"ვერ ეგუებოდა ოკუპაციას და მონურ თავისუფლებას"
გოლიათური აღნაგობის დაიბადა — 4 კილო და 200 გრამი, 62 სანტიმეტრი. სწავლა დიდად არ უყვარდა. ცელქი იყო, მაგრამ ნიჭიერი. უსამართლობას ვერ ეგუებოდა.
"ხშირად ერეოდა ჩხუბში, გამშველებლის როლში ოღონდ. თვითონ არავის დაჩაგრავდა, მოჩხუბრებს შეარიგებდა", — ასე ახასიათებს რუსუდან ტატუნაშვილი არჩილის ბავშვობას.
უფროსი ძმა ჰყავდა, რომლისგანაც ძალიან განსხვავდებოდა. სკოლის დირექტორი სულ იმას უმეორებდა, არჩილი მოუსვენარია, მისი ძმა მშვიდი, ვერავინ იტყვის, რომ ერთმანეთს ჰგვანანო.
"მეგობრული იყო. ძალიან უყვარდა დახმარება. თავის გამოჩენაც უყვარდა, შექებაც. უნდოდა, რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რომ შეაქოთ. ასეთი ხასიათისა იყო".
"ყველგან და ყოველთვის ჯარისკაცი იყო"
დედა აჩიკოს ეძახის. ცოტათი ყურს ეხამუშება, რადგან ჩვენს გონებაში არჩილ ტატუნაშვილად დაილექა, გმირად, რომელიც სამშობლოს ინტერესებს შეეწირა. დედასთან საუბრისას კი მხიარულ, სხვებზე მზრუნველ ბიჭს ვხედავთ, უშუალოს, ცეკვისა და სიმღერის მოყვარულს, მაგრამ პატარაობიდანვე სამშობლოს ერთგულს.
აჩიკოს ბავშვობაში ბევრი სურვილი ჰქონდა. სოფლის პირობებში ყველაფრის რეალიზებას ვერ ახერხებდა, მაგრამ მთავარ მიზანს მაინც მიაღწია — ჯარისკაცი გახდა. ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა, შემდეგ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სამშვიდობო მისიით ერაყში წავიდა. 2008 წელს, ომის დროს იქ იყო.
"ომამდე შვებულებით იყო ჩამოსული. ეზოში დიდი თუთის ხე გვიდგას, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, იმ თუთის ხის ფოთოლი მოგლიჯა, ხელის გულზე დაიდო და აკოცა —– ამის ფასი არსად არაფერი არ არისო".
ყველა სიტუაციაში ჯარისკაცი იყო და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ისე იღებდა, რომ ფორმას ითვალისწინებდა. წლების განმავლობაში საქართველოს დროშის ქვეშ ეძინა.
"საწოლთან ჰქონდა ჩამოკიდებული. "შპალერი" რომ შევცვალეთ, ჩამოვხსენი. მსაყვედურობდა, დროშა ჩამომიკიდე ისევ უკანო".
ერთხელ, როცა ჯარიდან დათხოვნილი იყო, მეგობრებთან ერთად თივის შესაგროვებლად წავიდა. ოსები დაესხნენ თავს. რუსუდანი გვიყვება, რომ სოფელ ყანჩავეთს ესაზღვრებოდა ოსური სოფელი ზაპორი, ხოლო შუა სივრცე, რომელიც საძოვრად და სათიბად გამოიყენებოდა, ქართველებსა და ოსებს ჰქონდათ გაყოფილი. აჩიკოსა და მის მეგობრებს ამ ტერიტორიაზე თივის შეგროვება დასრულებული ჰქონდათ, როცა ავტომატით თავს დაადგნენ და მანქანასთან ჩაამწკრივეს. ერთ-ერთი ოსი, რომელიც იარაღით ემუქრებოდათ, ძებნილი იყო და არჩილმა ეს იცოდა. თანმხლები პირი შეიარაღებულს ურჩევდა, ბიჭებისთვის თავი დაენებებინა, რადგან არაფერს აშავებდნენ. იმან არ გაითვალისწინა. სანამ იმუქრებოდა, ცხინვალში წაგიყვანთო, არჩილმა დრო იხელთა, განაიარაღა და ტყვედ აიყვანა. მეორე გაუშვა, ოჯახისთვის რომ ეცნობებინა.
"უცებ გადამხტარა აჩიკო, ავტომატს უტაცა ხელი, იმას თავი დაარტყა, ავტომატი წაართვა და უთხრა, შენ ვერ წაგვიყვან ცხინვალში, მაგრამ მე კი წაგიყვან სადაც საჭიროაო.
ეს თანმხლები გადავიდა სოფელი ზაპორიდან და ბიჭის მამას სიმართლე უთხრა, ქართველები იყვნენ გადმოსულები, არაფერს არ უშლიდნენ და ისე გააკეთა შენმა შვილმა, რომ წაიყვანესო. გზაში თურმე დაეწია მამა. აჩიკო ამბობდა, მუხლებში ჩამივარდაო, ხვეწნა დამიწყო, ორმოცი არ გასულა ჯერ, რაც ერთი შვილი დავასაფლავე და სულ ნუ გამაუბედურებო. გაუშვა აჩიკომ, ვაზნები გამოაცალა და ავტომატიც გაატანა — თვითონაც ჯარისკაცი იყო და იცოდა, იარაღი უკან უნდა ჩაებარებინა. შემწყნარებელიც იყო, პატიებაც შეეძლო ადამიანისთვის".
დედას არ უნდოდა ერაყში დაბრუნებულიყო. აჩიკო ეუბნებოდა, იქ სამშვიდობო მისიით ვარ, ომი არ არის და ჩემს მოვალეობას ვასრულებ, უნდა შეეგუოთო. რა გზა ჰქონდათ, შეეგუენ.
"ომის შემდეგ ქართველებს პირუტყვებივით ექცეოდნენ"
2008 წელს ომი რომ დაიწყო, ეშინოდათ, აჩიკოს ჩამოიყვანდნენო. ის რეკავდა, ამშვიდებდა, არ გვიძახებენო. მერე მოულოდნელად ჩამოიყვანეს და გორში გაუშვეს. ოჯახმა არაფერი იცოდა.
"11 აგვისტოს ჩამოუყვანიათ. უკვე ცეცხლი შეწყვეტილი იყო და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ჯარი როცა დაიქსაქსა, მაშინ მოვიდა სახლში ამხანაგთან ერთად. ღამის 4 საათი იყო. როგორც იყვნენ იარაღით — ავტომატი, "ბრონი ჟილეტი", ყუმბარები, რავი, ყველაფერი თან მოიტანეს სახლში. მეორე დღეს თბილისში იარაღის ჩასაბარებლად დაიბარეს. წავიდა, ჩვენ სახლში დავრჩით. ამ დროში მოუსწრიათ აჩიკოს დაბეზღება".
რუსუდანს სახლში რუსი ჯარისკაცები დაადგნენ, აჩიკოს და მის მეგობარს ეძებდნენ. რუსებს სახლში ის ოსი სამხედრო შეუძღვა, რომელიც საძოვრის ამბის შემდეგ არჩილმა გაათავისუფლა.
"ბიჭები სად არიანო, კითხულობდნენ. ჩვენ შეშინებულები ვიყავით. მე და ჩემი ნათლული ვიყავით სახლში. არც ჩემი გოგო იყო იქ, არც ჩემი ბიჭი. ერთ ადგილზე ვიდექით გაშეშებულები. ან რა შეგვეძლო, იარაღიანი ხალხი, რომ შემოვიდა ოჯახში? არაფერი".
15 აგვისტოს ახალგორში ოსური და რუსული ქვედანაყოფები შევიდნენ. ხალხი შეშინებული იყო, რადგან ყოველ ღამე ვერტმფრენები დაფრინავდა — ისე ახლოს, თითქოს, სახლის სახურავებს სწვდებოდა, ამიტომ კაკლის ძირში ეძინათ. ნებისმიერ დროს მზად იყვნენ გასაქცევად.
აჩიკო სოფელში ვეღარ ბრუნდებოდა და ოჯახს თბილისში ჩასვლას სთხოვდა. სახლის დატოვება არ უნდოდათ, მაგრამ დამამცირებელი მოპყრობის გამო, მოუწიათ.
"იქ სროლები და რამე არ ყოფილა, ტყვია არ გავარდნილა, არც ნგრევა არ ყოფილა, მაგრამ აბუჩად იგდებნენ ხალხს. ახალგორში იყო პივის (ლუდის) ქარხანა. გადმოვიდნენ და სულ გაძარცვეს. მთელი ორი კვირა სულ ზიდეს იქიდან თუ რამე იყო: დანადგარები, კომპიუტერი. პივას რომ დალევდნენ, იმ ბოთლებს პირდაპირ ეზოში ესროდნენ ხალხს და ასე მასხარად იგდებდნენ, პირუტყვივით. ხალხს აღარ დაედგომებოდა".
"ვერ ეგუებოდა ოკუპაციას და მონურ თავისუფლებას"
რამდენიმე ადგილას დაიდეს ბინა. აჩიკოს არსად მოსწონდა და ახალგორში უნდოდა დაბრუნება. ოჯახის სხვა წევრებმა საბუთების აღება შეძლეს. სანამ სამხედრო სამსახურში იყო, აჩიკო ვერ ახერხებდა. ოჯახს არც უნდოდა რომ აეღო, ეშინოდათ.
"ხან სად ვცხოვრობდით, ხან სად, მაგრამ არ უნდოდა არსად აჩიკოს. აქაც [წილკანში] არ უნდოდა. სულ ნერვიულობდა ხოლმე, აქ სად ჩამოგვასახლესო, ვერ ვსუნთქავო, ეს რა სახლიაო, როდის წავალ ჩემ ყანჩევეთშიო, ჩემს "პლოშადკაზე" როდის დავიძინებო. სულ ოცნებობდა იქ წასვლაზე.
ჩვენ სულ ყველას საბუთები გვქონდა... მარტო აჩიკოს არ ჰქონდა, არც გვინდოდა, რომ აეღო. როცა ჯარის კონტრაქტი დაამთავრა, მაშინაც უკრძალავდნენ შესვლას".
აჩიკოს საყვარელ სახლს რუსუდანი ტელეფონში გვაჩვენებს. ის აივანი ჩანს, სადაც ძილი უყვარდა. სახლზე იმდენად იყო მიჯაჭვული, რომ უსაბუთოდ, ტყეებიდან იპარებოდა და მაინც ჩადიოდა ახალგორში.
"ჯარისკაცებისთვის გადასვლა უსაფრთხო არ იყო. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათთან მსახურებას სთავაზობდნენ და ემუქრებოდნენ. ამიტომ, ყველა ერიდებოდა გადასვლას, აჩიკო — არა. ხან ტყე-ტყე იპარებოდა, ხან კი ნაცნობობით საბუთის გაკეთებას ცდილობდა. გააკეთა კიდეც".
ახალგორში, სახლში საღამოობით მიდიოდა, არავის რომ არ შეემჩნია და არ დაეკავებინათ. ღამე არ რჩებოდა, მაგრამ სახლს ყურადღებას ასე აქცევდა. საბუთი რომ გაუკეთეს, მერე უფრო ხშირად დაიწყო სიარული, ხილ-ბოსტანი შეჰქონდა, მშობლიურ გარემოს არ შორდებოდა, მაგრამ "მონურ თავისუფლებას" ვერ ეგუებოდა.
ოკუპაციის პირობებშიც კი ახალგორელებისა და ახლობლების იმედი იყო. აჩიკოს ბებო ამბობს, როცა სოფელში ჩამოდიოდა, მთელ დასახლებას მოივლიდა, ყველა ახლობელს ნახავდა და მერე მოვიდოდა სახლშიო.
"ყველას მფარველობდა, გაიკითხავდა სოფლის ამბებს, ხომ არავის უჭირდა და დახმარებას ცდილობდა. თითქოს თავს ივალდებულებდა თვითონ, რომ დახმარება უნდა გაეწია ვინმესთვის. დაღლილიც კი ტელეფონს არასდროს თიშავდა, რა ვიცი, რა დროს დავჭირდები ვინმესო".
მზრუნველი იყო და ხალხის პატივისცემაც უყვარდა, განსაკუთრებით სუფრაზე. ცეკვა და ქეიფი ახარებდა. სახლში გზიდან ხშირად რეკავდა, მეგობრები მომყავს და დამხვდითო.
"ცეკვა ძალიან უყვარდა. წუხდა, არ ვიცი, მაგრამ მუსიკის ხმა რომ მესმის, ხელ-ფეხი არ მემორჩილება და ვდგები, როგორც შემიძლია, ისე ვცეკვავო".
ბევრჯერ ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ოჯახის შექმნას არ ჩქარობდა. დედას ეუბნებოდა, ჯერ საუკეთესო წლები უნდა შევირგოო.
"სახლიდან როცა გადიოდა და იპრანჭებოდა, ვეხუმრებოდი, მოიყვანე, დედა, ცოლი-მეთქი. გრძელი იყო, მუხლებში მოიხრებოდა, რომ სარკეში ჩაეხედა და მეტყოდა — ამ წუთში დედა, რამდენი გინდაო. რამდენიც გეყოფა, მოიყვანე-მეთქი, ვეუბნებოდი და მპასუხობდა, ჯერ ისე უნდა გავატარო ჩემი საუკეთესო წლები და მერე ცოლიო.
სანამ ჯარში წავიდოდა გამაცნო შეყვარებული. მკითხა, მოგეწონაო? მომეწონა-მეთქი ვუპასუხე და დააყოლა, ხო იცი, მე არავის მოწონებულზე არ დავდივარო".
თავისი დაბადების დღე უყვარდა და განსაკუთრებით ემზადებოდა — ან სახლში მიჰყავდა მეგობრები, ან "იპრანჭებოდა" და რესტორანში მიდიოდა.
34 წლის რომ გახდა, უმცროსმა დამ ტორტი უყიდა და მაცივარში დამალა. მაინც უნახავს, გახარებია. იკითხა, ეს რა არისო და როცა გაიგო, რომ საჩუქარი იყო, უთქვამს — რაღა ტორტი, ბავშვი ხომ არა ვარო.
იმ დღეს გადაღებული ფოტო ოჯახს შენახული აქვს. ტორტი უჭირავს, ბედნიერია. ეს მისი ბოლო დაბადების დღე იყო. დაახლოებით ერთ წელში საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და წამებით მოკლა. მაშინ 34 წლის იყო, 35 გარდაცვალებიდან მე-40 დღეს შეუსრულდა.
უკანონო პატიმრობა
ახალგორში ერთ-ერთი გადასვლის დროს აჩიკო უკანონოდ დააკავეს. ოჯახმა ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ და "სამხილების ძებნა დაიწყეს". სახლში მხოლოდ აჩიკოს ბებია იყო. ჰკითხეს — იარაღი გაქვთო? უპასუხია — კი, ბაბო, თოხიცა გვაქვს და ბარიცაო. სახლში ყველა კუთხე გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. მაშინ თქვეს, რომ არჩილი დაკავებული ჰყავდათ.
თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ნარკორეალიზების ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ჩხრეკისას ვერაფერი უპოვეს, გარდა დაკეცილი ფურცლისა. ფურცელზე მისი საყვარელი ლექსი ეწერა — ლექსი ჯარისკაცზე.
"არაფერი ჰქონდა, დანაც კი არ ჰქონდა მანქანაში. ერთადერთი, ლექსი უპოვეს ჯიბეში. ძალიან უყვარდა ის ლექსი. მეზობლის ბიჭს ასწავლა და აკითხებდა ხოლმე. ახლა ის ბიჭიც ჯარისკაცი გახდა. თურმე შინდისის გმირის დაწერილი ლექსია, მეც არ ვიცოდი, გადაცემიდან გავიგე, როცა ჯარისკაცის მამა საუბრობდა".
მშობლებს ბებიამ დაურეკა და დაკავება აცნობა. სახლში იცოდნენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობდა არჩილისთვის იარაღის ან ნარკოტიკის გადატანა, ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი დაებრალებინა. ისიც იცოდნენ, რომ უდანაშაულო იყო და ისიც, როგორ მოქმედებდნენ ოკუპირებულ რეგიონში — ჯარიმას გადაახდევინებდნენ და გამოუშვებდნენ.
ასე არ მოხდა.
აჩიკოს გარდაცვალების შესახებ დედამ ყველაზე გვიან გაიგო. მუშაობდა, როცა დაურეკეს, ჟურნალისტები გელოდებიანო. არ უნდოდა ჟურნალისტებთან საუბარი და გაუკვირდა კიდეც, რატომ ელოდებოდნენ.
"თურმე ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ... სულ ყველამ გაიგო, მთელმა მსოფლიომ გაიგო და მე არ ვიცოდი არაფერი. რომ მოვედი, მაშინ გავიგე... მოკლესო.
თითქოს გული უგრძნობდა. როცა გვიან მიდიოდა სადმე, ვურეკავდი — აჩიკო, სად ხარ, თუ არ მოდიხარ, ხმა მაინც გამაგონე-მეთქი. მეუბნებოდა, რას მეძებ, ქალო, დაიძინე, მოვალ და თუ არ მოვალ, ტელევიზორში გამომაცხადებენ და გაიგებო. ეგეც ვერ გავიგე".
"შეეძლო თავის გადარჩენა, გმირობა უნდოდა ალბათ"
რუსუდანს ახსოვს საოკუპაციო რეჟიმის შეთხზული ყველა ვერსია, რომელიც არჩილის სიკვდილის გასამართლებლად გამოიყენეს. მხოლოდ ერთი ჰგავს სიმართლეს.
"დააბრალეს, ვითომ კიბეზე ფეხი დაუცდა და ისე დაიღუპა, ხან გულის უკმარისობით დაიღუპა, ხან ცეროზი ჰქონდა და ისე დაიღუპა. ჯერ ის თქვეს, ბადრაგისთვის იარაღს გამორთმევა უნდოდა და მაშინ დაჭრესო. ეგ უფრო სიმართლეს ჰგავს, მოუსვენარი იყო ჩემი ბიჭი".
იცის, რა ხდებოდა მისი შვილის დაკითხვაზე, იცის რომ ბოლომდე ჯარისკაცად და სამშობლოს ერთგულად დარჩა.
"როცა დააკავეს და იზოლატორში ჰყავდათ, მასთან ერთად დაკავებულებს დაკითხვიდან ხმა ესმოდათ. აჩიკოს ეკითხებოდნენ, ჯარში ხომ იყავი და აგვისტოს ომში ხომ მიიღე მონაწილეობაო. ოჯახი დაიფიცა, რომ ომში არ მიუღია მონაწილეობა.
ჯერ რუკა შეუტანეს, გაუშალეს და უთხრეს, თქვი, რომ ეს სამხრეთ ოსეთიაო. უპასუხია, ეგ სამხრეთ ოსეთი არასოდეს არა ყოფილა და არც იქნებაო. მერე დროშა გაუფინეს ფეხქვეშ, შედექიო. არც იმ დროშაზე არ შედგაო. არც შედგებოდა, მე ვიცი როგორი ხასიათისა იყო — ჯიუტი, მტკიცე. იმათთან არასდროს არ ითანამშრომლებდა.
შეეძლო თავის გადარჩენა, მაგრამ არ გააკეთა. ღირსეულად მოიხადა თავის ვალი სამშობლოს წინაშე. სულით და მოწოდებით ჯარისკაცი იყო. მართალია, იმ დროს აღარ იყო ჯარში, მაგრამ სამშობლოს სიყვარული გულში ჰქონდა".
რუსუდანს გული წყდება, რომ თავის გადარჩენა არ სცადა, მაგრამ მისი ესმის. აჩიკოს დედაა და თავს უფლებას არ აძლევს, სხვანაირად მოიქცეს.
"ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, უნდოდა გმირობა, თავის გამოჩენა, თორემ თავის გადარჩენაც შეეძლო. ხომ შეეძლო თავის გადარჩენა?! ვისთან ერთადაც დააკავეს, იმათ თქვეს, ორჯერ ჰქონდა გაქცევის შანსი, მაგრამ არ გაიქცაო. იმიტომ არ გაიქცა, რომ მარტო არ იყო. თავის თავზე იმდენს არა ზრუნავდა, როგორც მეგობრებზე.
რომ გადმოასვენეს, იმ პერიოდშიც ყველა მეკითხებოდა, ცუდად ხომ არ ხარო. არა ვარ ცუდად, იმიტომ, რომ მე აჩიკოს დედა ვარ. არა მაქვს უფლება, ცუდად ვიყო. თვითონ ეგეთი ადამიანი იყო, წუწუნი არ უყვარდა".
აჩიკო დიდ პატივს სცემდა გმირებს. ხშირად დადიოდა შინდისის გმირებისა და მუხათგვერდის სასაფლაოზე. ამბობდა, რომ მისი ადგილიც იქ იყო. ახლა იქ არის.
"ძალიან ძნელია, როცა მეტყვიან, შენი შვილი გმირიაო. ჩემთვის არაფერს არა ცვლის მისი გმირობა. ძალიან ძნელია აჩიკოს გარეშე ცხოვრება, ძალიან ძნელია.
ძალიან ძნელია მშობლისთვის, სურათს რომ უყურებ. თითქოს გრცხვენია კიდეც, მე ცოცხალი ვარ და ჩემი შვილი აღარ არის. ძლიერი უნდა ვიყო, სხვანაირად არ შეიძლება".
"მინდა მკვლელები დაისაჯონ, მაგრამ იმედი აღარ მაქვს"
რუსუდანს ახსოვს შვილის დამტვრეული, დალურჯებული ხელები. ამას ვერ დაივიწყებს, არ სჯერა, რომ დრო ტკივილს კურნავს. იცის, რომ ტკივილს უნდა შეეჩვიოს.
უნდა, მისი შვილი ბოლო მსხვერპლი იყოს, მაგრამ იცის, რომ ასე არ არის. ხედავს, ოკუპაცია გრძელდება და მასთან ყველა უძლურია.
"მინდა, რომ დასრულდეს. 26 დღის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ მიცვალებული. თუ როდესმე, რომელიმე ქართველს ოსისთვის რამე დაუშავებია, ყველანაირი ბოღმა ჩემს შვილზე გადმოანთხიეს. სულ ყველანაირი. უდანაშაულო ადამიანი ასე როგორ გაიმეტეს, არაფრის გულისთვის ასე სასტიკად აწამეს.
ბევრჯერ მინატრია, ნეტა, რატო არ ესროლეს და ისე რატო არ მოკლეს, რატომ მიწამებდნენ შვილს".
ყველაფრის მიუხედავად, სჯერა, რომ ოსებსა და ქართველებს ძველ რეალობაში დაბრუნების შანსი აქვთ, იმ რეალობაში, როცა ნათესაური, მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ. იცის რომ დამნაშავე რუსეთია და ყველაფერი მათი გავლენით ხდება. ამიტომაც აღარ სჯერა, რომ დამნაშავეები კანონით დაისჯებიან.
"კარგია რომ ეს სია [ოთხოზორია-ტატუნაშვილის] შეადგინეს, მაგრამ მერე? არანაირი რეაგირება არ არის. არც ოთხოზორიას მკვლელი არ არის დასჯილი. ქართველებზე ნადირობისთივს მაგათ აჯილდოებენ და ვინ დასჯის? არ მგონია, დასაჯონ.
მინდა რომ დაისაჯონ სათანადოდ ჩემი შვილის მკვლელები, მაგრამ ვინ დასჯის?! ცირკულარით კი იძებნებიან დამნაშავეები, მაგრამ არსად არ წავლენ, რომ დაიჭირონ და დააპატიმრონ. ოდესმე, ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს, ასე უმოწყალოდ რომ გაიმეტეს ჩემი შვილი, სხვების შვილები".
ეზოდან გამოსვლისას არჩილის საყვარელი ყვავილები ვნახეთ. თვითონ მიუტანია და დაურგავს. დრო არ ჰქონდა და დედას სთხოვა, მოევლო. რუსუდანი დღემდე უვლის.
კომენტარები