უკვდავების ისტორია — ვამპირები მსოფლიო ლიტერატურაში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ვინმეს სჯერა ვამპირების არსებობის?

ვამპირის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება ბაბილონურ ცილინდრზე.

"თუკი მსოფლიოში ვისამე შესახებ დამოწმებული ისტორია არსებობს, ეს ვამპირების ისტორიაა. მას არაფერი აკლია: ჩვენებები, გამოჩენილი ადამიანების — ქირურგების, მღვდლების, მოსამართლეების წერილები. კრიტიკული თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ამბავია. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ვინმეს სჯერა ვამპირების არსებობის? წარწყმედილები ვიქნებით ურწმუნოობის გამო?" — წერდა ფრანგი განმანათლებელი, ჟან-ჟაკ რუსო, 1764 წელს.

რუსო ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ამ სიტყვების თქმიდან სამი საუკუნის შემდეგ ვამპირული ლიტერატურა მეინსტრიმად რომ იქცეოდა. უძველესი მითოლოგიური პერსონაჟებიდან ედვარდ კალენამდე არაერთი ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ვამპირის სახე შექმნილა, თუმცა მკითხველისა და მაყურებლისთვის ჯერ კიდევ "გემრიელ ლუკმას" წარმოადგენს ისტორიები სისხლისმსმელ არსებებზე.

სანამ გამომცემლები ორიგინალურ ყდებში მოაქცევდნენ უკვდავების ისტორიებს და ისინი ბესტსელერებად იქცეოდნენ, მანამდე ეს ამბები გადმოცემების და თქმულებების სახით არსებობდა სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაში. ვამპირებს ან მათ მსგავს არსებებს თითქმის ყველა კულტურაში შეხვდებით, თუმცა თანამედროვე პოპ-კულტურაში გავრცელებული ფერმკრთალი, ალისფერთვალება პერსონაჟები მეტწილად სლავური მითოსისთვისაა დამახასიათებელი. ვამპირის სხვადასხვაგვარი სახეცვლილება დემონების და სულების სახით არსებობს აზიურ წარმოდგენებშიც.

მალაიზიური თილისმა ბაჯანგისგან — ვამპირი დემონისგან –— თავდასაცავად. მას უმეტესად ბავშვები ატარებდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, ბაჯანგი ქრცვინის სახით ჩნდებოდა და ბავშვებზე ნადირობდა.

მალაიზიური თილისმა პელესიტისგან — ვამპირული სულისგან — თავდასაცავად. პელესიტი ადამიანს უსახლდებოდა და ავადმყოფობას ან სიკვდილის იწვევდა. მას ქალები იჭერდნენ, ბოთლში ამწყვევდნენ, ხოლო შემდეგ ზაფრანიანი ბრინჯით ან მეოთხე თითიდან გამოდენილი სისხლით კვებავდნენ.

ამ სტატიაში მსოფლიოს ვამპირულ ლიტერატურაში გამორჩეულ რამდენიმე სახელს გაეცნობით. ასე რომ, აანთეთ შანდლები, კისერზე ჩამოიკიდეთ ნივრის ასხმულები და გაიგეთ, რას აკეთებენ ეს ქმნილებები სიბნელეში. გახსოვდეთ — სანამ ვამპირს სახლში არ შემოიპატიჟებთ, მისგან საფრთხე არ გემუქრებათ!

ვამპირი და კარმილა

ფოტო: Public Domain

თუ ვინმეს მერი შელის კლასიკური საშინელებათა რომანი, ფრანკენშტაინი, წაგიკითხავთ, შესაძლოა, მის შექმნასთან დაკავშირებული ისტორიაც იცოდეთ. წიგნი წვიმიან ზაფხულს შეიქმნა მაშინ, როცა მელი შელი, მისი მეუღლე — პერსი ბიში შელი, ლორდი ბაირონი და ჯონ პოლიდორი 1816 წლის წვიმიან ზაფხულს ჟენევის ტბის ნაპირზე, ვილა დიოდატიში ისვენებდნენ. თავშესაქცევად მათ შემოქმედებითი კონკურსის მოწყობა გადაწყვიტეს. სწორედ ამ კონკურსის შედეგად შეიქმნა მერი შელის ლეგენდარული ნაწარმოები, თუმცა, ბევრს ალბათ არ ეცოდინება, რომ ასევე კლასიკად ქცეული მოთხრობა, ვამპირიც (The Vampyre), ამ კონკურსისთვის დაწერა პოლიდორიმ და იგი ფრანკენშტაინის გამოცემის მომდევნო წელს, 1819 წელს, გამოქვეყნდა. თუმცა იგი მთლიანად პოლიდორის ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა. ბაირონს ეკუთვნოდა ისტორიის მონახაზი, რომელიც მან პოლიდორის მოუთხრო.

ლიტერატურულ სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ იმას, რომ პოლიდორის დაწერილ მოთხრობაში მისი და ბაირონის რთულ ურთიერთობაზე იყო საუბარი და სიუჟეტური ხაზის "მოპარვაც" პოლიდორის ერთგვარ შურისძიებას წარმოადგენდა ბაირონის გულგრილი დამოკიდებულებების გამო, რომლის მიმართაც ჯონს სიმპათიები ჰქონდა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. ამისდა მიუხედავად, დამტკიცებულია, რომ ბაირონი მოთხრობას ნამდვილად პოლიდორის ნამუშევრად მიიჩნევდა.

ნაწარმოების მთავარი გმირი და ბოროტმოქმედი — ლორდი რუთვენი — სწორედ ბაირონის პროტოტიპია.

ვამპირის პირველი გამოცემის თავფურცელი.

მოთხრობაში მოქმედება ლონდონში იწყება, სადაც მდიდარი ობოლი, ობრი, ჩამოდის. ლორდ რუთვენის გაცნობისას მას წარმოდგენაც არ აქვს, ვინ არის იგი და არც მისი ზებუნებრივი თვისებების შეტყობის შემდეგ ნებდება ვნებას.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტური თვალსაზრისით ნაწარმოები ვრცელი არაა, მან მაინც დიდი გავლენა მოახდინა ვამპირის სახის შექმნაზე, განსაკუთრებით — რომანტიკული ვამპირის.

დრაკულამდელი ვამპირიადის კიდევ ერთი გამორჩეული ტექსტი კარმილაა. მეტიც — რომან დრაკულას ავტორი, ბრემ სტოკერი თავისი საკულტო რომანის შთაგონების წყაროდ კარმილას ასახელებდა და მის ავტორს, ასევე ირლანდიელ ჯოზეფ შერიდან ლე ფანუს, უმადლოდა.

1872 წელს გამოქვეყნებული ეს მოთხრობა იმითაც გამოირჩევა, რომ მასში ეროტიკული და მისტიკური ტონები ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს. ამასთან, ცნობილმა ვამპირმა პერსონაჟმა, კარმილა კარნსტაინმა — რომელიც, გავრცელებული ინტერპრეტაციით, ავტორმა შეფარვით ლესბოსელად დახატა — არაერთი თანამედროვე წიგნის გმირის შექმნაზე მოახდინა გავლენა.

ნაწარმოების მთავარი გმირი ლორაა, რომელსაც გამუდმებით აქვს ღამეული ჩვენებები, ზმანებებში გამოჩენილი მომხიბვლელი ქალი კი ერთხელ ყელზე ერთგვარ ჩხვლეტის კვალს უტოვებს. 12 წლის შემდეგ ლორა ეტლის გადაჩეხვის დროს გადარჩენილ ქალს ხვდება, რომელსაც კარმილა ჰქვია. საინტერესო ისაა, რომ იგი საოცრად ჰგავს ლორას ადრეული ცხოვრების ლანდს, თუმცა, ამასთანავე, მას განსაცვიფრებელი მსგავსება აკავშირებს ქალის სახლში დაკიდებულ ფერწერულ ტილოსთან, რომელიც 1698 წელსაა შექმნილი და რომელზეც გრაფინია მილარკა კარნსტაინია გამოსახული. დაძაბული ამბის მთავარი "ბოროტმოქმედი" კარმილა, რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ვამპირია.

ფოტო: Tumblr

როგორც მკითხველები აღნიშნავენ, მოთხრობა საოცრად ბნელი და მისტიკური ატმოსფეროს მატარებელია, რომელიც პოეტური თხრობიდან ცოცხლდება და ვამპირების რეალურად არსებობას გაჯერებს.

დრაკულა

ფოტო: Columbia Pictures

არა მხოლოდ ვამპირულ წიგნებში, არამედ მთელ მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ალბათ დრაკულაა. მასკულტურაში ეს პერსონაჟი იმდენგვარი ვარიაციითაა წარმოდგენილი, რომ ბევრს შესაძლოა, არც ახსოვდეს სტოკერის შექმნილი გრაფის ორიგინალური სახე ან მისი რეალური პროტოტიპი.

მკითხველების ნაწილმა იცის, რომ გრაფი დრაკულას რეალური პროტოტიპი რუმინელი ვლად ცეპეში, იგივე ვლად მფატრავი იყო. მის მამას, ვლად II-ს, დრაკული ეწოდებოდა, რაც ეშმაკს ან დრაკონს აღნიშნავს. დრაკულაც, უბრალოდ, დრაკულის ვაჟს ნიშნავს.

ერთი ვერსიით, დრაკული მიანიშნებდა ან ვლად II-ის მოჭრილ ვალუტაზე, რომელზეც დრაკონი იყო გამოსახული, ან ეგრეთ წოდებულ დრაკონის ორდენზე, რომლის წევრებიც მითიური ქმნილების გამოსახულებას ატარებდნენ სამოსზე. თუმცა ადგილობრივები სახელით ერთმნიშვნელოვნად ვლადის უკეთურობაზე მიანიშნებდნენ. ასევე მოიხსენიებდნენ უცხოელებიც: ვენეციელები, მაგალითად, დრაგულიას მას სწორედ მისი სისასტიკის გამო ეძახდნენ.

მივიწყებული სახელი ევროპელებს სტოკერმა გაახსენა, რომელმაც რუმინული თქმულებების კვლევისას ეს სახელი აღმოაჩინა და თავისი ვამპირული რომანის მთავარი გმირისთვის შესაფერისად მიიჩნია. ამისდა მიუხედავად, ვლად ცეპეშთან დაკავშირებულ თქმულებებში ვამპირი არსად ფიგურირებს.

ენი აივონ გილბერტის ილუსტრაცია ნიკი რეივენის ადაპტირებული დრაკულადან.

ფოტო: Any Yvonne Gilbert

სტოკერის 1897 წელს გამოქვეყნებული რომანი არაერთხელ გამხდარა კინემატოგრაფების ინსპირაციის წყარო. შესაბამისად, ნაწარმოების ბევრი ეკრანიზაცია არსებობს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთი კინოადაპტაცია მართლაც ვერ მიუახლოვდება წიგნს. სტოკერი უილკი კოლინზის ლიტერატურული ტრადიციის გამგრძელებელია და თხრობისას ხშირად იყენებს პირადი ჩანაწერების, დღიურების, საგაზეთო სტატიების და სხვადასხვაგვარი ტექსტის ფორმებს, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ეს ის შემთხვევაცაა, როცა ალბათ ზედმეტია სიუჟეტზე საუბარი. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ისტორიის ქარგი ყველა ვამპირომანმა მეტ-ნაკლებად იცის. მეორე მხრივ, წიგნში გამოყენებული დაძაბული და ჩამთრევი თხრობის მანერით მკითხველი ბოლო გვერდამდეა მას მიჯაჭვული და ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის გახსნა საჭიროზე მეტ ინფორმაციას გასცემს ისტორიის შესახებ.

ფოტო: Anne Yvonne Gilbert

დრაკულა დღემდე რჩება ყველაზე ცნობილ ვამპირულ ნაწარმოებად. მან გავლენა მოახდინა ამ ჟანრის მას შემდეგ გამოცემულ თითქმის ყველა რომანსა თუ მოთხრობაზე.

მე ვარ ლეგენდა, SALEM'S LOT და FEVRE DREAM

ფოტო: Warner Bros.

მეოცე საუკუნეში ვამპირული ლიტერატურისთვის ახალი ერა დაიწყო და სტოკერის შთაბერილი სულით უკვდავებზე ახალი ნაწარმოებები შეიქმნა.

დრაკულას მსგავსად დიდი გავლენა მოახდინა რიჩარდ მეთისონის შექმნილმა სამყარომ 1954 წელს გამოქვეყნებულ რომანში, მე ვარ ლეგენდა. მასში აღწერილ აპოკალიფსურ მსოფლიოში ვერაგმა დაავადებამ ადამიანები ვამპირებად აქცია. გადარჩენილი მეცნიერი, რობერტ ნევილი, დღის განმავლობაში ურჩხულებს ხოცავს, შემდეგ კი განკურნების საშუალებას ეძებს.

რომანი რამდენჯერმე გადაიღეს ფილმად. მათ შორის აღსანიშნავია 1964 წლის ეკრანიზაცია — უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე და ყველაზე ბოლოს, 2007 წელს გამოსული ფილმი რომანის იდენტური სახელით და უილ სმითით მთავარ როლში.

კადრი 2007 წლის ფილმიდან მე ვარ ლეგენდა.

ფოტო: Warner Bros.

გარდა ამ საქვეყნოდ ცნობილი რომანისა, მეთისონს ვამპირულ ჟანრში დაწერილი აქვს რამდენიმე მოთხრობა: დალიე ჩემი წითელი სისხლი (1951), თეთრი აბრეშუმის კაბა (1951), დაკრძალვა (1955), არ არსებობს ვამპირისნაირი რაღაც (1959) და პირველი იუბილე (1960).

მე ვარ ლეგენდამ გავლენა მოახდინა არაერთი მწერლის შემოქმედებაზე. მათ შორისაა ჰორორის კლასიკოსი, სტივენ კინგი.

1975 წელს გამოცემული წიგნის, Salem's Lot-ის, ინსპირაციად კინგი სტოკერის დრაკულასაც ასახელებს. მისი თქმით, იდეა დაებადა მარტივ კითხვაზე პასუხის ძიებაში: რა იქნებოდა, ვამპირს რომ ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქში ეცხოვრა?

ამ შეკითხვით კინგმა შექმნა რომანის მთავარი პერსონაჟი, ასევე მწერალი ბენ მირსი, რომელიც მშობლიურ ქალაქს და იმ სახლს უბრუნდება, მისი ბავშვობის ტრავმულ მოგონებად რომაა ქცეული. მირსი მალევე ატყობს, რომ ქალაქი თითქოს უხილავი დაავადებისგანაა ჩამკვდარი და ამის მიზეზის ძიებასაც იწყებს. იგი თანაქალაქელებს დაარწმუნებს, რომ მის სახლში ვამპირები არიან შეჭრილნი და მათზე ნადირობას იწყებს.

წიგნის მიხედვით გადაღებული სატელევიზიო ფილმი 1979 წელს გამოვიდა.

ვამპირებზე წერის ცდუნებას ვერ გაუძლო თანამედროვეობის კიდევ ერთმა ცნობილმა მწერალმა. თუ სატახტოთა თამაშის გაგრძელების მოლოდინით გაბეზრებული ავტორისკენ მიმართავთ წყრომას, მაშინ იქნებ იმ დროს შექმნილი ტექსტებისთვის გადაგეხედათ, როცა ჯორჯ მარტინს წერა არ ეზარებოდა — მაგალითად, 1982 წელს გამოქვეყნებული რომანისთვის — Fevre Dream.

მიუხედავად იმისა, რომ მარტინი 80-იანებში მაინცდამაინც ცნობილი მწერალი არ ყოფილა, წიგნს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ნაწარმოები გამოირჩევა ძალიან საინტერესო სიუჟეტით და თხრობის სტილით. თავად მარტინმა წიგნს ბრემ სტოკერის და მარკ ტვენის გავლენით დაწერილი ტექსტი უწოდა, რაც სიმართლისგან არცთუ ისე შორსაა — მასში მოქმედება ეგრეთ წოდებული სანაოსნო ეპოქის დროს ხდება მისისიპის მდინარეზე. მთავარი მოქმედი პერსონაჟი კი ვამპირი ჯოშუა იორკია, რომელიც გემ Fevre Dream-ზე ხვდება მის კაპიტანთან, მოკვდავ აბნერ მარშთან ერთად. იორკი მისი მტრის მოკვლას გადაწყვეტს, რომელიც კაენის შთამომავლების — ბოროტი ვამპირების —მეთაურია.

ენ რაისის ვამპირის ქრონიკები

ფოტო: Warner Bros.

თუკი დრაკულას შემდეგ არსებობს ნაწარმოები, რომელსაც შეგვიძლია, "საკულტო" ვუწოდოთ, ეს მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ენ რაისის, უკვე კლასიკად ქცეული წიგნი ინტერვიუ ვამპირთან და ამავე სერიის სხვა ნაწარმოებებია.

ენ რაისმა წიგნი 1976 წელს გამოსცა, თუმცა მანამდე არაერთი სირთულე შეხვდა როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

1972 წელს მწერალს, რომლის მეუღლეც ცნობილი ამერიკელი ფერმწერი, სტენ რაისი იყო, ლეიკემიისგან გარდაეცვალა ექვსი წლის შვილი. მწუხარებისგან დაუძლურებულმა ენმა წიგნის წერა ამერიკული ფილმით, დრაკულას ქალიშვილით, შთაგონებულმა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, ამ დრომდე მას არ ჰქონდა წაკითხული სტოკერის რომანი.

ნაწარმოების გამოცემაზე უარი არაერთმა გამომცემელმა განუცხადა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მისი გამოქვეყნება მაინც მოახერხა და წიგნიც უმალ მოექცა ბესტსელერებს შორის.

ფოტო: Getty Images

ინტერვიუ ვამპირთან ლუის ისტორიაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ვამპირად აქცია ლესტატ დე ლიონკურმა ახალ ორლეანში. წიგნი ეგზისტენციალური ალუზიებითაა გაჯერებული, ხოლო რაისის წერის სტილი უჩვეულო და პოეტურია. როგორც იგი აღნიშნავს, თავდაპირველად ლესტატი ანტაგონისტი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სერია გააგრძელა, იგი მთავარ გმირად იქცა.

9 წლის დაგვიანებით რომანს მოჰყვა გაგრძელება — ვამპირი ლესტატი. სამი წლის შემდეგ კი ქრონიკების მესამე წიგნი — დაწყევლილთა დედოფალიც გამოიცა, რომელიც The New York Times-ის N1 ბესტსელერი გახდა. ამ წიგნში ჩნდება ასევე ცნობილი ვამპირი პერსონაჟი, აკაშა.

დღესდღეობით ვამპირის ქრონიკები ათზე მეტ რომანს აერთიანებს. მათგან ყველაზე ბოლო — სისხლით ზიარება: პრინცი ლესტატის ისტორია — 2018 წელს გამოიცა. თუმცა ამ სერიის გარდა რაისმა ვამპირებზე კიდევ ორი "თანამგზავრი" წიგნი შექმნა: ვამპირების ახალი ისტორიები: პანდორა (1998) და ვამპირი ვიტორიო (1999).

ვამპირის ქრონიკების პირველი წიგნის თარგმანი 2017 წელს გამოსცა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში.

ფოტო: ნატალია ავალიანი / წიგნები ბათუმში

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ვამპირებისა, ენ რაისს დაწერილი აქვს ათეულობით სხვა რომანი ზებუნებრივ არსებებზე, ისტორიულ პერსონაჟებზე, რელიგიურ თემებსა და ეროტიკულ ისტორიებზე. ამის გამო მან დამსახურებულად მიიღო გოთიკის დედოფლის წოდება. დღეისთვის რაისის წიგნები 100 მილიონზე მეტი ტირაჟითაა მსოფლიოში გაყიდული.

ვამპირის ქრონიკების წიგნების მიხედვით ორი ეკრანიზაცია გადაიღეს: ინტერვიუ ვამპირთან (1994), სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ანტონიო ბანდერასი, ტომ კრუზი და კირსტენ დანსტი ასრულებენ და დაწყევლილთა დედოფალი (2002), რომელშიც მთავარი პერსონაჟი ამერიკელმა მომღერალმა, აალიამ, განასახიერა, თუმცა თავად ფილმის გამოსვლას ვერ მოესწრო.

გასულ წლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Hulu აპირებდა ვამპირის ქრონიკების მიხედვით გადაღებული სატელევიზიო სერიალის გამოშვებას, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. რამდენიმე თვის წინ კი დადასტურდა, რომ AMC Networks რაისის ორი სერიის ადაპტაციას გადაიღებს: ვამპირის ქრონიკები და მეიფერის ჯადოქრები.

ვამპირის დღიურები და ნამდვილი სისხლი

ფოტო: CBS / Warner Bros.

გასულ ათწლეულში თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვამპირული სერიალები. თუმცა, ორი მათგანი: ვამპირის დღიურები და ნამდვილი სისხლი ჯერ კიდევ მანამ გახდა ცნობილი, სანამ სატელევიზიო ეკრანებს დაიპყრობდა.

ვამპირის დღიურების ავტორი — ლიზა ჯეინ სმითი.

ფოტო: ljanesmith.net

ამერიკელ მწერალ ლიზა ჯეინ სმითზე ბევრი არაფერი ვიცით იმ რამდენიმე აბზაცის გარდა, რომელიც მის ვებგვერდზე ბიოგრაფიაშია განთავსებული. ჩვენ იმ ავტორის დაბადების თარიღიც კი არ ვიცით, რომელმაც პოპულარული წიგნების სერიები ვამპირის დღიურები და საიდუმლო წრე შექმნა და რომელთა მიხედვითაც წარმატებული სერიალებია გადაღებული.

ვამპირის დღიურების წიგნების სერია ენ რაისის მემკვიდრეობას რაოდენობით დიდად ნამდვილად არ ჩამორჩება. 13 წიგნისგან შემდგარი საგის პირველი ოთხი წიგნი (გამოღვიძება, ბრძოლა, მრისხანება, ბნელი გამოღვიძება — ოთხივე წიგნი ქართულად სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა) 1991-1992 წლებში გამოიცა. ისტორიამ მალევე დაიპყრო ახალგაზრდა მკითხველის გული, თუმცა მასობრივ კულტურაში ვამპირის დღიურები მხოლოდ სერიალის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა.

ამელია ეტვოტერ-როუდსი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც თავისი პირველი ვამპირული წიგნი — ღამის ტყეებში — მხოლოდ 13 წლის ასაკში დაწერა.

ფოტო: Wikipedia

სერიალის გამოსვლასთან ერთად სმითი დაუბრუნდა ისტორიაზე მუშაობას და დამატებით სამი წიგნი დაბრუნების ტრილოგიაში მოაქცია. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ თავად აღარასდროს დაწერდა გაგრძელებას და სიტყვა შეასრულა კიდეც. მიუხედავად ამისა, სერია მაინც გაგრძელდა და მას ორი ტრილოგია დაემატა: მონადირეები (რომელიც უცნობმა ავტორმა შექმნა) და გამოხსნა, რომლის ავტორიც ობრი კლარკია.

ცამეტი რომანისგან შედგება სამხრეთელ ვამპირთა მისტერიების სერიაც, რომლის ავტორიც შარლენ ჰარისია. თუ ეს სახელი არ გეცნოთ, მაშინ, გეტყვით, რომ ეს სწორედ ის სერიაა, რომელიც ნამდვილ სისხლს დაედო საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს ახალგაზრდა აუდიოტორიაც ჰყავდა, წიგნები ზრდასრულთათვის განკუთვნილი შინაარსის გამო მოზრდილთა ლიტერატურად მიიჩნევა.

სუკი სტექჰაუსის სერიის მიხედვით გადაღებული სატელევიზიო სერიალის ჩვენება 2008 წელს დაიწყო და ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფოტო: Warner Bros.

მისტიკის, ფენტეზის, გოთიკისა და სასიყვარულო რომანის ნაზავი რესტორანში მიმტანად მომუშავე სუკი სტექჰაუსზე მოგვითხრობს, რომელიც ტელეპათიის უნარითაა დაჯილდოებული. მოქმედება კი მაშინ იწყება, როცა ვამპირები საუკუნეების განმავლობაში მალვის შემდეგ საკუთარი არსებობის გამჟღავნებას გადაწყვეტენ.

ვამპირის დღიურების მსგავსად, ნამდვილი სისხლიც სერიალის გამოსვლის შემდეგ გახდა განსაკუთრებით პოპულარული და ავტორის წიგნების გაყიდვებმა 30 მილიონს გადააჭარბა.

ბინდის საგა და ვამპირების აკადემია

ფოტო: Summit Entertainment

სტატიის დასაწყისში რომ აღვნიშნეთ ვამპირების მეინსტრიმში დაბრუნების შესახებ, ეს ყველაზე მეტად სტეფანი მეიერისა და მისი საქვეყნოდ ცნობილი ბინდის საგას დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

საგა ოთხ ძირითად რომანს, "თანამგზავრ" მოთხრობას, ოფიციალურ გზამკვლევს და ორ დამატებით წიგნს აერთიანებს. მთლიანობაში, ნაწარმოები 37 ენაზეა თარგმნილი და დღემდე 250 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ფილმების შემოსავალმა კი 3,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა, ამ ყველაფერს მეიერი მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, როცა ბრიგემის უნივერსიტეტს ამთავრებდა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ამას აღიარებს თავადაც, როცა მოულოდნელად "თავს დამტყდარ" წარმატების ისტორიას იხსენებს.

ბინდის საგის ავტორი — სტეფანი მეიერი.

ფოტო: Karen Shell

როგორც მეიერი აღნიშნავს, ბინდამდე მას არაფერი არ ჰქონდა დაწერილი — თუ არ ჩავთვლით კოლეჯში ყოფნისას სავალდებულო დავალებისთვის შექმნილ რამდენიმე მოთხრობას. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა 2003 წლის 2 ივნისს სტეფანიმ სიზმარი ნახა. სიზმარში მზიან მდელოზე შეყვარებული წყვილი იწვა, ბიჭი ვამპირი იყო, გოგო კი — მასზე უგონოდ შეყვარებული. სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, რომელსაც არცერთი ვამპირული წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, 500-გვერდიანი რომანი 3 თვეში დაასრულა, შემდეგ კი დის დაჟინებული თხოვნით ლიტერატურულ აგენტებს გაუგზავნა. რამდენიმე უარყოფითი პასუხის შემდეგ წიგნით, სტეფანის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "ნინძა-აგენტი", ჯოდი რიმერი დაინტერესდა, რომელმაც იგი აუქციონით ამერიკულ გამომცემლობა Little, Brown and Company-ის მიჰყიდა. მეიერმა წიგნისთვის 750 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო, ხოლო ბინდი 2005 წელს, სასტარტო 75-ათასიანი ტირაჟით გამოიცა. სწორედ აქ დაიწყო საგამომცემლო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნის ისტორია.

მიუხედავად იმისა, რომ საგას მოძულეებიც მრავლად ჰყავს, მისი ფანდომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიურია.

არაერთი კრიტიკოსი აღნიშნავს იმას, რომ მეიერის წიგნები ინგლისური კლასიკური რომანებისთვის დამახასიათებელი ენით და სტილითაა ნაწერი, მასში მოთხრობილი ისტორია კი შექსპირის, ბრონტეების და ოსტინის ნაწარმოებებს მოგვაგონებს.

ყველა ამ ღირსებასთან ერთად, ავტორმა საგის გაგრძელებაში — განსაკუთრებით, საგის ოფიციალურ გზამკვლევში — დაამტკიცა, რომ მისი ფანტაზია საკმარისად მდიდარია ვამპირული ჟანრისთვისაც. უძველესი კლანის, ვოლტურების წევრი ვამპირები ამ მითოლოგიური ქმნილების კლასიკურ სახეს მეტად უახლოვდებიან, მათი დრამატული სიმშვიდე კი ზუსტად ისეთივე ჟრუანტელისმომგვრელია, როგორც დრაკულას სასახლე და რაისისეული ახალი ორლეანი.

ახალგაზრდა მკითხველის გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა ვამპირების აკადემიამაც. ექვსი წიგნისგან შემდგარი სერია, რომლის ავტორიც რიშელ მიდია, ამ ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგაა.

ვამპირების აკადემიის ავტორი — რიშელ მიდი.

ფოტო: richellemead.com

როგორც მიდი აღნიშნავს, წიგნის წერის იდეა მითოლოგიური კონცეფციიდან გაუჩნდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში იგი სწავლობდა აღმოსავლეთევროპულ მითოლოგიას, სადაც დიდი ადგილი რუსულ და რუმინულ თქმულებებში არსებულ ვამპირების ფიგურებს უკავიათ. სწორედ ერთ-ერთი რუმინული გადმოცემა, ვამპირების ორი რასის — მკვდარი და ცოცხალი სისხლისმსმელების — შესახებ გახდა მისთვის ინსპირაციის წყარო. საგის პირველი ნაწილი, ვამპირების აკადემია, 2007 წელს გამოიცა.

წიგნს ვამპირულ ჰარი პოტერადაც მოიხსენებენ, რადგან მასში აღწერილი ისტორია ვამპირების სასწავლებელში ვითარდება, რომელიც ცოტათი მართლაც მოგვაგონებს ჰოგვორტსს. წიგნში პროტაგონისტი როუზ ჰეზევეია, რომელიც დამპირია — ნახევრად ვამპირი, ნახევრად ადამიანი. მას წვრთიან, რათა მეგობრის, ლისა დრაგომირის მცველი გახდეს. ლისა, რომელიც მოროი, ანუ ცოცხალი ვამპირია, 12 სამეფო ოჯახიდან ერთ-ერთს ეკუთვნის და თავისი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია. ამიტომ მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება სტრიგოიებისგან — ბოროტი, მკვდარი ვამპირებისგან.

სერიის დასრულების შემდეგ მიდმა საგის სპინ-ოფ სერიის, Bloodlines, წერა დაიწყო, რომელშიც ასევე ექვსი წიგნი შედის.

ვამპირების აკადემიის პირველი წიგნის ეკრანიზაცია 2014 წელს გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს ზოი დოიჩი, ლუსი ფრაი და დანილა კოზლოვსკი ასრულებენ. სამწუხაროდ, პროექტი წარმატებული არ გამოდგა და საგის დანარჩენი ნაწილები აღარ გადაუღიათ.

ვამპირებზე მწერალი საქართველოდან

ფოტო: Blood Omen / Facebook

სამწუხაროდ, საქართველოში ვამპირებზე მაინცდამაინც ბევრს არ წერენ, თუმცა, ამ ზებუნებრივ არსებებზე შეყვარებული ავტორი თავად ესტუმრა საქართველოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარი მალევე მასპინძლად იქცა — ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი, ქეითი რუთ დეივისი უკვე 13 წელია, საქართველოში ცხოვრობს. დეივისისთვის, რომელსაც ქართველი მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, წერა საკუთარი გრძნობების გამოთქმის საშუალებაა. მას თინეიჯერობიდანვე აინტერესებდა ვამპირული ლიტერატურა და ვამპირის დღიურებისა და ვამპირის ქრონიკების დიდი გულშემატკივარიც იყო, თუმცა, მუზა 2005 წლამდე არ ეწვია. ამ წელს მან ნახა სიზმარი, სადაც კაცი ვამპირი მისი ბავშვობის საძინებლის ფანჯრის რაფაზე იჯდა. გამოღვიძებულმა უკვე იცოდა, რაც უნდა დაეწერა.

ვამპირული ომების ავტორი, ინგლისელი მწერალი — ქ. რ. დეივისი.

ფოტო: Blood Omen / Facebook

ვამპირული ომების (რომლის ორიგინალი სახელწოდებაა Blood Omen) პირველი წიგნი ექვსი თვის განმავლობაში იწერებოდა. საბოლოო ჯამში, 700-გვერდიანი რომანი, რომელსაც თავდაპირველად კბენისთვის დაბადებული ერქვა, ავტორმა ორ ნაწილად გაყო და ამაზონზე განათავსა.

2014 წელს წიგნებით დაინტერესდა სულაკაურის გამომცემლობა და გამოსცა პირველი ორი წიგნი, ამის შემდეგ კი ხუთწიგნეული საგის გამოცემა Georgia Today-მ გააგრძელა.

წიგნების სერიის მთავარი გმირი დეა დემარკოა, რომელიც თავისი თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ვამპირების ამოცნობა შეუძლია. დედის დაკრძალვის დღეს დეა საფლავზე შავებში ჩაცმულ უცნობ ლანდებს ამჩნევს და ხვდება, რომ ვამპირები უთვალთვალებენ. მალევე მას ვამპირული კლანი, გრძნეულთა საძმო, იტაცებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მისი ბოროტი ვამპირებისგან, აპოფაის კლანისგან, დასაცავად ხდება.

დეა მალევე იგებს, რომ აპოფაის მისი მსხვერპლად შეწირვა და ქაოსის უძველესი ეგვიპტური ღმერთის აღზევება სურს. თუმცა მას მხოლოდ სინათლესა და წყვდიადს შორის კი არ უხდება არჩევანის გაკეთება, არამედ — ორ ბიჭს შორისაც, რომელთაც ერთმანეთისგან ასეთივე მკაფიო ზღვარი ყოფთ.

ფენტეზის, მითოლოგიის და აპოკალიფსური ჟანრის ნაზავი უამრავი მოზარდისთვის იქცა საინტერესო საკითხავად. დეივისმა კი საგის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოების წერა დაიწყო. ორი წიგნისგან შემდგარი წყვდიადის ფრთები იმით არის გამორჩეული, რომ მასში მოქმედება საქართველოში ვითარდება, მოქმედი გმირები და ანტაგონისტები კი ამჯერად ანგელოზები და დემონები არიან. პირველი წიგნი, ანგელოზი, 2017 წელს გამოიცა, მეორე წიგნის დასრულება კი ავტორმა კარანტინის პერიოდში მოახერხა და მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ