ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვირუსზე დიდი რისკი ჰაერის დაბინძურებაა — კვლევა
ჰაერის დაბინძრება ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ ორი წლით ამცირებს და ჩვენს კეთილდღეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სწორედ დაბინძურებული ჰაერია ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი რისკის შემცველი.
მაშინ, როცა კაცობრიობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქნაზეა კონცენტრირებული, ჰაერის ხარისხის სიცოცხლის ინდექსის (AQLI) მიხედვით, ჰაერის დაბინძურებას მსოფლიოს გარშემო მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუარესება და ხანგრძლივობას შემცირება შეუძლია.
ინდექსი ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურებას და მის შედეგებს სწავლობს. აღსანიშნავია, რომ დაბინძურებაში წიაღისეული საწვავის გამოყენებას დიდი როლი უკავია.
მკვლევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან — უპირველესად კი ჩინეთში, რომელიც ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა იყო — ჰაერში ტოქსიკური ნაწილაკების გავრცელება შემცირებულია, საერთო ჰაერის დაბინძურება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უცვლელია.
ინდოეთში და ბანგლადეშში ჰაერის დაბინძურება ისეთი მწვავეა, რომ ამ ქვეყნების ზოგ რეგიონში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ათწლეულით არის შემცირებული.
კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, ჰაერის დაბინძურებას დედამიწის მოსახლეობაზე ბევრად დამანგრეველი შედეგები აქვს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხშირად ჰაერის დაბინძურების და ადამიანების ჯანმრთელობის პირდაპირ კავშირზე ყურადღება სათანადოდ გამახვილებული არ არის. დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებში ცხოვრობს. ამ ტერიტორიებზე ჰაერის დაბინძურება 20 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 44%-ით მაღალია.
კვლევის მიხედვით, ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი დატვირთული საგზაო მოძრაობა და მასობრივი წარმოებაა.
სამხრეთ აზიის მოსახლეობის 89% (650 მილიონი ადამიანი) ისეთ რეგიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება WHO-ს დადგენილ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამჟამად ყველაზე "დაბალი ხარისხის" ჰაერი ბანგლადეშშია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბინძურებული ჰაერი COVID-19-ით ინფიცირების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ეს დაავადება, ძირითადად, სასუნთქი გზების დაქვეითებას იწვევს.
მკვლევრების თქმით, სიტუაციის გაუმჯობესებისთვის მასობრივი საჯარო პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო.
კომენტარები