რა როლი ითამაშა ტექნოლოგიების განვითარებაში კოსმოსურმა რბოლამ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას დაედო საფუძველი. ეს პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა, ისტორიაში ცივი ომის სახელით შევიდა. 50-იან წლებში კი ამ ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ინტენსიური დაპირისპირება დედამიწის ფარგლებსაც კი გასცდა — დაიწყო კოსმოსური რბოლა, რომლის ფარგლებშიც როგორც საბჭოთა კავშირი, ისე აშშ საკუთარი ტექნოლოგიებისა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდა.

კოსმოსური რბოლის ქრონოლოგია

ფოტო: Getty Images

კოსმოსური რბოლის დასაწყისად საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წლის ოქტომბერში სპუტნიკ 1-ის გაშვება ითვლება — ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი თანამგზავრი, რომელმაც დედამიწის დატოვება შეძლო და ორბიტაზე განთავსდა. ეს მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის ნამდვილად გამაოგნებელი აღმოჩნდა, ამერიკელებისთვის კი ერთგვარ გამოწვევადას იქცა — საჭირო გახდა, რაც შეიძლება სწრაფად გაეშვათ ამერიკული თანამგზავრი ორბიტაზე, რათა კოსმოსის ათვისებაში საბჭოთა კავშირისთვის პიონერობის უფლება არ მიეცათ.

თუმცა, იმავე წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე კიდევ ერთი თანამგზავრი, სპუტნიკ 2 გაუშვა, თანაც ამჯერად ძაღლთან ერთად. ძაღლი ლაიკა პირველი ცოცხალი არსება იყო, რომელიც კოსმოსში გაუშვეს. რაც შეეხება აშშ-ს, მათ პირველი ამერიკული თანამგზავრის, Explorer 1-ის ორბიტაზე გაშვება 1958 წელს მოახერხეს, ამას კი შედეგად აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) დაარსება მოჰყვა.

კოსმოსური რბოლის დასაწყისში საბჭოთა კავშირი აშკარა უპირატესობას ფლობდა. 1959 წელს მათ Luna 1 გაუშვეს, რომელიც პირველ კოსმოსურ რაკეტადაა ცნობილი — იგი პირველი იყო, რომელიც დედამიწის ორბიტას გასცდა. ხომალდი მთვარეზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა შეცდომის გამო მას მიმართულება აერია და სამიზნემდე ვერ მიაღწია. პირველი ხომალდის წარუმატებლობის მიუხედავად, მთვარის შემსწავლელი პროგრამა გაგრძელდა და ასევე 1959 წელს საბჭოთა კავშირმა Luna 2 გაუშვა, რომელიც სამიზნეზე წარმატებით დაეშვა და პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც მთვარემდე მიაღწია. ამას მესამე, Luna 3-ის მისია მოჰყვა, რომლის დროსაც პირველად მთვარის შორეული მხარის ფოტოები მოვიპოვეთ. 1959 წელი საბჭოთა კავშირისთვის ნამდვილად წარმატებული გამოდგა. რაც შეეხება ამერიკას, ამ წელს მათ Explorer 6 გაუშვეს, რომელმაც პირველად კოსმოსიდან დედამიწის ფოტოებზე აღბეჭდვა მოახერხა.

რა თქმა უნდა, რბოლა აქ არ შეჩერებულა, 1960 წელს საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ 5-ით ორი ძაღლი, ბელკა და სტრელკა მრავალ მცენარესთან ერთად კოსმოსში გაუშვა და რაც ყველაზე მთავარია, ისინი დედამიწაზე ცოცხლები დააბრუნა. ეს კი მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ადამიანების კოსმოსში გაშვების წინაპირობას წარმოადგენდა. ამ მოვლენას აშშ-ს მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და 1961 წელს მათ MR-2-ით კოსმოსში შიმპანზე სახელად ჰემი გაუშვეს, რომელიც დედამიწაზე ასევე უვნებელი დაბრუნდა.

1961 წლის 12 აპრილი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად იქცა: ამ დღეს საბჭოთა კავშირმა სრულ ტრიუმფს მიაღწია — Vostok 1-ით დედამიწის ორბიტაზე პირველი ადამიანი, იური გაგარინი გაფრინდა. მან დედამიწას ერთხელ შემოაურა და საბოლოოდ დასავლეთ რუსეთში, სარატოვის ოლქში წარმატებით დაეშვა. ამ გაშვებიდან მალევე, 5 მაისს, კოსმოსში MR-3-ით აშშ-დან ამერიკელი ალან შეფარდი გაფრინდა, მას დედამიწის ორბიტაზე არ უფრენია, 185 კმ სიმაღლეზე აფრინდა და უკან მალევე დაეშვა.

აშკარა იყო, რომ საბჭოთა კავშირი პირველობის დათმობას არ აპირებდა — 1963 წელს კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა პირველი ქალი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მან საკუთარი ხომალდ Vostok 6-ით დედამიწას 48-ჯერ შემოუფრინა. საბჭოთა კავშრის კიდევ ერთი პიონერული მისია 1965 წელს შედგა — კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა ხომალდი Voskhod 2 დატოვა და 12 წუთი ღია კოსმოსში გაატარა. ეს იყო ადამიანის მიერ შესრულებული პირველი ე.წ. "ღია კოსმოსში გასეირნება".

თუმცა, მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა და ამერიკამ კაცობრიობის სიტორიაში პირველად ადამიანის მთავრეზე გაშვება შეძლო, რაც ნამდვილად გამაოგნებელ მიღწევას წარმოადგენდა. 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგმა და ედვინ ალდრინმა აპოლო 11 მისიის დროს პირველად მთვარეზე დადგეს ფეხი. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი განუწყვეტლივ ცდილობდა მთვარემდე მიღწევეს, თუმცა უშედეგოდ.

კოსმოსური რბოლის დასრულების ოფიციალურ თარიღად 1975 წელი მიიჩნევა, როცა Apollo–Soyuz-ის სატესტო პროექტის ფარგლებში ამერიკელმა ასტრონავტმა და საბჭოთა კოსმონავტმა ერთმანეთს ხელი კოსმოსში, ხომალდთა შეპირაპირებისას ჩამოართვეს. თუმცა ბევრი მიიჩნევს — და სამართლიანადაც — რომ იმ წამს, როცა ნილ არმსტრონგმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა, საბჭოთა კავშირის იმედები, შეენარჩუნებინათ პირველობა კოსმოსის ათვისების სფეროში, ერთხელ და სამუდამოდ დასამარდა და რბოლამაც სიმბოლური ხასიათი მიიღო.

რბოლის მნიშვნელობა ტექნოლოგიური წინსვლის სფეროში

ფოტო: getty images

კოსმოსური რბოლის მნიშვნელობაზე საუბრისას ხშირად ხაზი ამ მოვლენის პოლიტიკურ მხარეს ესმევა. მართლაც, ატმოსფეროს მიღმა გასასვლელად საჭირო ტექნოლოგია პირდაპირ იყო მიბმული სამხედრო შეიარაღების დახვეწასთან. კერძოდ კი, ბალისტიკური რაკეტების შექმნა ატომური იარაღის შორ მანძილზე გადატყორცნის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, ერთი შეხედვით მშვიდობიანი მიზნებით მართული ტექნოლოგიური პროგრესი კოსმოსის შესწავლის ენთუზიაზმით ნიღბავდა სამხედრო ძლიერების დემონსტრაციას.

საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის მერე ატომური იარაღი აღარც ერთ ქვეყანას აღარ გამოუყენებია და ცივი ომიც, რომლის ნაწილიც იყო კოსმოსური რბოლა, ორ სუპერძალას შორის მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის გარეშე დასრულდა. სწორედ ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ განვითარებულ მოვლენებს, შეგვიძლია, კოსმოსური რბოლის დადებით მხარეებზეც გავამახვილოთ ყურადღება; კერძოდ კი, ის ტექნოლოგიური მიღწევები შევაფასოთ, რომელთა შექმნა და განვითარებაც სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია და რომელთა გარეშეც დღეს სულ სხვა ტიპის რეალობაში ვიცხოვრებდით.

ქვემოთ რამდენიმე ისეთ ტექნოლოგიურ მიღწევაზე ვისაუბრებთ, რომელთა არსებობასაც კოსმოსურ რბოლას უნდა ვუმადლოდეთ.

ხელოვნური თანამგზავრების დახვეწის შედეგად განვითარებული ტექნოლოგია

სპუტნიკ 1-ის ილუსტრაცია.

ფოტო: ullstein bild / Getty Images

კოსმოსური რბოლის შედეგად შექმნილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიას თანამგზავრი წარმოადგენს. ერთი შეხედვით, მისი იდეა საკმაოდ მარტივია — ობიექტი დედამიწის ატმოსფეროს ზევით შესაბამის სიმაღლეზე უნდა განათავსო და მან შემდეგ პლანეტის გარშემო მოძრაობა გრავიტაციის გამოყენებით უნდა განაგრძოს. თუმცა მისი წარმატებული გაშვება, ორბიტაზე განთავსება და შემდეგ კონტროლი ძალიან კომპლექსური საქმეა. სწორედ ამიტომ პირველი სპუტნიკის გაშვების შემდეგაც კი მრავალი ცდა წარუმატებლობით სრულდებოდა.

სპუტნიკ 1 კალათბურთის ბურთის ზომისა და ფორმის თანამგზავრი იყო და იგი სულ რაღაც 83 კილოს იწონიდა. უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობის მიუხედავად, თანამედროვე თანამგზავრებთან შედარებით მას განსაკუთრებული უნარები არ ჰქონია — იგი, უბრალოდ, დედამიწას გარშემო უვლიდა და მარტივ რადიოსიგნალებს გამოსცემდა.

აშშ-ის მიერ გაშვებული პირველი თანამგზავრი Explorer 1 კი სპუტნიკზე დახვეწილი აღმოჩნდა: იგი უფრო პატარა და მსუბუქი იყო. ასევე, მას, სპუტნიკისგან განსხვავებით, ძრავიც ჰქონდა. სპუტნიკის ზედაპირი გლუვი და გაპრიალებული იყო, რათა ტელესკოპის მეშვეობით მისი დანახვა მარტივი ყოფილიყო, ხოლო Explorer-ის ნათელი და მუქი ზოლები მას ტემპერატურის კონტროლში ეხმარებოდა. კიდევ ერთი და საკმაოდ მნიშნელოვანი განსხვავება კი მათ ინსტრუმენტებში იყო: სპუტნიკს მხოლოდ ორი რადიოგადამცემი ჰქონდა, მაშინ, როცა Explorer კოსმოსური გამოსხივების დეტექტორით, რადიო გადამცემით, ტემპერატურისა და მიკრომეტეორიტების დამაფიქსირებელი სენსორებით იყო აღჭურვილი.

როგორც ვიცით, Explorer-ს უამრავი სხვა თანამგზავრის გაშვება მოჰყვა როგორც აშშ-ის, ასევე საბჭოთა კავშირის მიერ. თითოული მათგანი წინაზე უფრო დახვეწილი და მრავალფუნქციური იყო. დროთა განმვალობაში ეს თანამგზავრები იმდენად განვითარდა, რომ ადამიანების ცხოვრებაში ნელ-ნელა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება დაიწყეს. შემდეგ, თანამგზავრების გაშვება სხვა ქვეყნებაც წამოიწყეს, რადგან მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების დანახვა შეძლეს.

ხელოვნური თანამგზავრების როლი თანამედროვე რეალობაში მართლაც განუსაზღვრელია:

  • თანამგზავრების მეშვეობით გაუმჯობესდა ამინდის პროგნოზირება;
  • მიწაზე ორიენტირებული თანამგზავრების წყალობით შესაძლებელი გახდა ტყეებში, წყლებსა და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილებში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება;
  • უფრო რთულმა, ტელეკომუნიკაციებისთვის განკუთვნილმა თანამგზავრებმა მობილური ტელეფონით საქალაქთაშორისო ზარების განხორციელება გახადა შესაძლებელი, დროთა განმავლობაში კი სატელევიზიო მაუწყებლობა მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა;
  • თანამგზავრების შემდეგმა თაობებმა ინტერნეტის არსებობას დაუდეს საფუძველი.

ასეთია არასრული სია იმ ტექნოლოგიური მიღწევებისა, რომლებიც 50-იან წლებში დაწყებული თანამგზავრების ორთაბრძოლის გარეშე დღეს შეიძლება არც არსებულიყო.

კოსმოსური ხომალდების განვითარება

ფოტო: getty images

ჩვენს ორბიტაზე თანამგზავრების განთავსების გარდა, კოსმოსური რბოლის დროს რაკეტებისა და ხომალდების დემონსტრირება და მათი დახვეწაც აქტიურად მიმდინარეობდა. პირველი ხომალდი, რომლითაც ადამიანი კოსმოსში გაფრინდა, საბჭოთა კავშირის Vostok იყო. სწორედ ამ ხომალდმა გაიყვანა იური გაგარინი ატმოსფეროს მიღმა.

Vostok საკმაოდ პრიმიტიულ კაფსულას წარმოადგენდა — იგი დასაშვებად არ იყო განკუთვნილი და ატმოსფეროში შემოსვლის დროს კოსმონავტი მისგან გამოიტყორცნებოდა. საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი მომდევნო ხომალდები დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწებოდა — მათში უფრო მეტი კოსმონავტის მოთავსება გახდა შესაძლებელი და დამშვები სისტემაც შეიქმნა. საბოლოოდ, საბჭოთა ხომალდები იმდენად განვითარდა, რომ ღია კოსმოსში გასვლაც კი შესაძლებელი გახდა.

ერთ-ერთ მნიშნელოვან ხომალდს Soyuz წარმოადგენს. იგი პირველად 60-იან წლებში შეიქმნა და მას შემდეგ მისი რამდენიმე მოდელი აეწყო. თუმცა თითოეული ვარიანტი ორიგინალის ძირითად კონცეფციას იმეორებს: მას ცენტრში დამშვები მოდული აქვს, სადაც ასტრონავტები გაშვების დროს სხედან. ერთ მხარეს ორბიტალური მოდულია, რომელიც საცხოვრებლადაა განკუთვნილი და სადაც დამაკავშირებელი მექანიზმია განთავსებული. ხოლო მესამე ნაწილს ძრავის მოდული წარმოადგენს, რომელშიც ძრავები, საწვავი და მზის პანელებია განლაგებული.

რაც შეეხება ამეირულ კოსმოსურ ხომალდებს, ისინი განსაკუთრებით აპოლოს მისიების დროს დაიხვეწა, რაც აშშ-სთვის ძალზედ მნიშნელოვანი იყო. მათ სწორედ ამ გაუმჯობესებათა ხარჯზე შეძლეს მთავრემდე მიღწევა და ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცლის დაწერა.

ამ მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებას კი შატლის პროგრამა და მისი ტექნოლოგია წარმოადგენდა. შატლის ხომალდის ინოვაციურობა ის გახლდათ, რომ მისი ხელახალი გამოყენება იყო შესაძლებელი. მას ასევე განსხვავებული დიზაინიც ჰქონდა. ხომალდის ტანი, რომელიც თვითმფრინავს ჰგავდა, ორბიტერი იყო, გაშვების დროს ამ ორბიტერს სამი სხვა ნაწილი უერთდებოდა — ერთი მასიური საწვავის ავზი და ორი შედარებით პატარა ამაჩქარებელი. საბოლოოდ, ხომალდი სულ 7 ასტრონავტს იტევდა.

კოსმოსური რბოლის მემკვიდრეობა

ფოტო: getty images

რბოლის პერიოდში კოსმოსის შესწავლის პროცესში ძალიან ბევრ სხვა ტექნოლოგიასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც დღეს ადამიანები აქტიურად ვიყენებთ.

გასულ საუკუნეს გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, კოსმოსის შესწავლა დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად უკვე უამრავი მისიის განხორციელება შევძელით და კიდევ უამრავი მათგანია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ კოსმოსის შესწავლის პროცესში სხვა ერებიც ჩაერთვნენ და თანაც საკმაოდ აქტიურად. დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია იმის თქმა, რამდენად სწრაფად შევძლებდით ამ მდგომარეობამდე მოსვლას, რომ არა ცივი ომი: რბოლის დროს უამრავი ტექნოლოგიური მიღწევა საოცრად მცირე დროში განხორციელდა, რამაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობა პროგრესის დაჩქარება.

მართალია, კოსმოსის შესწავლისთვის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებულ მისიებს საფუძვლად ორი ძლევამოსილი ზესახელმწიფოს დაპირისპირება ედო, თუმცა საბრძოლო კონფლიქტებისგან განსხვავებით, საკუთრივ ამ პაექრობას გლობალურად დესტრუქციული შედეგები არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, მან კოსმოსის შესახებ ჩვენი ცოდნის გაფართოებაში დიდი როლი ითამაშა: საკუთარი უპირატესობის წარმოჩენის დაუცხრომელი სურვილი რომ არა, შესაძლოა, ადამიანს მთვარეზე ფეხი ჯერ კიდევ ვერ დაედგა და ვერც ამჟამად მიმდინარე მისიები განხორციელებულიყო.

შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ რბოლის გარეშე კოსმოსის შესახებ ჩვენი ცოდნა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც ის დღესაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოქმედებს კვერცხი ტვინზე — კვლევა
  2. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  3. ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ — ნახეთ, როგორ ფარავს ლავა ისლანდიის თოვლიან ლანდშაფტს
  4. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  5. ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე

გირჩევთ