Airbnb-ზე თუ ოდესმე ბინა მოგიძებნიათ, შემოუთავაზებია ვინმეს ისეთი სივრცე, სადაც თამამად შეგიძლია წამოწვე დივანზე, მიირთვა პოპკორნი, დალიო გაზიანი სასმელი და მთელი ღამე უყურო ფილმებს?

თუ კი, ის მაინც არ იქნებოდა ისეთი გარემო, როგორიც აშშ-ში, ორეგონის შტატის პატარა ქალაქ ბენდში მდებარე ფილმების გაქირავების მაღაზია Blockbuster-ია: თავის დროზე ცნობილი ფილმების გაქირავების მაღაზიათა ქსელის უკანასკნელი ფილიალი, რომელიც კინომოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, 90-იანი წლების ატმოსფეროში რამდენიმე ღამე გაატარონ.

Blockbuster 90-იანებში დაფუძნებული ცნობილი ქსელია, რომელსაც 2000-იანებში უკვე მთელ მსოფლიოში 80 000-მდე მაღაზია ჰქონდა. თუმცა 2010-იან წლებში ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. მხოლოდ ქალაქ ბენდში მდებარე მაღაზია გადარჩა და ამ ფაქტის აღსანიშნავად, ასევე ადგილობრივებისთვის მადლობის სათქმელად, მაღაზიის მენეჯერი, სანდი ჰარდინგი ამ სივრცეს კინომოყვარულებს სამი ღამით უთმობს.

ფოტო: AIRBNB

Blockbuster-ის მაღაზიის დაჯავშნა 17 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი მხოლოდ შეზღუდული დღეებისთვის: 18, 19 და 20 სექტემბერს და ერთი ღამე სულ რაღაც $4 დოლარი ეღირება. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქალაქ ბენდის მკვიდრებს შეუძლიათ: მაღაზიის მენეჯერს, სანდი ჰარდინგს სურს, რომ ასე გადაუხადოს მადლობა მათ იმისთვის, რომ უკვე 20 წელია ეს სერვისი კვლავ ფუნქციონირებს მათი დახმარებით.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზებამ მთელი მსოფლიოდან მრავალი კინომოყვარულის ყურადღება მიიქცია და როგორც ჰარდინგი წერს, ზედმეტად ბევრი შეკვეთაც კი მიიღეს, რომელთაც სხვა ბიზნესების დასახმარებლად ამისამართებს.

ფოტო: AIRBNB

ფილმების საუცხოო გარემოსთან ერთად მაღაზიის სივრცე მთლიანად 90-იანების თემატიკით იქნება გაფორმებული: მოეწყობა მისაღები ოთახი კომფორტული დივნით, რომლის წინაც იმ ეპოქისთვის შესაფერისი უზარმაზარი ტელევიზორი იქნება მოთავსებული. რაც მთავარია, სწორედ ტელევიზორის წინ, ფილმების ყურების შემდეგ იქვე შეგეძლებათ დაძინება.

ფოტო: AIRBNB

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღაზიაში წარმოდგენილ ნებისმიერ ფილმს ასევე 90-იანებისთვის დამახასიათებელი ნოსტალგიური მოწყობილობის, ე.წ. "დივიდის" საშუალებით უფასოდ უყურონ, ამავდროულად კი სასუსნავებით ისიამოვნონ.

ფოტო: AIRBNB

როგორც CNN-თან ინტერვიუში მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, მას სურდა, უფრო გრანდიოზული რამ შეეთავაზებინა ადგილობრივებისთვის, თუმცა პანდემიამ შეუშალა ხელი. ამიტომაც გადაწყვიტა, უსაფრთხოების წესების დაცვით თითო ღამეს 4 წევრისგან დაკომპლექტებული ჯგუფებისთვის საშუალება მიეცა, რომ მაღაზიაში მთელი ღამე გაეტარებინათ.

"კარანტინის გამო ყველა ოჯახთან ერთად იყო ჩაკეტილი და ხელახლა გამოვცადეთ, როგორია ერთად გატარებული დრო. ახლა კი შეგიძლიათ კვლავ გამოსცადოთ, როგორი იყო 90-იან წლებში ერთად გატარებული საღამოები", — ამბობს სანდი ჰარდინგი.

საქართველოს მოქალაქეებს 90-იანების გახსენებისას ფილმების/ვიდეოების გაქირავების გარდა, ალბათ, სხვა ყველაფერი გაგვახსენდება, მაგრამ ამის გარეშეც ალბათ არაერთი კინომოყვარული გაატარებდა სწორედ ამ გარემოში თუნდაც ერთ ღამეს, რათა გაეგო, როგორი იყო პარალელური 90-იანები დედამიწის მეორე ნახევარსფეროში.