ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება 2021 წლის 1 იანვრამდე, შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით. მათი განმარტებით, რეგულაციები ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა არ შეესაბამება კონსტიტუციის სტანდარტს.

"კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენ", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა აქამდე დაწესებული რეგულაციები. საკონსტიტუციომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღიო.

ქართულმა ოცნებამ მაისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. გუშინ, 14 ივლისს კი საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის გამოა საჭირო. ამავე დროს, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და მთავრობისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივება დემოკრატიულ პროცესებს ზიანს მიაყენებს.

აღნიშნულის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.