მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს
ფოტო: NASA
ასტრონომებმა მთვარის ზედაპირზე მოულოდნელი და ინტენსიური ნათება დააფიქსირეს, რომელიც კოსმოსური ობიექტის შეჯახებით იყო გამოწვეული. ამჟამად, მეცნიერები მოვლენას დეტალურად იკვლევენ, მაგრამ წინასწარი შეფასებით, ის შეიძლება დედამიწასთან ახლოს მოძრავ სხეულებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო კოსმოსურ წყაროს უკავშირდებოდეს. შეჯახება 2025 წლის 12 დეკემბერს, ზუსტად 03:09 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე არმას ობსერვატორიისა და პლანეტარიუმის რობოტულმა ტელესკოპმა დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ ამ მოვლენას არმას სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ენდრიუ მარშალ-ლი რეალურ დროში აკვირდებოდა. მისი თქმით, მსგავსი ფენომენის დაფიქსირება უკიდურესად იშვიათია და, შესაძლოა, მრავალი წლის დაკვირვების შემთხვევაშიც კი აღარ განმეორდეს. აღმოჩენის რეალურ დროში გაკეთებამ მკვლევარს მონაცემთა ხანგრძლივი დამუშავების თავიდან აცილებისა და ანალიზის დაუყოვნებლივ დაწყების საშუალება მისცა.
დაფიქსირებული ნათება მცირე ზომის ობიექტის მთვარის ზედაპირთან შეჯახებით იყო გამოწვეული. წინასწარი შეფასებით, ობიექტის ზომა გოლფის ბურთზე დიდი არ უნდა ყოფილიყო. შეჯახების მომენტში მისი კინეტიკური ენერგია მყისიერად სითბოდ გარდაიქმნა, რამაც ხანმოკლე ნათება წარმოქმნა. ამ მოვლენის დაფიქსირება დედამიწიდან სპეციალური ტელესკოპის მეშვეობით მოხერხდა.
მარშალ-ლის განმარტებით, მსგავსი მეტეოროიდების დიამეტრი 3–5 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ მათი სიჩქარე წამში დაახლოებით 35 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ციური სხეული ლანგრენუსის კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოვარდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი მოვლენების დაფიქსირება ძალზე იშვიათია, რადგან წარმოქმნილი ნათება უკიდურესად სუსტია და მხოლოდ წამის მეასედი გრძელდება.
მკვლევართა შეფასებით, აღნიშნული შეჯახება დიდი ალბათობით გემინიდების მეტეორულ ნაკადს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 4-დან 20 დეკემბრამდე აქტიურდება ხოლმე. ეს ნაკადი 3200 Phaeton-ის მიერ დატოვებული ნამსხვრევებისგან წარმოიქმნება. ესაა ციური სხეული, რომელიც თავისი ფიზიკური მახასიათებლების გამო კლასიკურ ასტეროიდებსა და კომეტებს შორის გარდამავალ ობიექტად მიიჩნევა.
დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას ამ ნაკადის ნაწილაკები ჰაერშივე იწვის. იმის გამო, რომ მთვარეს ატმოსფერო პრაქტიკულად არ აქვს, ეს კოსმოსური ნამსხვრევები პირდაპირ მის ზედაპირს ეჯახება. გემინიდების აქტივობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, ამიტომ მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მთვარის ზედაპირზე მსგავსი შეჯახებები უახლოეს პერიოდში კვლავ დაფიქსირდეს.


კომენტარები