როგორ გამოიმუშავებს ორგანიზმი იმუნიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ
უპრეცედენტო ძალისხმევა და რესურსები, რომლებიც კორონავირუსის დამარცხებისკენაა მიმართული, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწრაფად ვეცნობით ამ ახალი საფრთხისგან ორგანიზმის დამცავი სისტემის მუშაობას.
ფოტო: James Melaugh / Guardian Design
დედამიწაზე არსებულ დამცავ სისტემათაგან არაფერია იმაზე უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც სხვადასხვაგვარი პათოგენის წინააღმდეგ მდიდარი დამცველობითი არსენალითაა აღჭურვილი. თუმცა ვირუსებიც იმ მიმართულებით ვითარდებიან, რომ ჩვენი დამცველობითი სისტემების "მოტყუება" და გვერდის ავლა ისწავლონ. თავის მხრივ, ჩვენმა იმუნურმა სისტემამაც ისწავლა ვირუსების "ეშმაკური ტაქტიკების" ამოცნობა და შეკავება. COVID-19-ის შემთხვევაში ჩვენი მტერი გენეტიკური მასალის უმცირესი ნაწილია, რომელიც ლიპიდურ გარსში — ერთგვარ ქურთუკში და ცილოვან გვირგვინშია გამოწყობილი.
და მაინც, ზუსტად როგორ იცავს ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსული ინფექციისგან თავს და როგორ მიემართება ეს მექანიზმი COVID-19-ს?
ამ დაავადების გამომწვევ ვირუსს სრულად მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუს 2 (Sars-Cov-2) ჰქვია და ის ადამიანებში პირველად დაახლოებით 5 თვის წინ აღმოაჩინეს. ის კორონავირუსების ოჯახიდანაა. Corona ლათინურად გვირგვინს ნიშნავს — ვირუსი გარედან ეკლებით მორთული, გვირგვინის მსგავსი ცილოვანი ფენითაა დაფარული. ეს ეკლები ვირუსს სამიზნე უჯრედზე მიმაგრებაში ეხმარება. მკვლევართა საზოგადოება სწრაფად და ეფექტიანად ერკვევა COVID-19-ის მიმართ ჩვენი იმუნიტეტის მუშაობის დეტალებში და ასევე ითვალისწინებს უკვე არსებულ ცოდნას მსგავსი რესპირატორული ვირუსების შესახებ, რათა ვირუსის განვითარებასთან დაკავშირებით ადეკვატური პროგნოზების გაკეთება შეძლოს.
ვირუსი ერთგვარ რობოტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: მას თავისით გამრავლება არ შეუძლია, ამიტომ ის საკუთარი თავის ასლების შესაქმნელად მასალის — ლიპიდების, ცილების და ნუკლეოტიდების ერთობლიობას იყენებს. ვირუსს თავისი გარსი უჯრედის მემბრანაზე მიმაგრების საშუალებას აძლევს. ამის შემდეგ ის უჯრედს ერწყმის და ახალი ვირუსების აწყობის ინსტრუქციასა და საჭირო მასალების საყიდლების სიას გამოსცემს. ეს საყიდლების სია, ვირუსის გენომი, ნუკლეოტიდებში (რნმ-ში) არის ჩაწერილი. ჩვენს ორგანიზმში შემოღწევის შემდეგ ვირუსის პირველი ამოცანა სამიზნე უჯრედების დაპყრობაა, რათა ქურთუკი გაიხადოს და თავისი რნმ უჯრედში განათავსოს.
კორონავირუსის მიკროსკოპული გამოსახულება.
ფოტო: Getty Images
უჯრედში მოხვედრისას ვირუსი მის მართვას იწყებს, უჯრედისვე სარეპლიკაციო მექანიზმებს კი საკუთარი თავის გამრავლებისთვის იყენებს იქამდე, სანამ უჯრედი დამპყრობლებს შეამჩნევს და განგაშს ატეხს. ცილოვან ანტისხეულებს ვირუსის ცილოვან ეკლებზე მიწებების უნარი აქვთ, რითიც ისინი ვირუსის უჯრედზე მიმაგრების პროცესს აფერხებენ. ამგვარ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ეწოდებათ და მათი გენერირება ხშირად ვაქცინის გამომუშავებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.
ინფიცირებული უჯრედი განგაშის სიგნალის გამოცემით ორგანიზმის კეთილდღეობას სწირავს თავს. ამ სიგნალით ის T ლიმფოციტებს იძახებს, რომლებიც მყისიერად პოულობენ და ანადგურებენ დაინფიცირებულ უჯრედებს. T ლიმფოციტები ციტოტოქსიკურნი არიან. ისინი ისეთ სერიულ მკვლელებს წარმოადგენენ, რომელთაც უჯრედის ზედაპირზე არსებული ვირუსის პეპტიდური ფრაგმენტების ამოცნობა შეუძლიათ. თავიანთი საქმის შესრულებისას ისინი დაინფიცირებულ უჯრედს ტოქსიკური ფერმენტებით ტვირთავენ და ამ გზით კლავენ მას.
ორგანიზმის ასეთი სტრატეგიული მოწამეობრიობა იმუნური სისტემის მიერაა ორგანიზებული, რათა ვირუსს გამრავლების შესაძლებლობა ჩამოართვას და პაციენტში ვირუსული ინფექცია შეამსუბუქოს. T ლიმფოციტებს გავრცელებისთვის და ანტისხეულების გამომუშავებისთვის რამდენიმე დღე სჭირდებათ. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ერთხელ გამომუშავებულ ანტისხეულს ორგანიზმი იმახსოვრებს და დაავადების ხელახლა შეყრის შემთხვევაში ჩვენი იმუნური სისტემა მას მაშინვე იყენებს. Sars-Cov-2 კი კაცობრიობისთვის ახალი დაავადებაა, რომლისგანაც დამცავი იმუნოლოგიური მეხსიერება ჯერ არ გვაქვს გამომუშავებული — ანუ არ მოგვეპოვება შესაბამისი ანტისხეულები. ვაქცინა, რომელიც ვირუსის უსაფრთხო ნაწილებისგან იქნება დამზადებული, დამცველობითი მეხსიერების გამომუშავებაში უნდა დაგვეხმაროს.
ვირუსის სუპერძალა მისი გავრცელების უნარში მდგომარეობს. Sars-Cov-2 ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად გადასვლის ექსპერტია. ამასთან, ზოგიერთ ორგანიზმში ის მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც კი ის ერთ პაციენტში საკუთარი თავის მრავალი ასლის შექმნით მყარად მოიკიდებს ფეხს, უმალ ახალ მასპინძელს უწყებს ძებნას. ვირუსი წვეთებით გადაადგილდება. მას ამოხველებული ან ამოცემინებული წვეთების საშუალებით ორ მეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ნივთების ზედაპირებზე ვირუსს შეუძლია, რამდენიმე საათს გაძლოს. ამ დროის განმავლობაში ის შეიძლება ვინმეს გადაედოს. ამასთან, ჯანმრთელმა ადამიანმა ვირუსი, შესაძლოა, პირდაპირ შეისუნთქოს, თუკი ინფიცირებული მასთან ახლოს იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, ეს ვირუსი ცხოველებსაც ემართებათ. ამ ეტაპისთვის კორონავირუსი ქრცვინებში, კატებში, ვეფხვებსა და ძაღლებშია აღმოჩენილი. ცხოველებში სიკვდილიანობა ჯერ არ დაფიქსირებულა და არც ის ვიცით, შეუძლიათ თუ არა მათ ამ ვირუსის ადამიანებზე გადადება.
COVID-19-ით დაავადების შემთხვევები ცხოველებშიც არის აღმოჩენილი.
ფოტო: Reuters / Aly Song
ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, COVID-19-ით სიკვდილი ასაკზეცაა დამოკიდებული. ეს გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანმრთელ იმუნურ სისტემას, როგორც წესი, ინფექციის კონტროლის უნარი აქვს. შესაბამისად, ასაკის ან დასუსტებული იმუნური სისტემის გამო ორგანიზმს დამცველობითი არსენალის განთავსება უჭირს. ასევე ყურადსაღებია, რომ Sars-Cov-2 ორგანიზმში თავისით ვერ შემოვა — ამისთვის ჩვენ უნდა გავუღოთ მას კარი. ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი ხელების ხშირი დაბანა და სახეზე შეხებისგან თავის შეკავება.
ჩვენ ვიცით, რომ ჯანმრთელ ორგანიზმს კორონავირუსის დამარცხება, როგორც წესი, ორიოდე კვირაში შეუძლია. თუმცა არ ვიცით, თუ ზუსტად რა კომპონენტების გამოყენებით ახერხებს ის ვირუსთან ასეთ ეფექტიან ბრძოლას: ზოგიერთი ვაქცინა ძლიერ მანეიტრალიზირებელ ანტისხეულებს შეიცავს; სხვა ვაქცინები მძლავრ მეხსიერებით T ლიმფოციტებს გამოიმუშავებენ.
ანტისხეულები გამოჩენას ვირუსის შეყრიდან სამ-ოთხ დღეში იწყებენ, მაგრამ რამდენად გამოსადეგარნი იქნებიან ისინი შემდგომი დავირუსების შემთხვევაში? მეცნიერები ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ ისეთი კორონავირუსების ანტისხეულები, როგორებიცაა SARS და MERS, ერთიდან სამ წლამდე ძლებენ. რაც შეეხება COVID-19-ს, ის ახალი აღმოჩენილია და მასზე დანამდვილებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. ინგლისის საჯარო ჯანდაცვა 16 ათასიდან 20 ათასამდე მოხალისეს იწვევს, რათა გაარკვიოს, რამდენად შეუძლია ჩვენს ორგანიზმს ანტისხეულების ხანგრძლივი დროით გამომუშავება. ამ ანტისხეულების ხარისხის გარკვევა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ორგანიზმის გრძელვადიანი დაცულობის განსაზღვრისთვის.
გამოცდილებით ვიცით, რომ ვაქცინას დაავადების მოსპობის უნარი აქვს.
ფოტო: istockphotos
რა არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იმუნური იარაღი COVID-19-ის წინააღმდეგ? ციტოტოქსიკურმა T ლიმფოციტებმა ამ დამცველობით სისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ. იმუნოლოგები და ვირუსოლოგები ერთად მუშაობენ ამ მექანიზმის ფუნქციონირების დეტალების გამოსააშკარავებლად, რათა დაავადებისგან ხანგრძლივად მოქმედი დამცავი ვაქცინის შექმნა შეძლონ. წლების განმავლობაში კვლევებში ჩადებული ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს, რომ არსებული ცოდნის დახმარებით ამ ახალ საფრთხეს შედარებით სწრაფად გავუმკლავდეთ. ამასთან, კვლევების დაწყებისთვის სპონსორების, ფილანტროპების და მეცნიერების ადრეული მობილიზაციაც შედეგების მიღებას უპრეცედენტოდ აჩქარებს. გამოცდილებით ვიცით, რომ ვაქცინის საშუალებით ინფექციის აღმოფხვრა შესაძლებელია (გავიხსენოთ თუნდაც ყვავილი). ხოლო ვირუსის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც თავიანთ გენეტიკურ მასალას ჩვენსას არ ურევენ (როგორიცაა, მაგალითად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტი), შეიძლება, ასევე ეფექტიანი იყოს.
ჩვენი საიდუმლო იარაღი კვლევაა. მეცნიერები COVID-19-ს აქტიურად სწავლობენ. ამ დროს კოლაბორაცია წარმატების მიღწევის გასაღებია. მაგრამ იქამდე, სანამ ვაქცინა ან მკურნალობის სხვა სახე გამოჩნდება, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ როგორც საკუთარი თავები, ასევე ჩვენი ოჯახის წევრები: დარჩით იზოლაციაში, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით პირადი ჰიგიენა და ამით ვირუსის გავრცელება-გადაცემის პროცესი შეაფერხეთ. თუკი ყველანი ამ ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებთ, ეს პატარა ვირუსი სამყაროს ტყვეობაში დიდხანს ვეღარ ამყოფებს.
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
-
ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
-
სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა
კომენტარები