ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს.

დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო პროკურორის, ტიგრან კაბულოვის თქმით, გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს, რათა დარწმუნდნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.

მისივე თქმით, გახელაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.

ტიგრან კაბულოვის მტკიცებით, გახელაძეს თან ჰქონდა გლუვი თვითნაკეთი იარაღი, ამასთან, საზღვრის გადაკვეთისას გაცემულ ბრძანებას, რომ შეჩერებულიყო, არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე მტკიცებით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს, "პოლიტიკური სპექტაკლის" მოწყობაში თბილისს ადანაშაულებს. თუმცა პრობლემის მოგვარების გზად რუსეთი მხოლოდ საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციაში ხედავს.