იაპონიამ ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა
ფოტო: Getty Images/Andriy Onufriyenko
იაპონელი მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე სწრაფი ინტერნეტის რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ მათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაციის რიგით 48-ე კონფერენციაზე განაცხადეს, თუმცა ეს ჯერ დამოუკიდებლად არ დადასტურებულა.
გუნდმა 1802 კილომეტრ დისტანციაზე წამში 125 000 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის მქონე მონაცემები გაგზავნა. შედარებისთვის, ეს აშშ-ში არსებული ქსელების საშუალო სიჩქარეს დაახლოებით 4 მილიონჯერ აღემატება და ისეთი სისწრაფე აქვს, რომ მისი მეშვეობით ინტერნეტის მთლიანი არქივის გადმოწერას 4 წუთზე ნაკლებ დროს მოანდომებდით. უკანასკნელი რეკორდი 2024 წლისასაც მნიშვნელოვნად აღემატება, როცა სხვა სპეციალისტებმა წამში 50 250 გიგაბაიტი ინფორმაცია გაგზავნეს.
უკანასკნელი შედეგის მისაღებად მკვლევრებმა ახალი ტიპის ოპტიკური ბოჭკო შექმნეს. ის ინფორმაციის გადაცემის მხრივ 19 სტანდარტული ოპტიკური ბოჭკოს შესაძლებლობას მოიცავს. ასევე, დიდ დისტანციებზე უკეთ მუშაობს, რადგან სინათლესთან ურთიერთქმედების გამო ნაკლებ მონაცემს კარგავს.
ახალ კაბელში 19 ცალკეული ბოჭკო 0.127 მილიმეტრ დიამეტრშია ჩატეული. ეს იგივე სისქეა, რაც ამჟამინდელ ინფრასტრუქტურაში ისედაც გვხვდება, ანუ მათი გაერთიანება შესაძლებელია.
2023 წლის მარტში გუნდმა ასეთ სიჩქარეებს შედარებით ნაკლებ დისტანციაზე მიაღწია, რომელიც უკანასკნელის მესამედზე ნაკლები იყო. მანძილის გაზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ამასთან ერთად მონაცემთა დაკარგვის რისკიც იმატებს. შესაბამისად, მეცნიერებს ეს უნდა აეცილებინათ თავიდან, რაც წარმატებით მოახერხეს. შედეგად სიგნალი გაძლიერდა და ინფორმაციაც უფრო შორს გაიგზავნა.
ვინაიდან მსოფლიოში დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფი გადაცემის მოთხოვნილება სულ უფრო იმატებს, ასეთი საკომუნიკაციო სისტემები აუცილებელია. მკვლევრები თავიანთი რეკორდის პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივას უკვე განიხილავენ.

კომენტარები