ქართველი ასტრობიოლოგი, რომელიც მარსზე მცენარეების გაზრდაზე და ტერაფორმირებაზე მუშაობს
მას შემდეგ, რაც 1969 წელს ბაზ ოლდრინმა და ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგეს, შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა კოსმოსური ცივილიზაცია გახდა. დედამიწის თანამგზავრის მონახულების შემდეგ კი მეცნიერებმა თვალი ჩვენს მეზობელ პლანეტას, მარსს დაადგეს.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, "კოსმოსური რბოლა", რომელიც აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარეობდა, წარსულს ჩაბარდა და დიდი ხნის მანძილზე პლანეტათშორისი მოგზაურობის ამბიციები მინელდა. თუმცა ბოლო დროს კომერციული კოსმოსური სააგენტოების ჩამოყალიბებამ და NASA-ს Artemis-ის პროგრამამ საზოგადოებაში კოსმოსური ვოიაჟისადმი ინტერესი ხელახლა გააღვივა.
ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ პლანეტაშორისი მოგზაურობის დაწყება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია. გლობალური დათბობის სწრაფი ტემპების და სახელმწიფოების უმოქმედობის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანთა მოდგმის გადარჩენის შანსი ბევრად გაიზრდება, თუ მათი საცხოვრებელი მხოლოდ დედამიწით არ შემოიფარგლება.
ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ადამიანების მარსზე დასახლებაზე ფიქრს და მუშაობას მიუძღვნა, მარიკა ტარასაშვილია.
მარიკა თავის დროზე ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი იყო. მეცნიერებისადმი მისმა სიყვარულმა და თავდადებულმა შრომამ ჩემზე და ბევრ სხვაზეც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მაშინ გავოცდი, როცა გავიგე, რომ მარიკა "მასი" NASA-ში მიემგზავრებოდა.
მარიკამ ასტრობიოლოგიისადმი ინტერესი ჯერ კიდევ მესამე კლასში გამოიჩინა, როცა 1945 წლის საბჭოთა წიგნს, "ასტრობიოლოგიას" გადააწყდა. ის იხსენებს, რომ ამ პატარა წიგნის აღმოჩენამ პრაქტიკულად მისი მომავალი განსაზღვრა.
"შესანიშნავი ისაა, რომ რაც მაინტერესებდა — ასტრონომია და ბიოლოგია, ამ წიგნში ერთად იყო შერწყმული", — ამბობს მარიკა და წიგნის ერთ-ერთ პირველ თემას იხსენებს: "შესაძლებელია თუ არა, მარსზე ფოტომასინთეზირებელი მცენარეები არსებობდნენ" და "შესაძლებელია თუ არა მისი გამწვანება".
იმისთვის, რომ ადამიანებმა მარსის კოლონიზაციის დაწყება შეძლონ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საკვების წყარო არსებობდეს. ასტრონავტები დედამიწიდან ყველაფერს ვერ წაიღებენ. ასე რომ, სანამ მარსზე ფუტურისტული კოშკების აშენებას დავიწყებთ, ჯერ მის გამწვანებაზე უნდა ვიზრუნოთ. მარიკა ამას ბავშვობაშიც ხვდებოდა და მარსის გამწვანებაზე ფიქრი ადრევე დაიწყო.
ასტრობიოლოგიის ვირტუალური ინსტიტუტი და NASA-სთან თანამშრომლობა
რადგან ასტრობიოლოგია, როგორც პროფესია, მაშინ არ არსებობდა, მარიკამ ჯერ ბიოლოგიაზე ჩააბარა, თუმცა მესამე კურსზე ასტრონომიაც გაიარა. ასტრობიოლოგიის კვლევის ამბიციები მარიკასთვის დროებით მეორე პლანზე გადავიდა, რადგან 1998 წელს ის სტამბულში სამუშაოდ გაემგზავრა. სწორედ ამ დროს NASA-მ ვირტუალური ასტრობიოლოგიის ინსტიტუტი დაარსა.
ეს "რეალური" აკადემიური ინსტიტუტი არ ყოფილა, არამედ, უბრალოდ, აერთიანებდა მეცნიერებს, რომლებიც ასტრობიოლოგიასთან ასოცირებული საკითხებით ინტერესდებოდნენ. ამ ვირტუალურ ინსტიტუტში მარიკას კვლევებმა NASA-ს ინტერესი მიიპყრო და 2000 წელს ის აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს პირველ ტრენინგზე გაემგზავრა. ამას შემდეგ მარიკა NASA-სთან 2011 წლის ჩათვლით რეგულარულად თანამშრომლობდს.
ამ პერიოდში მარიკა თსუ-ში თავის ხელმძღვანელთან და მოგვიანებით რამდენიმე კოლეგასთან ერთად მარსის ნიადაგის ლაბორატორიულ სიმულაციას აკეთებდა, რის შედეგადაც ქართველმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარსის ქვიშაში მცენარეების სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერება, "ცეოლითი" არსებობდა და რომ ბევრი დედამიწური მიკროორგანიზმი მარსის პირობებში სიცოცხლეს შეძლებდა.
როგორ შეიძლება მარსის გამწვანების დაწყება
2008 წელს მარსზე დაშვებულმა მოდულმა, "ფენიქსმა", წითელი პლანეტის მიწაში ცეოლითი მართლაც იპოვა. "მარსის ნიადაგი მცენარის სიცოცხლისთვის ყველა საჭირო მინერალს შეიცავს", — ამბობს მარიკა, — "უბრალოდ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის მოჩვენებითად ბიოგენური ნიადაგი, ანუ თითქოს ყველა ელემენტია, რაც მცენარეს სჭირდება, მაგრამ ბუნების ბოროტი ხუმრობა აქ ისაა, რომ არცერთი მარილი და მინერალი აქ ხსნად ფორმაში არ არის".
ბიოგენური ისეთ ნიადაგს ეწოდება, რომელშიც მცენარეების გაზრდა შეიძლება. იმის გამო, რომ მარსის ქვიშაში არსებული მინერალები და მარილები ხსნად ფორმაში არ არიან, მცენარეები მათ ათვისებას ვერ შეძლებენ. თუმცა, მარიკა ამ პრობლემისგან გამოსავალს ხედავს.
"თუ გვინდა მცენარეების დარგვა მარსზე, პირველ რიგში უნდა მოხდეს მისი ბაქტერიებით გამდიდრება — ისეთი ბაქტერიებით, რომლებიც ამ მინერალებს ხსნად ფორმაში გადაიყვანენ. ამის შემდეგ უკვე შეიძლება მცენარეების დათესვა".
მარიკამ და კოლეგებმა მარსის გარემოს იმიტაცია მოახდინეს, ანუ შექმნეს ახალი ტიპის სპეციალური კამერა, სადაც მიკრობები მოათავსეს, რომლებმაც ექსტერმალურ პირობებში გადარჩენა და გრუნტის ხსნად ფორმაში გადაყვანა შეძლეს.
მეცნიერებმა კვლევისთვის კონკრეტული ბაქტერიები შეარჩიეს, რომლებიც არაორგანული ნივთიერებებით იკვევებებიან. ასეთ მიკროორგანიზმებს ავტოტროფები ეწოდებათ. ჰეტეროტროფებისგან განსხვავებით, მათ სიცოცხლისთვის ორგანული ნაერთები არ სჭირდებათ.
"ფილოსოფია ისაა, რომ ეს ის მიკროორგანიზმებია, რომლებმაც დედამიწა აქციეს დედამიწად. ამიტომ ალბათ პატარა პლანეტასაც [მარსს] მოერევიან", — განმარტავს მარიკა, — "ეს მარსის ტერაფორმირების პირველი ეტაპი შეიძლება იყოს".
მარსზე მცენარეების გაშენების მიზანი მხოლოდ საკვების უზრუნველყოფა კი არაა, არამედ პლანეტის ტერაფორმირებაც, ანუ მისი შეცვლა ისე, რომ მომავალი თაობებისთვის მარსზე ცხოვრება გამარტივდეს და ოდესმე სუნთქვისთვის საკმარისმა ჟანგბადმა იარსებოს.
მარსზე მცენარეების მოყვანის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი პერქლორატებია. ეს ნაერთები მცენარეებისთვის ტოქსიკურია, თუმცა როგორც მარიკა განმარტავს, უამრავი ავტოტროფი ბაქტერია არსებობს, რომლებსაც პერქლორატების მეტაბოლიზმი შეუძლიათ. "ისინი არათუ პერქლორატებზე საზრდოობენ, არამედ მათი მეტაბოლიზმის პროდუქტი ქლორიდი, ჟანგბადი და წყალია". ანუ, ბაქტერია იღებს ტოქსიკურ ნივთიერებას და ორგანული სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტებად და ნაერთებად გარდაქმნის.
აქ ერთი კითხვა ჩნდება: რამდენად სწრაფად აითვისებენ ეს ბაქტერიები მთელ პლანეტას. მიუხედავად იმისა, რომ მარსი დედამიწაზე მცირე ზომისაა, ის მაინცდამაინც პატარა არ არის.
"თუ უბრალოდ აიღებ ამ ორგანიზმებს და მასობრივად დაყრი, სადღაც ერთი 300-400 წელი დაჭირდება". აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ასწლეულში მთელი პლანეტის მცენარეების გაზრდისთვის აუცილებელი ბაქტერიებით რამდენიმე ასწლეულში დაფარვა არც ისე დიდი დროა, თუმცა მარიკას თქმით, პროცესის დაჩქარება შესაძლებელია.
"თუ მოახდენ მცირე გენმოდიფიცირებას, ანუ მათ [ბაქტერიებს] რომ ჰქონდეთ უფრო მეტი შეგუებულობა და უფრო ჩქარა გამრავლდნენ, შეიძლება, 70-100 წელიწადში მიკროორგანიზმებმა პლანეტა მთლიანად დაფარონ".
სიცოცხლისთვის არახელსაყრელი ადგილების სწრაფი ტერაფორმირების მაგალითი დედამიწაზეც გვაქვს. მარიკას თქმით, მას შემდეგ, რაც ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ახლად წარმოქმნილ კუნძულებს ოკეანე თავის ციანობაქტერიებს გადაატარებს, რამდენიმე წელიწადში ხშირი მცენარეული საფარი ჩნდება.
მოკლედ რომ ითქვას, მარსზე მიკრობების გასაშენებლად და შემდგომ მცენარეების გასაზრდელად ნიადაგი მთავარი პრობლემა არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა მარსის გაუხშოებული ატმოსფერო და დაბალი ტემპერატურაა. წითელი პლანეტა ძალიან ძალიან ცივია, ჰაერის საშუალო ტემპერატურა -63 გრადუსია, თუმცა მარსზე ბევრგან უფრო მაღალი ტემპერატურაც ფიქსირდება. ეკვატორზე საშუალოდ -30 გრადუსია ხოლმე და წელიწადის დროის მიხედვით, პლანეტის ზოგ წერტილებში დადებითი ტემპერატურაც ფიქსირდება.
მარიკას თქმით, არსებობს კვლევები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ გენმოდიფიცირებით ისეთი მცენარეების გაზრდა შეიძლება, რომლებიც მარსის დაუნდობელ კლიმატს გაუძლებენ. ამის შესაძლებლობა დღეს უკვე არსებობს.
მარსის კოლონიზაციის დაწყება დღესვე შეგვიძლია
მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი პლანეტის ტერაფორმირებას და შემდგომ მასშტაბურ კოლონიზაციას მეცნიერები იმედიანად უყურებენ, ამის განხორციელებას ბევრი სირთულე ახლავს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს არა ტრანსპორტაციაზე და ეფექტიან სამოქმედო გეგმაზე, არამედ რიგ "არასამეცნიერო" სირთულეებზე.
"მარსის კოლონიზაციას ძალიან პერსპექტიულად ვუყურებ, დღესაც კი ვერაფერ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, გარდა თანხებისა". ასეთი ამბიციური პროექტი სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. ამას გარდა, პოლიტიკური გარემოებებიც გასათვალისწინებელია. მაგალითად, რა მოხდება, თუ მარსზე პირველი ადამიანები რუსი კოსმონავტები იქნებიან ან ამერიკელები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები? შეუძლიათ თუ არა მათ პლანეტისთვის "თავისის" დარქმევა?
ამაზე მარიკა ამბობს, რომ კოსმოსური მოგზაურობა და ეროვნული პროგრამები საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირებულია. "ქვეყნები იმაზეც კი შეთანხმდნენ, რომ პირველი მისია ისეთი უნდა იყოს, რომ... რომ ჯერ დააგებენ ფარდაგს და შემდგომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მარსზე ფეხს ერთად დაადგამენ", — ამბობს მარიკა, — "ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ასეთი წვრილმანი რაღაცები იმიტომ, რომ როცა მარსზე მიფრინავ და თავს აღიქვამ რაღაც ერთად, და არა როგორც ადამიანად, უბრალოდ ჰომო საპიენსად, რომელიც გადავიდა მარსზე... როცა ამის შეგრძნება არ გაქვს, სასაცილოა... მეცნიერებს აქვთ ამის შეგრძნება და პოლიტიკოსებს — არა".
მარიკას თქმით საბოლოო პრობლემა მაინც ფინანსებია, რადგან მარსის ტერაფორმირების დაწყებისთვის საჭირო ტექნოლოგია კაცობრიობას უკვე აქვს.
გლობალური დათბობა და მომავლის იმედი
როგორც სტატიაში ვახსენეთ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მარსის კოლონიზაციას ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, კლიმატის ცვლილებაა. ანთროპოგენული აქტივობის გამო დედამიწა უპრეცედენტოდ სწრაფად თბება. ბევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოები ყველაზე მასშტაბური გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საკმარისს არ აკეთებენ.
ამ საკითხზე მარიკას პერსპექტივა მაინტერესებდა. ამიტომ ვკითხე, შევძლებთ თუ არა კატასტროფის თავიდან არიდებას.
"ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა შანსი, რომ ადამიანებმა თავიდან აიცილონ გლობალური დათბობის შედეგები... ვიღაცები უბრალოდ ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. ეს მაოცებს, რადგან ყველაფერი სახეზეა", — ამბობს მარიკა და ჯორჯ კარლინის სიტყვებს იხსენებს: "საფრთხეში დედამიწა კი არ არის, საფრთხეში კაცობრიობაა".
მარიკა იმასაც ამბობს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ნაწილობრივ ბუნების დამცველი ის აქტივისებიც აფერხებენ, რომლებიც ცრუ მეცნიერებით ხელმძღვანელობენ. ამის მაგალითად მას გენმოდიფიცირებული საკვების აკრძალვის მსურველი აქტივისტები მოჰყავს, რომელთაც უბრალოდ სიტყვა "გენმოდიფიცირებული" აშინებთ.
ჩვენი პლანეტის ეტაპობრივ განადგურებასთან ერთად, პოლიტიკური თამაშების გამო, სახელმწიფოები კოსმოსის კვლევის პერსპექტივებსაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. მიუხედავად ამისა, მარიკა მაინც იმედოვნებს, რომ მეზობელი პლანეტის ათვისებას ადრე თუ გვიან მაინც დავიწყებთ.
ამჟამად დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია და სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო ადამიანები მას ჩვენ თვალწინ ანადგურებენ. იმედია, მარსის ტერაფორმირება და კოლონიზაცია კაცობრიობისთვის ერთ-ერთი პერსპექტივა იქნება და არა — ერთადერთი.
კომენტარები