კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი, შესაძლოა, ნავარაუდებზე მეტ ადამიანს ჰქონდეს — კვლევა
ადამიანებს, რომელთაც ტესტირებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ უფიქსირდებათ, შეიძლება, რაღაც ტიპის იმუნიტეტი მაინც ჰქონდეთ — ვკითხულობთ ახლახან ჩატარებულ კვლევაში, რომელიც აკადემიურ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, მას სკრუპულოზური სამეცნიერო შემოწმება არ გაუვლია.
როგორც ირკვევა, ტესტირებაში მონაწილეთა შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მქონე პირები იმაზე ორჯერ ნაკლები არიან, ვიდრე ადამიანები, რომელთაც ორგანიზმში სპეციფიკური იმუნური T-უჯრედები უფიქსირდებათ. ამ უჯრედებს ვირუსის ამოცნობა და ინფიცირებული უჯრედის განადგურება შეუძლიათ. ეს ყოველივე კი იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ დაავადება მსუბუქად ან სულაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, იმუნიტეტი ამგვარად მხოლოდ ინდივიდს იცავს, თუ ვირუსს გავრცელებაშიც უშლის ხელს.
კვლევის ავტორები შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერები არიან. მათ 200 ადამიანის იმუნური პასუხი შეისწავლეს, რომელთაგანაც ნაწილი სისხლის დონორი გახლდათ, ხოლო ნაწილი — ვირუსით წლის დასაწყისში იყო ინფიცირებული. მიღებული შედეგები შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი რეალურად უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით, ხოლო ეფექტიანი თავდაცვა სისხლში მხოლოდ ანტისხეულების მაღალ ტიტრზე არ იყოს დამოკიდებული. ასევე შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებს თავიდან ანტისხეულები ჰქონდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდა და ისინი უკვე სპეციფიკურ ტესტებში აღარ ჩანს. მიუხედავად ამისა, რე-ინფიცირების შემთხვევაში ამგვარი იმუნური პასუხი შეიძლება მაინც ეფექტიანი აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამ წინასწარი შედეგებისა, პოპულაციურ იმუნიტეტამდე მაინც შორია, როგორც ამას კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მარკუს ბაგერტი აღნიშნავს. შემდგომი კვლევები ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა ტიპის დაცვას უზრუნველყოფს Т-უჯრედები: "სტერილურად იცავს", ანუ სრულად ბლოკავს ვირუსს თუ იცავს ინდივიდს ავად გახდომისგან, მაგრამ ხელს ვერ უშლის ვირუსის გავრცელებას.
კომენტარები