ასტრონომებმა შავი ხვრელების ყველაზე მასიური შერწყმა დააფიქსირეს

ფოტო: Robert Lea
გრავიტაციულმა ტალღებმა შავი ხვრელების ყველაზე მასიური შერწყმა გამოავლინა, რომელმაც, შესაძლოა, ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელები გამოწვევის წინაშე დააყენოს.
მეცნიერთა გამოთვლებით, ერთმანეთს 100 და 140 მზის მასის მქონე ობიექტები შეეჯახა. მათი გაერთიანებით ჩვენს ვარსკვლავზე 225-ჯერ მასიური შავი ხვრელი მივიღეთ, დანარჩენი კი ენერგიად გარდაიქმნა, რომელმაც გრავიტაციული ტალღები წარმოქმნა. ამ სიგნალს GW231123 უწოდეს და ის 2023 წლის 23 ნოემბერს LIGO-Virgo-KAGRA (LVK) დეტექტორით დააფიქსირეს. ეს სისტემა სამ ინტერფერომეტრს მოიცავს, რომლებიც აშშ-ში, იტალიასა და იაპონიაშია განლაგებული.
აქამდე ასტრონომებს ასეთი შერწყმის პროცესში ფორმირებული მაქსიმუმ 140 მზის მასის შავი ხვრელი ჰქონდათ დაფიქსირებული, რომელზეც მათ ასევე გრავიტაციულმა ტალღებმა მიანიშნა. ახალ "რეკორდსმენზე" ამბობენ, რომ ის ვარსკვლავის ევოლუციის სტანდარტულ მოდელებში არ ჯდება. სპეციალისტთა ვარაუდით, შესაძლოა, ეს პირველადი შავი ხვრელები თავადაც შეჯახების შედეგად წარმოქმნილიყო.
საინტერესოა ისიც, რომ შერწყმამდე ერთ-ერთი მათგანი მაინც, თუ ორივე არა, ძალიან სწრაფად ბრუნავდა — იმ სიჩქარის ლიმიტთან ახლოს, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიაში გვხვდება. ეს სიგნალის მიხედვით დაადგინეს.
ასეთი გრავიტაციული ტალღები პირველად LIGO-ს ობსერვატორიით 2015 წელს დააფიქსირეს. მას შემდეგ ძიებაში Virgo და KAGRA-ც ჩაერთო და ასტრონომებმა 300-ზე მეტი მსგავსი მოვლენა აღმოაჩინეს. მეცნიერები ამბობენ, რომ უკანასკნელმა მიგნებამ ამ სისტემის შესაძლებლობების ზღვარი კიდევ უფრო შორს გადაწია. ასევე, ის ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვება და კიდევ რამდენი რამ შეიძლება იმალებოდეს ამის მიღმა.
LIGO-Virgo-KAGRA-ს მიერ შეგროვებული მონაცემები სიღრმისეულ ანალიზს, მოდელირებასა და ინტერპრეტაციულ მეთოდებს საჭიროებს. ავტორების განცხადებით, ამ სიგნალებისა და მათი მნიშვნელობის სრულად შესწავლას წლები დასჭირდება, ამიტომ წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა შეიძლება გველოდეს.
მეცნიერებმა კვლევის შედეგები შოტლანდიაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს.
კომენტარები