის "დელტა" და "ომიკრონ" ვარიანტები დომინირებდა. მონაცემები კანადის სხვადასხვა პროვინციაში შეგროვდა, რაც კვლევას გეოგრაფიულად და პოპულაციურად უფრო ფართოს ხდის.

ფოტო: ucsf.edu

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი დებორა მანი ამბობს, რომ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხო და ეფექტიანია. მისი შეფასებით, ვაქცინაცია ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობის გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. საინტერესოა, რომ ეს დამცავი ეფექტი ვირუსის ევოლუციასთან ერთად ნარჩუნდება.

სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რისკი დაახლოებით 60%-ით, ხოლო ინტენსიური თერაპიის საჭიროება დაახლოებით 90%-ით ნაკლები იყო. აღნიშნულ ფაქტორებზე ასაკი ან თანმხლები ქრონიკული დაავადებები გავლენას არ ახდენდა. ამასთანავე, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები არავაქცინირებულ ჯგუფში უფრო ხშირი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დამცავი ეფექტი ყველაზე მკაფიოდ იმ ორსულებში გამოვლინდა, რომლებმაც ვაქცინა უშუალოდ ორსულობის პერიოდში გაიკეთეს.

კვლევის თანაავტორის, დოქტორი ელისაბედ მაკლიმონტის თქმით, ვაქცინაციისთვის "არასასურველი დრო" პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ორსულობისას იმუნიზაციას დამატებითი სარგებელი მოაქვს.

მსოფლიოში ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკა და რეკომენდაციები ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ის ვაქცინის რეკომენდებული ვაქცინაციის კალენდრიდან ამოღებას საზოგადოებრივი დისკუსია და სამართლებრივი დავაც კი მოჰყვა. წამყვანი სამედიცინო და პროფესიული ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

კვლევა ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.