დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში ინფიცირებული პაციენტის ტესტი აერიათ. მთავარ არხთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პაციენტს ანტისხეულებზე დღეს გამოიკვლევენ.

"არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. ის გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში, აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფლში, საკარანტინო ზონიდან პაციენტი გაწერეს, შემდეგ კი მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას ნინოწმინდის სოფელ ყარუმაში მერის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული პირი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა, 18 დღე იზოლაციაში გაატარა შემდეგ კი, 31 მაისს სახლში გაუშვეს. მისი თქმით რამდენიმე დღეში პაციენტი პოლიციამ და სასწრაფომ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მთავარ არხთან საუბრისას ინფიცირებული ყვება, რომ ამ დღეების განმავლობაში კონტაქტი საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა და სხვადასხვა ოჯახები მოინახულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულაი 640 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 13.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: