ChatGPT საკმაოდ მრავალფუნქციური ჩატბოტია და ბევრი მიმართულებით შეუძლია, დავალება სრულყოფილად შეასრულოს. მკვლევრებმა მისი შესაძლებლობები განსხვავებულ დარგებში გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ იგი ბევრ რთულ დავალებას, მათ შორის კოსმოსური ხომალდის მართვასაც კი, შესანიშნავად ართმევს თავს. ამის მიუხედავად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ChatGPT მათემატიკას სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ დაეუფლა.

ამ მიმართულებით მისი შესაძლებლობების შესაფასებლად რობერტ კარუზომ, სისტემის ადმინისტრატორმა, ChatGPT-ს გამოცდა მოუწყო. ეს ჩატბოტი მან ვიდეოთამაშების კონსოლს შეაჯიბრა ჭადრაკში. ოპონენტი კონსოლი Atari 2600 იყო, რომელიც დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა.

Atari 2600 1977 წელს შეიქმნა. იგი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლია.

ფოტო: Wikipedia.org

ყველას გასაკვირად, 1970-იანი წლების კონსოლმა მოწინავე ჩატბოტი მარტივად დაამარცხა.

"ეს იდეა მეგობრებთან ხელოვნურ ინტელექტზე კამათისას გამიჩნდა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად მალე შეძლებდა ChatGPT დაემარცხებინა მოწყობილობა, რომელსაც წინასწარ მხოლოდ ერთი ან ორი სვლის გათვლა შეუძლია", — წერს რობერტ კარუზო.

ChatGPT მოწინავე და ყველაზე თანამედროვე ჩატბოტია, მაგრამ იგი ჭადრაკის სათამაშოდ არ შექმნილა. იგი ჭადრაკის სპეციალურ ალგორითმებს (როგორებიცაა Stockfish ან AlphaZero) არ იცნობს, რამაც შეიძლება ამ დაპირისპირების მოულოდნელი შედეგი ახსნას.

"კონსოლმა დამწყების დონეზე თამაშის დროსაც კი შეძლო, ChatGPT მიწასთან გაესწორებინა. იმის მიუხედავად, რომ ChatGPT-ს დაფის საწყისი განლაგება წინასწარ მივაწოდეთ, მას ეტლის ფიგურები კუს ფიგურებში ერეოდა; ვერ ამჩნევდა, როცა პაიკით შეეძლო მოკვლა და რამდენჯერმე საერთოდ ვერ მიხვდა, სად რა ფიგურა იდგა", — თქვა კარუზომ.

ფოტო: genk.vn

ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენჯერმე თამაშის თავიდან დაწყება მოითხოვა, რათა შედეგი გაეუმჯობესებინა, მაგრამ საბოლოოდ დანებდა და Atari-ს კონსოლთან მარცხი აღიარა.

Atari სპეციალურად ჭადრაკის სათამაშოდაა დაპროგრამებული, ამიტომ მისი გამარჯვება გასაკვირი არც უნდა იყოს. ამის მიუხედავად, აღნიშნულმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ზოგადი გამოყენების ხელოვნურ ინტელექტს ჯერ არ შეუძლია, კონკრეტული დანიშნულების მოწყობილობების ჩანაცვლება — თუნდაც იგი 1979 წელს იყოს შექმნილი და 1.19-მეგაჰერციანი პროცესორით მუშაობდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.