როგორ მოვიპოვოთ ფულბრაიტის სტიპენდია — ერთი წარმატების ისტორია
იყო დრო, როცა ოკეანის გადაღმა განათლების მიღების იდეა სრულიად უტოპიურ აზრად ითვლებოდა. თაობა, რომელიც ამერიკული კულტურის გაცნობას ფირსაკრავის საიდუმლოდ მოპოვებული ფირფიტების დახმარებით და შავ ბაზარზე ნაყიდი ჯინსებით ახერხებდა, ალბათ, რთულად თუ წარმოიდგენდა, რომ მათ შვილებს უსაზღვრო შესაძლებლობებისაკენ უამრავი გზა გაეხსნებოდა.
ათწლეულები გავიდა და დღეს ამერიკაში სწავლა ფანტასტიკის ჟანრი აღარაა, მეტიც, მონდომება, ცოდნა, ჟინი და მიზნის ჰქონა საკმარისია, რომ ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ, აშშ-ის მთავრობისვე დახმარებით შეძლო.
ამ სტატიაში მოგიყვებით აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამის, ფულბრაიტის შესახებ და გაგაცნობთ ქართველ სტიპენდიატს, რომელიც ახლა ამერიკის უძველეს კვლევით ინსტიტუტში ტექნოლოგიის კომერციალიზაციასა და მეწარმეობას სწავლობს.
რა არის ფულბრაიტის პროგრამა?
"ფულბრაიტის პროგრამის მიზანია, მსოფლიოს შესძინოს ცოტა მეტი განათლება, ცოტა მეტი საღი აზრი და ცოტა მეტი თანაგრძნობა, შესაბამისად გაზარდოს იმის შანსი, რომ ერებმა მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება შეძლონ" — ასე განმარტავდა სენატორი უილიამ ფულბრაიტი პროგრამის აუცილებლობას იმ სამყაროსთვის, რომელმაც სულ რამდენიმე თვით ადრე კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი — მეორე მსოფლიო ომი გადაიტანა.
უილიამ ფულბრაიტს სჯეროდა, რომ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა ცალკეულ ადამიანს, ინსტიტუციას, ქვეყნებს, მსოფლიო ლიდერებს შორის მშვიდობასა და ურთიერთგაგებას ხელს შეუწყობდა. ამ იდეით შეიქმნა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც დღემდე ამ სტატუსს ინარჩუნებს.
ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკადემიკოსები თუ ხელოვანები — კურსდამთავრებულთა მასშტაბური მიღწევებით ფულბრაიტის პროგრამა ნამდვილად ყველასგან გამორჩეულია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა ხდება ფულბრაიტის სტიპენდიატი და სამაგისტრო საფეხურზე სწავლას აშშ-ის სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე აგრძელებს.
ფულბრაიტის პროგრამა მათთვისაა, ვისაც უმაღლესი ხარისხის განათლების მიღება სურს, რაც მთავარია, სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულიად დაფარულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად სტუდენტებისთვის გრანტს საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი გასცემს. საუკეთესო სტუდენტებსაც სწორედ ეს ორგანიზაციები და კომპანიები აშშ-ის საელჩოსთან ერთად ავლენენ. მასში მონაწილეობის მიღება კი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
საქართველოს ბანკი პროგრამის პარტნიორი 2014 წლიდანაა და მისი მხარდაჭერით აშშ-ში სასწავლებლად 6 საუკეთესო სტუდენტი გაემგზავრა. წარმატებული ახალგაზრდა, რომელსაც სურს სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით, საქართველოს ბანკის ხელშეწყობით აშშ–ში მომავალი წლიდან დაიწყებს სწავლას.
ახლა პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის კონკურსია გამოცხადებული. რა უნდა მოასწროთ 2020 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე, სანამ განცხადებების მიღება დასრულდება, რა ეტაპებს მოიცავს არჩევის პროცესი და როგორია სწავლა აშშ-ში — ამ საკითხებზე ფულბრაიტის სტიპენდიატი დემეტრე შანშიაშვილი გვესაუბრა.
სწრაფვა ცვლილებებისადმი
დემეტრემ ოთხი წლის განმავლობაში ფინტექ კომპანიაში ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიმართულებით იმუშავა. ახალი გამოცდილების მიღების სურვილმა განაპირობა მისი მთავარი ინტერესები: მოგზაურობა, როგორც სიახლეების აღმოჩენა და პროდაქტ დეველოპმენტი, როგორც საკუთარი ხელით რაღაც ახლის შექმნის შესაძლებლობა. რაღაც ეტაპზე კი გადაწყვიტა, განსხვავებული რამ ეცადა, ისეთი, რაც მის ხედვებსა და გამოცდილებას სრულიად ამოაყირავებდა. სწორედ ცვლილებებისადმი სწრაფვამ აქცია ის ფულბრაიტის სტიპენდიატად.
დემეტრე აღნიშნავს, რომ ქართულ ბიზნეს გარემოში კვლევისა და განვითარების მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, ხოლო დაგეგმვისა და ანალიზის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ყველაფერს კი ის ამძაფრებდა, რომ ეს საკითხები უნივერსიტეტშიც არ ისწავლებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ფულბრაიტის დახმარებით შეესწავლა მეცნიერული მეთოდები, რომლითაც ტექნოლოგიური კომპანიები ბაზრისა და პროდუქტის განვითარების კვლევას შეძლებდნენ.
დემეტრე ახლა აშშ-ის პატარა ქალაქ ტროაში ცხოვრობს და Rensselaer Polytechnic Institute-ის – ამერიკის უძველესი კვლევითი ინსტიტუტის სპეციალურ პროგრამაზე Technology Commercialization & Entrepreneurship-ზე სწავლობს. ამ ინსტიტუტში სწავლა თეორიულ საკითხებთან ერთად, ტექნოლოგიურ სტარტაპებთან მუშაობასაც გულისხმობს.
გამოწვევები
დემეტრე კონკურსის ორ მთავარ გამოწვევაზე გვესაუბრება — საკმაოდ გრძელ, შრომატევად პროცესსა და ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ხვდები, რომ ეს რიგითი კონკურსი არაა.
"ყველაფერი იმის გააზრებით იწყება, თუ რა გინდა შენ და რას ეძებს ფულბრაიტი" — აღნიშნავს დემეტრე. შემდეგი ნაბიჯია შესაფერისი უნივერსიტეტისა და პროგრამის ასარჩევად ხანგრძლივი კვლევა-ძიების პროცესი და შეფასება, რამდენად ხარ მზად, ისწავლო ამა თუ იმ მიმართულებაზე და რას მოგცემს საბოლოოდ ის.
მომდევნო ეტაპზე კი აპლიკაციის შევსების დროა, სადაც სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად ორი სამოტივაციო და სამი სარეკომენდაციო წერილი გჭირდება. "ეს ყველაფერი უნდა იყოს მაღალ დონეზე შესრულებული და ჰარმონიაში შენს მიზანსა და შერჩეულ პროგრამასთან" — ამბობს დემეტრე. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს რეკომენდატორებთან კონსულტაციის მნიშვნელობას და უკუკავშირს მათგან, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი აქვს.
"ჟიურის თვალით საკუთარი კანდიდატურის დანახვას" მოსდევს გასაუბრება, სადაც შესაძლოა ყველა კითხვაზეც გქონდეს პასუხი, მაგრამ მოვლენები ზოგჯერ მაინც არასტანდარტულად ვითარდება. ამ ყველაფერს ისევ ტესტირება, ნერვიულობა და უნივერსიტეტის დასტურზე ლოდინი მოჰყვება. თუმცა, დაღლის და სტრესის მიუხედავად, თავს დანებების საშუალება არ მისცა — ამბობს, როდესაც ადამიანი იღლება და ჰგონია, რომ სიარულს ვეღარ გააგრძელებს, მას სინამდვილეში კიდევ 40%-ით მეტის გავლა შეუძლიაო.
სწავლა ამერიკაში
დემეტრე ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობა ისაა, რომ "რესტარტის" საშუალება გაქვს. აქ საკუთარ ხედვებს სხვა პრიზმაში ატარებ, რაშიც აკადემიური, პროფესიული და სოციალური ცვლილებები გეხმარება. "განსხვავებულ სიტუაციებში, განსხვავებულ ადამიანებთან ყოფნის დროს ხვდები, რომ ყველაფერი ისე არაა როგორც ფიქრობდი და შენი ხედვები, შეიძლება, დიდი სურათის მხოლოდ ფრაგმენტს წარმოადგენდეს", — აღნიშნავს ის.
მათ, ვისაც ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება სურს, ურჩევს, რომ საკუთარ თავს მაქსიმუმი მოსთხოვონ. "საკმარისი შრომა და ძალისხმევა ერთადერთი რამაა, რაზეც, წარმატების მიღწევის ფაქტორებიდან ზემოქმედება შეგვიძლია", — აღნიშნავს დემეტრე და სამ რამეს გამოჰყოფს, რაც ამერიკაში სწავლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ:
- ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია არ გაჩერდე.
- დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ამიტომ არ უნდა გაფლანგო.
- თავიდანვე უნდა შეეწყო და ბოლომდე აითქვიფო ამერიკულ კულტურაში, რადგან ბევრი რამ ძალიან განსხვავებულია და თუ ფეხი ვერ მოიკიდე, შეიძლება ძალიან დაისტრესო.
როგორც აღმოჩნდა, ამერიკულმა რეალობამ მის მოლოდინს გადააჭარბა. აქ დიდი შესაძლებლობები დახვდა. დემეტრემ უკვე "მწვანე ტრანსპორტის" ახალ სისტემებზე მომუშავე ტექნოლოგიური სტარტაპიდან სტაჟირების შეთავაზება მიიღო. გარდა ამისა, ორ ჯგუფელთან ერთად თვითონაც წამოიწყო სტარტაპი, რომელიც ორი გრანტის მფლობელი გახდა. მომავალში კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი პროგრამის მასკის სტიპენდიის მოპოვებასაც გეგმავს.
ასე რომ, ფულბრაიტის პროგრამა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. მთავარია, როგორც დემეტრე გვირჩევს, გქონდეს მიზანი და არ დანებდე, რადგან ყოველ ჯერზე ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ შესაძლებლობები ამოწურე, უნდა გახსოვდეს, რომ კიდევ 40%-ით მეტი შეგიძლია.
ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ აშშ-ის საელჩოს და საქართველოს ბანკის ვებგვერდებს.
კომენტარები