საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც მოსკოვის კლუბ CSKA-ში გადავიდა. ისინი "საწყენ" და "უაზროს" უწოდებენ საზოგადოების კრიტიკას და აცხადებენ, რომ "არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელი ქვეყნის გუნდში იქნება" შენგელია, რადგან ის პატრიოტია.

"მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ახალგადადგმულ ნაბიჯში, ახალ გამოწვევებზე, რაც CSKA-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებლი ვარ, რომ თოკო ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ ერთხელ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისე ღირსეულა დაიცავს ქართველი არის, ქართული ნაკრების ღირსებას, ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით", — განაცხადეს მათ.

კალათბურთელები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არაკორექტული შეფასებები არ გააკეთონ, რადგან შენგელიას ბევრი წარმატება აქვს მოტანილი ქვეყნისთვის.

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "გელოდებით მოსკოვში", — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

თავის მხრივ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი აცხადებს, რომ რუსული არმიის კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით თავი სამართლებელი არავის აქვს.

"ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ", — ამბობს შენგელია რუსთავი 2-თან.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც და შენგელიას გადაწყვეტილებას მიუღებელი და სამწუხარო უწოდა.

თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა. 7 ივლისს ამ საკითხს შენგელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.

გაიგეთ მეტი: