მატრიცას ტრილოგიის თანარეჟისორის, ლილი ვაჩოვსკის განცხადებით, ამ საკულტო ფილმებში ტრანსგენდერობის ალეგორიაა გამოყენებული.

ეს ცნობილი ტრილოგია ლილიმ და მისმა დამ, ლანა ვაჩოვსკიმ გადაიღეს, რომლებიც ფილმების გამოსვლიდან რამდენიმე წელში — ლანა 2012 წელს, ლილი კი 2016-ში — ტრასგენდერებად იდენტიფიცირდნენ. ამ ფაქტის გამო მაყურებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ იდენტობასთან დაკავშირებული მინიშნებების ამოკითხვა ჯერ კიდევ წლების წინ გადაღებულ ფილმებშია შესაძლებელი.

4 აგვისტოს ნეტფლიქსის ფილმების კლუბს ლილი ვაჩოვსკიმ დაუდასტურა, რომ ეს მოსაზრება სიმართლისგან შორს არ არის:

"მიხარია, ჩვენი რეალური განზრახვა სხვებმაც რომ შენიშნეს. მაშინ სამყარო ამისთვის მზად არ იყო. მსიამოვნებს იმის გაცნობიერება, თუ რა დატვირთვას ატარებს ეს ფილმები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის: ისინი მეუბნებიან, რომ ეს ფილმები მათ ძალიან დაეხმარა", — განაცხადა ლილი ვაჩოვსკიმ

როგორც The Guardian წერს, ფანების თეორიები კიანუ რივზის პერსონაჟს, ნეოს უკავშირდება, რომლის გაურკვევლობა და შფოთვები ერთგვარად გენდერულ დისფორიას გამოხატავს. აქედან გამომდინარე კი წითელი აბი, რომელსაც ის რეალობის აღსაქმელად იღებს, ჰორმონების მედიკამენტის ალეგორიად შეგვიძლია გავიგოთ.

ლილი ვაჩოვსკის განცხადებით, მას არ შეუძლია დანამდვილებით იმის თქმა, ფილმის სცენარის წერის დროს ნამდვილად ჰქონდა თუ არა თავისი ტრანსგენდერობა გაცნობიერებული, თუმცა მათი მიზანი, სწორედ "შეუძლებლის შესაძლებლად ჩვენება იყო".

"მატრიცა მთლიანად ტრანსფორმაციის სურვილზეა, მაგრამ ეს ყველაფერი იმ ადამიანის პერსპექტივიდანაა დანახული, რომლებიც საკუთარ ჭეშმარიტ იდენტობას მალავენ. მე და ლანა ისეთ სამყაროში ვცხოვრობდით, სადაც შესაფერისი სიტყვებიც კი არ არსებობდა, რის გამოც წარმოსახვითი სამყაროს შექმნა გვიწევდა. ამიტომაც მიგვიზიდა სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრმა", — ამბობს ლილი ვაჩოვსკი.

კინოსამყაროში ვაჩოვსკებად ცნობილ რეჟისორებს შორის ლანა პირველი იყო, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. 2012 წელს The New Yorker-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში "ტრანსგენდერის" ან "ტრანსექსუალის" წარმოთქმაც კი უჭირდა.

"ამაზე ფიქრი იმდენად მაშინებდა, რომ ძილიც კი არ შემეძლო. საბოლოოდ გადავწყვიტე, თერაპევტთან მემუშავა ამ საკითხზე, რასაც სამი ან ხუთი წელი დასჭირდა", — აღნიშნა ლანა ვაჩოვსკიმ ინტერვიუში.

ლანა ვაჩოვსკი

ფოტო: REUTERS/Mario Anzuoni

ამჟამად მატრიცას მეოთხე ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც მხოლოდ ლანა ვაჩოვსკი იღებს. ფილმში მთავარ როლებს კვლავ კიანუ რივზი და კერი ენ მოსი ასრულებენ.