ოკუპაციის პირისპირ — ვაჟა გაფრინდაშვილი
ნოემბერში ერთი წელი შესრულდება, რაც საკუთარი ქვეყნიდან ოკუპანტებმა გაიტაცეს. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მოქალაქეების დასახმარებლად ჩასული ცხინვალში აღმოჩნდა. ექიმის გატაცებამ მსოფლიო რუსულ ოკუპაციაზე კიდევ ერთხელ დააფიქრა, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ ის არ უნდა იყოს გამონაკლისი და ყველა შემთხვევაზე საჭიროა ასეთივე ყურადღება.
ცხინვალი პირველად, ფაქტობრივად, დაკავების შემდეგ ნახა. მანამდე წლების წინ, ღამით მოუწია ჩასვლა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როცა სანიტარული ავიაცია არსებობდა და სპეციალისტებს იძახებდნენ.
"რეალურად, პირველად ვიყავი დაკავების დროს. სამწუხაროდ, ვერც მოვახერხე დათვალიერება, არ მაცადეს".
დაკითხვაზე გაყვანისას ქალაქისთვისა და სოფლებისთვის თვალის შევლება მაინც შეძლო.
"აბსოლუტურად არაფერი არ არსებობს. რამდენჯერმე ვთქვი კიდეც, რომ აღმეშენებლობისა და წინსვლის შედეგი მაშინ ჩანს, როცა სახურავებია გამოცვლილი. იქ "შიფერის" ან დაჟანგული თუნუქის სახურავებია. არც ერთი ახალი სახურავი არ მინახავს, გარდა რუსული სამხედრო ბაზებისა".
თვე-ნახევარი სხვადასხვა უწყების საკნებში გაატარა. ჯერ მესაზღვრეებთან — ოთხი დღე, მერე სხვაგან, ბოლოს კი წინასწარი დაკავების საკანში ჰყავდათ, სადაც სააპელაციო სასამართლოს დასრულებამდე უნდა დარჩენილიყო. თუ საბოლოოდ "გაამტყუნებდნენ", უკვე ციხეში გადაიყვანდნენ.
"ვეხუმრებოდი კიდეც, სრული სერვისი გამიკეთეთ, ერთ ჩამოსვლაზე დაკავების ყველა ადგილი მაჩვენეთ-მეთქი. ბოდიში და, ვეღადავებოდი. შეიძლება ფიქრობდნენ, ფსიქიკურადაც ვერ არიო. შეიძლება, თავის ქებასავით გამომივიდეს, მაგრამ რაც წიგნები ჰქონდათ, ყველა წავიკითხე. წითელი ჯვრის ბეჭდით იყო, ალბათ, მათი შეტანილი. იყო ახალი აღთქმიდან დაწყებული, ფაუსტუსით დამთავრებული, ოღონდ ქართული არაფერი".
9 ნოემბერს სოფლის ორღობეში ორმა რუსმა სამხედრომ დააკავა. ძაღლიც ჰყავდათ, რომელიც მისკენ გაიქცა. თავიდანვე უთხრეს, რომ ე.წ. საზღვარი დაარღვია, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას უარყოფდა და ახლაც არ იზიარებს. წინააღმდეგობა არ გაუწევია და მათ სატვირთო მანქანაში ჩაჯდა.
"პატივი მცეს და კაბინაში ჩამსვეს. წამიყვანეს სამხედრო ნაწილში. აგრესია არ ყოფილა. ეგ რომ ვთქვა, უნდა მოვიტყუო".
როგორც ჰყვება, რუსი ოფიცრები გაკვირვებულები უფრო მას შემდეგ დარჩნენ, რაც უთხრა, რომ არც ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებდა და არც საზღვრის კვეთას. ინტერნეტით სურდათ მისი ვინაობის დადგენა, თუმცა საძიებო სისტემაში გვარი არასწორად ჩაწერეს.
"ჩვენს პირადობაზე ხომ ქართულად და ინგლისურად წერია. Ph ხ-დ გადათარგმნეს. "გაფხრინდაშვილი" ჩაწერეს და ვერ იპოვეს ვერაფერი. საბუთი რომ შეადგინეს და ხელის მოსაწერად მომიტანეს, ვუთხარი, რომ გვარი არასწორად ეწერა. მერე ალბათ, ინტერნეტში მოძებნეს ასოციაციის პრეზიდენტი რომ ვიყავი. გაკვირვებულები იყვნენ, ინტელიგენტი ადამიანი, განათლებული ექიმი ხარ და რატომ იძახი, რომ საზღვარი არ დაგირღვევია, ხომ იცი, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაოო. მეთქი, თქვენსა და ნაურუს გარდა მაგას არავინ აღიარებს და თუ მთელი მსოფლიო არ აღიარებს, ცხადია, მეც არ ვაღიარებ.
ის იყო ჩვეულებრივი ოფიცერი, მაგრამ პროპაგანდის მსხვერპლი იყო. ალბათ, მართლა ჰგონიათ, რომ ეხმარებიან მოძმე ოს ხალხს "ქართველი ფაშიტებისგან" გათავისუფლებაში. თორემ როგორ დამოუკიდებლობას აძლევენ, ეს ხომ ცხადია. საქართველოს დასაშინებლად იყენებენ".
იხსენებს, რომ დაკითხვისას KGB ხშირად ესაუბრებოდა "ქართველთა დანაშაულებზე" ოსი ხალხის მიმართ. ვიდეოკოლაჟებსაც აჩვენებდნენ იმის შესახებ, რა ხდებოდა 90-იან წლებში.
"ასე ვთქვათ, აღმზრდელობით სამუშაოებს ატარებდნენ. სხვებთან არა, ჩემთან მხოლოდ. იმიტომ, რომ უარს ვამბობდი მეღიარებინა "საზღვრის" კვეთა".
საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვაჟა გაფრინდაშვილიც ბევრს უყვებოდა. როგორც ამბობს, დაკითხვისას ეკითხებოდნენ უცხოეთში მის მოგზაურობაზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ა.შ.
"პირველი დღეები ძალიან მძიმე იყო"
დაკავების პირველი დღეები ძალიან მძიმე იყო, დაუცველად და მიტოვებულად გრძნობდა თავს. მერე ნელ-ნელა გონებაში აზრებიც დალაგდა და აფხაზურ-ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ბევრს ფიქრობდა.
"ადამიანური ურთიერთობით აბსოლუტურად შესაძლებელია ამის დალაგება. შეიძლება ყველა ძმა ვერ გახდეს, მაგრამ ადამიანური და ნორმალური ურთიერთობის დამყარება და თანაცხოვრება შესაძლებელია. ეს უნდა იყოს ჩვენი ნებისმიერი მთავრობის მიზანი. სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, თუნდაც ეკონომიკური გაძლიერება".
არ ეგონა, რომ თითქმის თვე-ნახევარი ცხინვალის ციხეში ყოფნა მოუწევდა. ფიქრობდა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმას დააკისრებდნენ და გამოუშვებდნენ, რაც ოკუპირებული რეგიონის მთავრობისთვისაც უკეთესი იქნებოდა:
"ვეუბნებოდი, რატომ მიკეთებთ ამხელა რეკლამას-მეთქი. აქ თუ ორი წელი ციხეში გავატარე, ჩემს პროფესიას ვეღარ დავუბრუნდები და იძულებული ვიქნები პოლიტიკაში წავიდე-მეთქი".
საკანში მასთან ერთად იყვნენ ნაცემი დაკავებულებიც. იხსენებს დათოს, რომელიც 10 წლის ბავშვთან ერთად ტყეში, საოკუპაციო ხაზიდან ორ კილომეტრში გაიტაცეს.
ოკუპანტებმა ჯერ ბავშვი დააკავეს.
"დათო მივიდა ბავშვის დასახმარებლად. ეს დაიჭირეს და ბავშვი გაუშვეს, მარტო დატოვეს ტყეში, წარმოიდგინეთ. ტელეფონზე დაარეკინეს, მეზობლებთან გადარეკა, ბავშვი აქ არისო, რომ მიეკითხათ და წაეყვანათ. ორი-სამი კილომეტრი გარშემო არაფერი იყო, არც დასახლებული პუნქტი, არაფერი. ბავშვზე ნერვიულობდა ძალიან. საკმაოდ ნაცემი იყო — რომ მიგვიყვანეს ცხინვალში, სისხლი სდიოდა, სისხლს ახველებდა. კატეგორიულად მოვითხოვე, რომ გაეწიათ სამედიცინო დახმარება. მართლაც წაიყვანეს საავადმყოფოში, გადაუღეს რენტგენი და თქვეს, არაფერი სჭირსო, თუმცა აშკარად ცხვირი მოტეხილი ჰქონდა. მაქვს კონტაქტი და დღესდღეობითაც უჭირს სუნთქვა".
"უცბად ბადრაგი იძახის, გზავნილია შენთან. ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ"
ცხინვალში ნაცნობები არ ჰყოლია. რეგიონიდან რამდენიმე პაციენტი მასთან იყო ნამყოფი, თუმცა მათი კონტაქტები არ ჰქონდა.
"ერთადერთი, ვისაც ვიცნობ მაგ რეგიონიდან, არის დიმა სანაკოევი, მაგრამ მისი სახელის ხსენება იქ კატასტროფა იყო. შეიძლება მაგაზე უფრო დავესაჯე, ვიდრე "საზღვრის" დარღვევაზე".
წინასწარ დაკავებაში გადაყვანიდან მეორე დღესვე პირველი ე.წ. პერადაჩა მიიღო, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანისგან იყო. როგორც შემდეგ გაიგო, ეს ცხინვალელმა ექიმმა გააკეთა.
გაფრინდაშვილის თქმით, ამისთვის მისი ნაცნობი თბილისიდან მოსკოვში დაუკავშირდა მეგობარს, ამ უკანასკნელმა კი ცხინვალში გადარეკა.
"ეს იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც გარედან შემოვიდა ჩემთან".
ცოლი, თამარ ლაფანაშვილი უკვე თბილისში ყოფნისას უყვებოდა, რომ რეგიონიდან წამოსული, საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრები ადამანები უკავშირდებოდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ, ატყობინებდნენ, რომ გზავნილები შეუტანეს.
"სთავაზობდა ჩემი მეუღლე თანხას, გადმოგირიცხავთ, რომ გადაურიცხოთო. ისინი ეუბნებოდნენ, ერთი კაცი როგორ ვერ უნდა შევინახოთ ამდენმა კაცმაო?".
გზავნილებს ორი კვირის განმავლობაში იღებდა, დღეში ხანდახან ორჯერ ან სამჯერაც. როგორც შემდეგ გაირკვა, ყველა გამომგზავნი KGB-მ დაკითხა.
"მერე ეშინოდათ უკვე და ვეღარც შემოდიოდა გზავნილი. ერთ-ერთი ჩანთა, რომელიც ოჯახის მიერ იყო გამოგზავნილი ვლადიკავკაზის გზით, ორი თვის შემდეგ უკან დამიბრუნდა თბილისში".
ციხის საჭმელი არ უჭამია. მხოლოდ პურს და ხანდახან მოხარშულ კვერცხს იღებდა.
"ალბათ, არასწორი პრინციპი იყო, მაგრამ პირველი დღიდან რომ ვთქვი, არ შევჭამ ამათ საჭმელს-მეთქი, არ მიჭამია. შიში არ მქონია, უბრალოდ ჩემთვის გადავწყვიტე ეს. ბოლოს ოჯახისგან იყო გამოგზავნილი ძეხვი, ყველი, ჩურჩხელები, რაღაცები. 20-ის მერე შიმშილობის დაწყებას ვაპირებდი. იქამდე ერთი კვირა პურსაც არ ვჭამდი, რადგან რაციონი შევამცირე, ვემზადებოდი".
გაგზავნილი საჭმელებიდან მცირედს თვითონ იტოვებდა, დანარჩენს სხვებს ურიგებდა. იხსენებს, რომ სხვებიც ასე იქცეოდნენ:
"ურთიერთმხარდაჭერა იყო, იგივე მხარდაჭერას ვგრძნობდი მე მათი მხრიდან".
"წინასწარ პატიმრობას რომ მიცხადებდნენ, ადვოკატი სასამართლო დარბაზში არც შემოსულა"
თავიდან სახაზინო ადვოკატი ჰყავდა, რადგან კერძო არ აუყვანია და იმ პირობებში "უფლებადამცველის" ყოლასაც ფორმალობად მიიჩნევდა. იხსენებს, რომ საზახინო ადვოკატს ქართულად ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
პირველი სასამართლო პროცესი ძალიან ხანმოკლე იყო. ხუთ-ათ წუთში გადაწყდა ყველაფერი. წაიკითხეს "ბრალი", პროკურორი გამოვიდა, ადვოკატმა თავი დაუქნია, მოსამართლე შევიდა-გამოვიდა და ორთვიანი წინასწარი შეუფარდეს.
"წინასწარს რომ აცხადებდნენ, ადვოკატი არც შემოსულა. სასამართლო დარბაზში არ იყო. რომ გადამიყვანეს იზოლატორში, მეორე დღეს მოვიდა გამომძიებელთან ერთად.
ერთადერთი, რაზეც ჰქონდა ჩემთან ლაპარაკი, წინასწარ ორთვიანს მოგცემენო. მეტი იმას არაფერი უთქვამს. ის ხომ მაინც უნდა ეკითხა, რატომ "დავარღვიე", სად მივდიოდი. არაფერი უკითხავს. როგორ გითხრათ, ცალკეც არ დამლაპარაკებია. გამომძიებელთან ერთად მითხრა, ორთვიანს მოგისჯიანო".
ამ პერიოდში ოჯახმა უკვე დაიქირავა ადვოკატი ვლადიკავკაზიდან, რომელზეც ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ წესისამებრ ესაუბრა.
"მასაც ექმნებოდა პრობლემები, მითხრა, მითვალთვალებდნენ სულო, პირად ლაპარაკში ეუბნებოდნენ, ამას როგორ იცავ, ეს ხო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთსო".
"თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ, ამხელა სასჯელი რომ დამადეს"
წინასწარ დაკავებაში ყოფნისას მისი კამერა ბადრაგის ოთახის პირადაპირ იყო, საიდანაც პატარა ტელევიზორი ჩანდა.
"კარმუშკას რომ ეძახიან, საჭმელს რომ გაწვდიან, იქიდან ჩანდა ტელევიზორი. თავიდან ქართულ პირველ არხს და მეორე არხს იჭერდა, ჩვეულებრივი სახლის ანტენით. თეფშით ყველა არხს იჭერს საერთოდ... ჩემი თხოვნით არხებს მირთავდნენ".
ორი კვირის შემდეგ ტელევიზორს ადგილი შეუცვალეს და გამორთეს. ამ დროს ოსურ მედიასაც ეცნობოდა, რომელშიც წერდნენ, რომ ის სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა და უგულებელყოფდა.
დეკემბერში ბოლო სასამართლო სხდომა ჩატარდა. ნაწილობრივ დუმილის უფლებას იყენებდა, მხოლოდ ბოლო სიტყვის თქმა სურდა. სხდომა ღია უნდა ყოფილიყო, მაგრამ დახურეს.
დარბაზში მხოლოდ ის, მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი და ბადრაგები იყვნენ.
"მადლობა გადავუხადე ოს ხალხს, რომელმაც თანადგომა გამოიჩინა და მხარში ამომიდგა. ბოდიშიც მოვუხადე იმისთვის, რომ KGB-მ შეაწუხა ჩემ გამო. იქ მერე ისე დაწერეს ოსებმა, რომ თითქოს მე მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ კარგი საჭმელები და გზავნილები შემოჰქონდათ. მეორე ნაწილი, KGB-მ რომ შეაწუხა მაგაზე არაფერი უთქვამთ".
იმის გამო, რომ ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობა არ აღიარა, ე.წ. სასამართლომ მას ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯა.
"როგორც კი მომისაჯეს, იმავე საღამოს ტელევიზორი შემომიტანეს. დეკემბერში იყო ბოლო სასამართლო და საღამოს უკვე ტელევიზორი შემოიტანეს. თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ, ამხელა სასჯელი რომ დამადეს. არავინ ელოდა, ყველას ეგონა, რომ გამომიშვებდნენ.
იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამან. მე თუ მკითხავ, მარტო ჩემზე არ უნდა ყოფილიყო. არ აქვს მნიშვნელობა — საქართველოს მოქალაქე არის უკანონოდ დაკავებული, რა მნიშვნელობა აქვს, ის ცნობადი პიროვნებაა, განათლებულია, გლეხია, მკვლელია — მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მსგავსი რეაქცია უნდა იყოს".
სააპელაციო სასამართლოზე უარს ამბობდა, თუმცა ადვოკატმა ოჯახს დაურეკა და საბოლოოდ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. შემდეგ პროცესს ახალ წლამდე ელოდა.
"ოჯახთან შეხვედრა საკმაოდ მძიმე იყო, პირველი ღამე არ მეძინა"
27 დეკემბერს მასთან ერთ-ერთი თანამდებობის პირი შევიდა. უთხრა, რომ ანატოლი ბიბილოვთან კავშირი ჰქონდა და შეეძლო შეწყალებისთვის ეშუამდგომლა. მან შეწყალების თხოვნის დაწერა ისე შესთავაზა, რომ წერილში საზღვრის კვეთის ბრალდების აღიარებაზე არაფერი ყოფილიყო ნათქვამი.
"დავწერეთ წერილი, რომ ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ ადგილას დამაკავეს რუსმა სამხედროებმა, მომისაჯეს ამდენი, გთხოვთ შემიწყალეთ. საღამოს ხდება, შვიდ საათზე.
დილის ცხრა საათზე იყო შემოვლა. 15 წუთში შემოდის ბადრაგი, მეკითხება, ეს ყველაფერი შენიაო? ხო-მეთქი. აუ, ამას რა ჩაალაგებსო. რა ჩავალაგო-მეთქი და გიშვებენო. ამიყვანეს ციხის უფროსთან, გადამიღეს, რომ დაზიანება არაფერი მქონდა. ბარგი ჩემ მაგივრად ჩაალაგეს".
დიდი ხნის შემდეგ ოჯახთან შეხვედრის მომენტს ემოციურად იხსენებს.
"საკმაოდ მძიმე იყო. შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ღამე არ მეძინა. ყველას ეძინა და მე ტელევიზორს ვუყურებდი. ვერ დავიძინე ფიზიკურად. ერთი ეს იყო და მერე უკვე ჩვეულებრივად... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შემდგომი სტრესი ჩემი ოჯახის წევრებს უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე მე. გაუჭირდათ ამის გადატანა".
მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ძნელი აღმოჩნდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ამან იკლო. მიაჩნია, რომ ერთ პიროვნებაზე აქცენტი სწორი არ არის და სხვა დაკავებულებიც უნდა ჩანდნენ:
"ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან იმათ იქ უწევთ ცხოვრება. მუდმივი შიშის ქვეშ არიან".
"ვიღაცის იმედზე ხარ და ეს ვიღაცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო არაა"
როგორც შემდეგ გაარკვია, მის გარდა, ყველა დაკავებულმა აღიარა, რომ ე.წ. საზღვარი გადაკვეთა. თუმცა ეს არც უკვირს, რადგან გატაცებული მოქალაქეების უმრავლესობას საოკუპაციო ხაზი შემთხვევით აქვს გადალახული: ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო, ან საქონელი დაეკარგა, ან ტყეში იყო წასული შეშის მოსაჭრელად.
"გასაკვირიც არაა ამ ხალხის, რადგან მათი არსებობა და ცხოვრება მათ შრომაზეა დამოკიდებულია. იმ ოთხ-ხუთ დღეშიც, როცა დაკავებულები არიან, შეიძლება თავიანთი მთელი წლის ნამუშევრის ნახევარი დაკარგონ. მათ ერთი სურვილი აქვთ — რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სახლში, ოჯახი გამოკვებონ".
კიდევ ერთ პრობლემად ვაჟა გაფრინდაშვილი იმასაც ასახელებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში თანხის გადარიცხვა შეუძლებელია — ნაცნობის და ახლობლის გარეშე ჯარიმასაც ვერ გადაიხდი.
"მეც მქონდა ბარათზე ფული. იმედი მქონდა, რომ თუ დამჭირდებოდა, ჯარიმას გადავიხდიდი. ჩემთან ერთად მყოფებსაც ვეუბნებოდი, რომ თუ რაღაცა, ჯარიმის გადახდაზე დაგეხმარებით. იმიტომ, რომ იქ თუ შენ ნაცნობი ან ვიღაც ახლობელი არ გყავს, რომელიც ჯარიმას გადაიხდის, ელოდებიან. შეიძლება გაგასამართლონ, ჯარიმა დაგაკისრონ და სანამ თანხას არ გადაიხდი არ გიშვებენ. ამიტომაც ვიღაცის იმედზე ხარ და ეს ვიღაცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ".
მისივე თქმით, ყველაზე მეტი დახმარება გატაცებულებს მაშინ სჭირდებათ, როცა მესაზღვრეებთან ხვდებიან. კორონავირუსამდე ყველა პირდაპირ იქ ხვდებოდა, ახლა კი გატაცებულები ჯერ კარანტინში გადაჰყავთ, მერე პირდაპირ სასამართლოში.
"მესაზღვრეებთან არის ყველაზე კატასტროფა. ფიზიკური ძალადობა არჩილ ტატუნაშვილის ამბების შემდეგ არ ყოფილა. მე მის მშობლებსაც ვუთხარი, რომ ეს იყო ოსებისთვის ყველაზე შავ-ბნელი წერტილი.
იმის მერე მართლა არ ყოფილა ცემა. ვინც იყო ნაცემი, იყო რუსი სამხედროების მიერ. მე და დათო რომ მიგვიყვანეს, ხო ნახეს, რომ ნაცემი იყო. იკითხეს, ჩვენებმა გცემაო და არა რუსმაო და შეაგინეს რუსებს. ვერ იტანენ ისინიც, რა".
"ვფიქრობ, რომ სტრასბურგში ვიჩივლო"
ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ დაკავებულების შესახებ საზოგადოება ძალიან ცოტა ინფორმაციას ფლობს. იციან, რომ დააკავეს, გაასამართლეს, გამოუშვეს, თუმცა არავინ საუბრობს იქ რა პირობებში არიან.
არ მოსწონს, რომ გათავისუფლების შემდეგ მას არა დაზარალებულის, არამედ მოწმის სტატუსი მიანიჭეს.
"ყველა დაკავებულს შეუძლია, რუსეთის მთავრობას სტრასბურგში უჩივლოს. აბსოლუტურად ყველას. მით უმეტეს, ეს არის ადამიანისთვის თავისუფლების ძალადობრივი აღკვეთა. დაინტერესდით, რა სტატუსით არიან ეს დაკავებულები ჩვენთან. ჩვენს სამართლდამცავებს რა სტატუსით ჰყავთ გატარებული. მე დავინტერესდი და გაოცებული დავრჩი. ვყოფილვარ, თურმე მე მოწმის სტატუსით გატარებული და არა დაზარალებულის".
როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, მსგავსი რამ შეიძლება ვინმეს დაუდევრობის ან კანონმდებლობაში უზუსტობის გამო იყოს, რომელზეც ჯერ კიდევ არავის უფიქრია. არ ჰგონია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.
"ვფიქრობ, რომ სტრასბურგში ვიჩივლო. ნამდვილად არ მინდა ეს ასე დავტოვო. ჩემმა ადვოკატმა ცენტრი ემპათიას დახმარებით მიმართეს უწყებებს და უთხრეს, რომ მე როგორც მოწმე ისე ვიყავი, ამიტომ საქმის მასალებთან გაცნობის საშუალება არ მექნება. თუმცა მერე შეცვალეს. შეიძლება კანონში იყოს რამე ხარვეზი... ჩემი აზრით, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ყველა, ვისაც თავისუფლება აღუკვეთეს, იყოს დაზარალებული.
მე რომ სტრასბურგში ვიჩივლო, ამ დროს საბუთებში მიწერია, რომ მოწმე ვარ და არა დაზარალებული ჩემს ქვეყანაში. ცხადია, ნებისმიერი გეტყვის, რას ჩივი, ჯერ შენს ქვეყანაში გაარკვიე, რა სტატუსი გაქვსო".
"ყველამ უნდა ილაპარაკოს, მთავარი სალაპარაკო ეს უნდა იყოს".
ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ რაღაცები გადააფასა.
"არ არის მთავარი ეკონომიკურად მხოლოდ შენ იყო ძლიერად იმიტომ, რომ ძნელია, მხოლოდ შენ იყო კარგად და შენ გარშემო ამდენი გაჭირვებული იყოს. აუცილებელია ერთმანეთის თანადგომა. ეს თანადგომა დავინახე ჩემს საკუთარ თავზე სრულიად უცნობი ხალხის მხრიდან, როგორც ცხინვალში, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში".
გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრა ოკუპაციაზე საუბრით უნდა დაიწყოს. გამარჯობის ნაცვლადაც უთხრას, რომ "აფხაზეთი და ოსეთი ჩვენია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია":
"თუ საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ არ მისცა მაგალითი, რომ ჩვენთვის ეს მტკივნეულია და ამაზე ვფიქრობთ, არც ევროპელი და არც ამერიკელი შენს ნაცვლად ამას არ გააკეთებს".
კომენტარები