რუსთავში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს დასავლური მომავალი არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მან ამის შესახებ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ რუსეთი, ჩვენი მეზობელი, არის ოკუპანტი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ვალია, რომ პატივისცემა გამოხატოს იმ გმირების წინაშე, ვინც იბრძოდა ჩვენი შვილების თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის. როდესაც ასეთი დღეები გახსენდება, კიდევ უფრო მეტად გინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული, არასდროს აღარ იყოს საფრთხის ქვეშ. მთავარი ბრძოლა ჩვენ გვაქვს წინ, როდესაც ქვეყნის დასავლური მომავალი არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ", — განაცხადა ნადირაშვილმა.

ევროპული საქართველოს ლიდერები დღეს რუსთავში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. თავგორაშვილი ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.