როცა მეგან ჩირიტო თავის შვილებს ეუბნება, რომ Kindles-ში ან iPad-ში თინეიჯერი მუტანტი კუ-ნინძების ყურებას უნდა მორჩნენ, როგორც წესი, ეს კარგად არ სრულდება.

"ისინი სრულიად აღშფოთებულები არიან და ყვირიან, თუ რამდენად უსამართლოა ცხოვრება და რამდენად ცუდი ვარ", — ჰყვება 42 წლის მეგანი, რომელიც დიასახლისია და 5 და 8 წლის ორ ბიჭს ზრდის.

"ისინი ისე მოქმედებენ, თითქოს ამ მოწყობილობის გარდა არავინ და არაფერი არსებობს, რაც ძალიან შემაშფოთებელია".

პატარა ბავშვების მშობლების უმეტესობა მოვლენების ამ განვითარებასთან კავშირს დაინახავს: მათი შვილები ზომბირებულები არიან ეკრანის წინ — ეკრანისგან მათი მოშორების შემდეგ კი კამათი და ტანტრუმი იწყება. ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვა, შესაძლოა, ბავშვებისთვის ისედაც რთული იყოს, თუმცა ციფრული მოწყობილობებიდან სხვა რამეზე გადართვა სირთულის სულ სხვა საფეხურს წარმოადგენს.

"საყვარელი პატარა არსებები ნამდვილად სხვა პიროვნებებად იქცევიან, როდესაც მათ ეკრანებისგან განარიდებ", — ამბობს რებეკა რიალონ ბერი, N.Y.U. Langone Health-ში ბავშვისა და მოზარდის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.

ბერის თქმით, ინტენსიურმა ხმებმა, ფერებმა და სწრაფმა მოძრაოებებმა შესაძლოა ციფრული კონტენტი რეალურ სამყაროზე უფრო ამაღელვებელი და მიმზიდველი გახადოს, შესაბამისად, მისგან მოწყვეტა კიდევ უფრო რთულია.

ინტერაქტიულობა — ეკრანზე შეხება და რაღაც ქმედების გამოწვევა — პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, დიმიტრი კრისტაკისი აცხადებს, რომ ბავშვები ამის კეთებას აგრძელებნ, რადგან "ეს ინტენსიურად სასიამოვნოა".

ბევრი აპლიკაცია და ვიდეოთამაში ქულებისა და ვირტუალური სტიკერების სახით ჯილდოებს გასცემს, რომელთა მოპოვებაც შეიძლება ასევე სასიამოვნო იყოს.

"თამაშებისა და აპლიკაციების მიმწოდებლებმა კარგად იციან, რომ ისინი ჩვენი ბავშვების ყურადღების მონეტიზირებას ახდენენ. ისინი ქმნიან დიზაინის მახასიათებლებს, რომელიც ართულებს მათგან მოწყვეტას", — აღნიშნა კრისტაკისმა.

რა ხდება ბავშვის გონებაში, როდესაც ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს? სასიამოვნო ქმედებები დოპამინის გამოყოფას იწვევენ — ეს არის ნეირომედიატორი, ის სიგნალს/მესიჯს აწვდის ტვინის შუბლისწინა ქერქს, ტვინის ნაწილს, რომელიც ამოცანების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობს.

ექიმი კრისტაკისი ამბობს, რომ დოპამინის გამოყოფის დროს მესიჯი ასეთია: "კიდევ გააკეთე ეს, უფრო მეტი მიიღე" (რა თქმა უნდაა, დოპამინის გამოყოფა მხოლოდ ეკრანის წინ გატარებულ დროსთან არაა კავშირში. ბავშვებისთვის ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა მშობლებისგან შექებას იღებენ ან შიმშილის დროს სასუსნავს მირთმევენ). შემდეგ, როდესაც მშობელი ბავშვს თამაშებსა და იუთუბზე წვდომას აღარ აძლევს, პატარებში დოპამინის დონე იკლებს.

"ამ აკრძალვას ისინი მტკივნეულად განიცდიან. ეს გარდამავალი, დროებითი პროცესია და ის თრობის მდგომარეობიდან გამოფხიზლებას ჰგავს", — ამბობს კრისტაკისი.

პატარა ბავშვებს არ აქვთ საკმარისი უნარი, რომ თავიანთი ემოციები აკონტროლონ, რათა ეს გარდამავალი პერიოდი აუღელვებლად გაიარონ. ვაშინგტონის უნივერსიტეტმა 1-დან 5-წლამდე ბავშვების 27 მშობლის მონაწილეობით კვლევა ჩაატარა. მათი 93 პროცენტი ამბობს, რომ "როცა ეკრანთან დროის გატარების დრო სრულდება, მათ შვილს ტანტრუმი ემართება, წუწუნებს ან წინააღმდეგობას უწევს". მშობლების 37 პროცენტი ამბობს, რომ ეკრანის დრო "თითქმის ყოველთვის კამათით სრულდება".

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას გასცემს, რომ 18-24-თვემდე ბავშვები ციფრული საშუალებების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ (გამონაკლისია ვიდეოჩატი), ხოლო 2-დან 5 წლამდე ბავშვები ეკრანთან დღეში ერთ საათზე მეტ დროს არ ატარებდნენ. ორგანიზაცია მშობლებს ურჩევს, ციფრულ მედიაკონტენტს ბავშვებთან ერთად უყურონ, რათა გარკვევაში დაეხმარონ. ციფრულ მედიასთან გადაჭარბებულ გამოყენებას კვლევები უკავშირებენ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჭარბწონიანობის მაღალ რისკს, ძილის ნაკლებობას, ასევე, კოგნიტურ, მეტყველების და ემოციურ შეფერხებებს.

ფოტო: tubik.arts / Dribbble

როგორ შეუძლია მშობელს მოწყობილობის ისე ჩამორთმევა, რომ ამან ბავშვში ტანტრუმი არ გამოიწვიოს? როგორც ფსიქოლოგი პოლ დონაჰიუ ამბობს, ეკრანთან გატარებული დრო პროგნოზირებადი და ბავშვის ცხოვრების რუტინის ნაწილი უნდა გახდეს (მაგალითად დღეში ცნობისმოყვარე ჯორჯის მხოლოდ ერთი სერია, როცა დედა და მამა სადილს აკეთებენ).

კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტმა 1-დან 5 წლამდე ბავშვების 28 ოჯახთან ჩაატარა, მშობლები ორი კვირის განმავლობაში ეკრანის დროის დაწყების ან დასრულების გარდამავალ პერიოდებს დღიურში აღწერდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ როცა ეკრანთან გატარებული დრო დაგეგმილია, დასრულების დროს ბავშვები ნაკლებად ნაწყენები არიან.

პროფესორი რებეკა რიალონი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვებთან ერთად რაიმე სახალისო გეგმა დასახონ, რომელსაც ეკრანთან გასატარებელი დროის დასრულების შემდეგ ერთად განახორციელებენ — მაგალითად, შეჭამენ სასუსნავებს ან გაისეირნებენ პარკში. შემდეგ, სანამ ისინი ვიდეოს ყურებას ან თამაშს დაიწყებენ, შეახსენონ მათ, რომ თუ iPad-ზე უარის თქმას გაღიზიანებისა და გაბრაზების გარეშე შეძლებენ, შეთანხმებულ აქტივობებს განახორციელებენ. ეკრანთან გასატარებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ბავშვებისთვის რაიმე გასართობი აქტივობით დაკავება ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე, მაგალითად, დაუყოვნებლივ ძილი, შხაპი ან ვახშამი. ამერიკის პედიატრიის აკადემია მშობლებს ურჩევს, ბავშვმა ეკრანს სადილის დროს არ უყუროს და ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე გამორთოს. ასევე, შესაძლებელია დაჯილდოების დაფის გაკეთება, როცა ბავშვები მოწყობილობის მშობლისთვის უპრობლემოდ გადაცემისთვის სტიკერებს იღებენ.

ბევრი მშობელი ეკრანთან გატარებული დროის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვს ამის შესახებ აფრთხილებს. თუმცაღა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ დღიურების შესწავლამ აჩვენა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები უფრო მოწყენილები ხდებოდნენ, როცა მშობლები მათ დროის დასრულების შესახებ წინასწარ ეუბნებოდნენ.

პროფესორ ალექსის ჰინიკერს არ მიაჩნია, რომ გაფრთხილება თავისი შინაარსით პრობლემურია, თუმცა მშობლები ხშირად ამას უკანასკნელ ზომად იყენებენ. ჰინიკერი ამბობს, რომ ასეთ დროს გაფრთხილებამ შესაძლოა "ძალაუფლებისთვის ბრძოლა" წაახალისოს და "ბავშვს ახსენებს, ვინ არის პასუხისმგებელი და რომ მას სიტყვის უფლება არ აქვს".

ჰინიკერი მაინც ურჩევს მშობლებს, ეკრანის დროის დასრულების შესახებ ბავშვები გააფრთხილონ, თუმცა ამ პროცესში ბავშვებიც ჩართონ და აარჩევინონ, როდის სურთ გაფრთხილების მიღება, შემდეგ დააყენებინონ ტაიმერი და მათვე დაეკითხონ, ვიდეოს ან თამაშის დასრულების შემდეგ რისი გაკეთება უნდათ.

მეგან ჩირიტომ თავის შვილებთან ტაიმერის გამოყენება დაიწყო. ის შვილებს ეუბნება, ვიდეოს ყურებისთვის კიდევ რამდენი წუთი დარჩათ. მისი თქმით, ეს ხერხი მას დაეხმარა.

"ისინი მოწყობილობებს შედარებით უფრო ადვილად თმობენ".

მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის თქმით, თითქოს ეს ერთი შეხედვითაც ცხადია, მაგრამ მაინც ურჩევს მშობლებს, რომ ბავშვები ეკრანებს არ მოაშორონ მაშინ, როცა ისინი ვიდეოს ყურების ან თამაშის პროცესში არიან.

ამასთან, პროფესორი ჰინიკერი მიიჩნევს, რომ Netflix-სა და YouTube-ზე ვიდეოების ავტომატური ჩართვის ფუნქციის გამორთვა ასევე გამოსადეგია. მან გამოიკვლია, რომ ეკრანთან გატარებული დროის შეწყვეტა ან შეზღუდვა ბევრად რთული იყო, როცა შემდეგი ვიდეო ავტომატურად ჩნდებოდა.

პედიატრიის პროფესორი, ჯენი რადესკი აღნიშნავს, რომ მშობლები მყარად უნდა იდგნენ და დასახულ გეგმას უნდა მიყვნენ, მაშინაც კი, როცა შესაძლოა შემაწუხებლად ხმამაღალ წუწუნს წააწყდნენ:

"როცა პერიოდულად დროის გახანგრძლივებაზე ბავშვების თხოვნას ითვალისწინებთ და მათ იციან, რომ დედას დათანხმება შეუძლია, მომავალში გარდამავალი პერიოდი შესაძლოა უფრო გართულდეს".

ექიმი დონაჰიუ კი ამბობს, რომ ბავშვში გაღიზიანება ეკრანთან დროის ძალიან მოკლე სესიამაც შეიძლება გამოიწვიოს.

"ბავშვებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ აქტივობაზე გადავიდნენ და ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რასაც აკეთებენ. თუ თქვენ ეტყვით: "ამის ქონა ხუთი წუთით შეგიძლიათ და შემდეგ წაგართმევთ", ამან შესაძლოა დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს".

მისი რჩევით, ერთი სესია 30-40 წუთი უნდა იყოს.

რა მოხდება, თუ ამ რჩევას მიყვებით, თუმცა თქვენი ბავშვი მაინც გაღიზიანებული და გაბრაზებულია? პროფესორი ბერი ამბობს, რომ ამ დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და გაეცალოთ. თუმცა თუ ტანტრუმი არაერთხელ მეორდება, მაშინ მკაცრი ზომების მიღება მოგიწევთ.

"შეიძლება მოგიწიოთ იმის თქმა, რომ რაღაც პერიოდით მოწყობილობა აღარ ექნებათ", — აღნიშნა ექიმი დონაჰიუ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღე საკმარისია იმისთვის, რათა ბავშვმა გააცნობიეროს, რომ ეკრანი პრივილეგიაა.

დონაჰიუს აზრით, მოწყობილობის დაბრუნების დროს მშობლებმა ბავშვებს უნდა აუხსნან, რომ ეს მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ხდება, რათა გაარკვიონ, რამდენად მზად არიან, კვლავ იქონიონ ის.

სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.