ჩინეთის დიდი კედლის შესწავლისას, არქეოლოგები კვლავ აგრძელებენ იმ ისტორიული რეალობის გამოვლენას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მასიურ სტრუქტურაში იმალებოდა. ძიანკოუს მონაკვეთზე ჩატარებულმა უახლესმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მინის დინასტიის სამხედრო, ტექნოლოგიური და სოციალური ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.

კედლის რესტავრაციამ მკვლევრებს სამი საგუშაგო კოშკისა და მათი დამაკავშირებელი კედლის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. ამის შედეგად, მეცნიერებმა გამოავლინეს არტეფაქტები, რომლებიც ძველი ჩინეთის თავდაცვით სტრატეგიასა და ჯარისკაცების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს.

ფოტო: Chen Xi/GT

პეკინის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, შანგ ჰენგის განცხადებით, აღმოჩენილ მასალებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 1632 წლით დათარიღებული ზარბაზანია. მასზე არსებული წარწერა მინის ეპოქის სამხედრო ტექნოლოგიების სიღრმისეული ანალიზის საშუალებას გვაძლევს.

დაახლოებით 112-კილოგრამიანი იარაღი აშკარად ევროპული "წითელმუნდირიანი ზარბაზნების" მსგავსია, რაც ჩინურ და დასავლურ სამხედრო ტექნოლოგიებს შორის არსებული ურთიერთგავლენის მნიშვნელოვან ფიზიკურ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მინის დინასტიის სამხედრო სისტემა იზოლირებული არ ყოფილა და უცხოურ ტექნოლოგიურ გავლენას აქტიურად განიცდიდა.

სამხედრო დანიშნულების არტეფაქტებთან ერთად მეცნიერებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი სივრცეებიც იპოვეს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ თავდაცვითი ნაგებობა, არამედ ადამიანებით სავსე სამუშაო და საცხოვრებელი გარემოც იყო.

მეცნიერებისთვის კედლის მშენებლობის ტექნოლოგიის შესწავლაც საინტერესო აღმოჩნდა. არქეოლოგებმა იპოვეს აგურები წარწერებით, რომლებმაც მკვლევრებს მინის ეპოქის აგურის გამოსაწვავი საამქროების ორგანიზების შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენები შეუცვალა. ასევე მათ დეტალურად გააანალიზეს კირის დუღაბიც, რომელშიც სიმტკიცის გასაზრდელად მცენარეულ ბოჭკოებს ამატებდნენ.

ერთ-ერთ აგურზე აღმოჩენილი წარწერა მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მშენებლის მიერ არტეფაქტზე დატოვებული იყო ფრაზა: "არაფერია ალკოჰოლისა და დარდის გარდა; სამწლიანმა შრომამ თმა გამითეთრა". ეს სიტყვები დიდ კედელზე მომუშავე ადამიანების მძიმე შრომასა და ფსიქოლოგიურად მძიმე გამოცდილებას გულწრფელად აღწერს.

ფოტო: Xinhua/Chen Yehua

ამ სურათს გათხრებისას აღმოჩენილი სხვა მასალებიც ემატება. სამკურნალო მცენარეების ნაშთები და შინაური თუ გარეული ცხოველების ძვლები იმ პერიოდის კვების რაციონისა და სამედიცინო პრაქტიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამასთანავე, მკვლევრებმა სამხედრო ნივთებთან ერთად ფირუზის 28 არტეფაქტიც იპოვეს. ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ისინი ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებიდან არის მოტანილი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მინის ეპოქის ჩინეთში ინტენსიური სავაჭრო და კულტურული კავშირები იყო განვითარებული.

მეცნიერთა შეფასებით, ეს აღმოჩენები ჩინეთის დიდ კედელს არა უბრალო მონუმენტურ თავდაცვით ნაგებობად, არამედ ცოცხალ ისტორიულ ლანდშაფტად წარმოაჩენს. აქ სამხედრო ტექნოლოგიები და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.