"არ იყო მობილიზებული, ვერ აღიქვამდა, რომ სკოლა ჰქონდა"

ბარბარე პირველ კლასშია და თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადის. მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ოჯახთან ერთად კახეთში წავიდა.

ბარბარეს დედა, მარიამ გელაშვილი ონლაინგაკვეთილებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ განათლების ხარისხმაც მკვეთრად დაიკლო.

"ბევრი რამ არ მომწონდა, მაგალითად, ბავშვი არ იყო მობილიზებული. ანუ ვერ აღიქვამდა იმას, რომ სკოლა ჰქონდა და მეცადინეობდა. სკოლაში რომ დადის, სხვანაირი პასუხისმგებლობა აქვს, რაც ძალიან ჰქონდა დაქვეითებული. სულ ომი მქონდა, რომ დამჯდარიყო და ემეცადინა. სხვა მშობლებსაც იგივე პრობლემები აქვთ, ბავშვებს ეზარებათ სწავლა".

მარიამი მასწავლებლის ახსნილითა და მონდომებით კმაყოფილია, თუმცა დავალების შემოწმების კუთხით ბევრი ხარვეზი დაინახა, რადგან 15-წუთიანი გაკვეთილის განმავლობაში ყველაფერი ვერ ესწრებოდა. ბავშვების ჩართულობაც დაბალი იყო.

"ბარბარე არ არის ის ტიპი, რომ დაჯდეს და თვითონ გააკეთოს, გვერდით უნდა ეჯდე. მობილიზება უჭირს. უნდა მიუთითო, რომ წაიკითხოს, თუ არა — ანებებს თავს. მაგიტომ სულ ჩართული ვიყავი, გაკვეთილის პროცესშიც გვერდით ვეჯექი, იმიტომ, რომ არ უსმენდა მასწავლებელს".

ონლაინგაკვეთილების გამო მარიამის ჩართულობა ბარბარეს მეცადინეობაში ორჯერ გაიზარდა, რაც რთული აღმოჩნდა იმის გათვალისწინებითაც, რომ მარიამს მეორე შვილიც ჰყავს.

ხელი მეშლებოდა იმაზე, რომ პატარა მყავს და მას მიხედვა უნდა, აქეთ ამას გვერდით ჯდომა. მეცადინეობის პროცესშიც გვერდით უნდა ვეჯდე და, რა თქმა უნდა, ვაკეთებინო დავალებები. ძალიან გამიჭირდა.

მარიამი

გაკვეთილების უკმაყოფილებას დაემატა ინტერნეტის პრობლემებიც. მარიამის თქმით, კახეთში ყოფნის დროს ცუდი ამინდში ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ. ვერც ტელესკოლას იყენებდნენ, რადგან ტელევიზორი გაფუჭებული იყო.

"ინტერნეტის ხარვეზი ხშირად ხელს გვიშლიდა და ონლაინგაკვეთილს Microsoft Teams-ში ვერ ვესწრებოდით. ბევრჯერ სწორედ მაგის გამო გაგვიცდა გაკვეთილი. იყო შემთხვევები, როცა თვითონ პროგრამამ არ შემიშვა".

უკმაყოფილებისა და სირთულეების მიუხედავად, მარიამი ამბობს, რომ აკადემიური წლის გამოცხადებას ისევ ასე ჩატარებული გაკვეთილები სჯობდა.

"რა თქმა უნდა, მირჩევნია, სკოლაში იაროს, რადგან გაცილებით მეტად მობილიზებულია ბავშვი, ვიდრე სახლში ჯდომით. განა იმიტომ, რომ იქ ასწავლიან და რამდენიმე საათი გასულია ბავშვი სახლიდან, არა, ეგ საერთოდ არ მაწუხებს. უბრალოდ, მობილიზებული არ არის. ვერ აღიქვამს იმას, რომ გაკვეთილებზეა".

ფოტო: Getty Images

"15-წუთიან გაკვეთილში ვიხდი ამხელა თანხას"

თამთა ჩანტლაძის შვილი მეოთხე კლასშია და ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში დადის. ბავშვი სკოლაში ხუთის ნახევრამდე რჩებოდა, სადაც მას აჭმევდნენ და ამეცადინებდნენ. მას შემდეგ, რაც სწავლებამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ყოველთვიურ გადასახადს — 180 ლარს, მხოლოდ კვების ფული, 40 ლარი მოაკლდა.

თამთა ამბობს, რომ სკოლისა და პედაგოგის მადლიერია, თუმცა სწავლის საფასურის გამო დარდობს და მეტ შეღავათს ელოდა.

"კი, მესმის, რომ მასწავლებლებსაც სჭირდებათ ხელფასი, ოჯახები ჰყავთ და რაღაც, მაგრამ 15-წუთიან გაკვეთილში ამხელა თანხა რატომ უნდა ვიხადოთ. მეგონა, რომ გაგვინახევრებდნენ მაინც. სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი. თუ ასე გაგრძელდა, მირჩევნია საჯარო სკოლაში გადავიყვანო, მაინც მე ვწვალობ და ვამეცადინებ".

ბავშვი რუსულენოვანია, რის გამოც ქართულად მეცადინეობა უჭირს. გაკვეთილების დროს თამთას გვერდით ჯდომა უწევს.

"სკოლაში ხუთი-ექვსი ბავშვია კლასში და უფრო კომფორტულია ჩემთვისაც, რადგან მასწავლებელი უფრო დამოუკიდებლად ამეცადინებს. მოდიოდა ყოველთვის მომზადებული, კარგი მასწავლებელი ჰყავს, მაგაში გამიმართლა ძალიან. ახლა ყველაფერს გვაძლევენ ჩვენ. ძალიან გაწვალებული ვარ".

"მეც სახლში ვიყავი და ეს ყველასთვის მომგებიანი იყო"

შვიდი წლის ლუკა თბილისში სწავლობს. როგორც მამამისი, ლევან ჩხაიძე ჰყვება, შვილის დისტანციურ სწავლებაში მთელი ოჯახი ჩართულია. ონლაინგაკვეთილების დროს მხოლოდ ადაპტირების პერიოდი ახსენდება შედარებით რთულად, დანარჩენმა კი, როგორც ამბობს, საკმაოდ კარგად ჩაიარა.

დისტანციური სწავლება მისთვისაც კომფორტული აღმოჩნდა, რადგან სახლიდან უწევდა მუშაობდა.

ეს ყველასთვის მომგებიანი იყო, ბავშვისთვისაც, ჩვენთვისაც. მეც ჩართული ვიყავი სწავლების პროცესში. ბავშვიც კმაყოფილია.

ლევანი

"უბრალოდ ცოტა იღლებოდა, მეექვსე-მეშვიდე კლასში რომ იყოს და ცოტა აზრზე მოსული, მიხვდებოდა განსხვავებას სკოლასა და ონლაინგაკვეთილს შორის. ახლა სკოლაში სიარული, ფაქტობრივად, მარტო პირველ სემესტრში მოუწია. სკოლის "მუღამში" როცა შედიოდა, უთხრეს რომ სახლში უნდა დარჩეს".

ლევანი ამბობს, რომ სახლში ყოფნის გამო სწავლაში მისი ჩართულობა ერთიორად გაიზარდა.

"იმდენად ნასწავლი მოდიოდა სკოლის პერიოდში, რომ ვერც შევადარებ ონლაინგაკვეთილს. მასწავლებელიც ასი პროცენტით იხარჯება, ჩვენი ჩართულობაც 200 პროცენტით მომატებულია და ბოლომდე ჩართულები ვართ სწავლაში, აღზრდაში და განვითარებაში, რომ რამე არ გამოგვრჩეს".

"მასწავლებელსაც გააჩნია"

თამარ ტაბიძის შვილი, ცოტნე თბილისის საჯარო სკოლაში დადის. თავიდან ონლაინგაკვეთილები ხარვეზით წარიმართა: ხან შესაბამის პროგრამაში ვერ შედიოდნენ, ხან პედაგოგის ხმა არ ისმოდა, ხან სულაც პროგრამას ჰქონდა პრობლემა. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა. კლასის მშობლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

"თავიდან ის პრობლემა იყო, რომ ბავშვები არიან პატარები და იქ ხმა ისმოდა, რომ დედა პეჩენია მომეცი, სველი ხელსახოცი მომეცი, პირი მომწმინდე და მსგავსი. მასწავლებელიც ძალიან იღლებოდა. მერე ბავშვებიც მიეჩვივნენ სიტუაციას. საბოლოოდ, ამ ყველაფერს მშობელიც მიეჩვია, ბავშვსაც მეტი პასუხისმგებლობა გამოუმუშავდა".

თამარი ონლაინგაკვეთილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამაში დიდი როლი დამრიგებელმა ითამაშა. მისივე თქმით, მასწავლებელი თითოეულ ბავშვს აქცევდა ყურადღებას და ახალი გაკვეთილის ახსნის დროს, ცდილობდა ყველასაგან პასუხი მიეღო.

საათი და საათ-ნახევარი გვიტარდებოდა გაკვეთილი. ამიტომ ვამბობ, რომ მასწავლებელსაც გააჩნია. ზედ ჰყვებოდა ბავშვებს, არც ერთი გაკვეთილი 15 წუთი არ ჩატარებულა. უპასუხოდაც არ ტოვებდა დავალებებს

თამარი

თამარის თქმით, ონლაინგაკვეთილების პროცესში ცოტნეს გვერდით არ უჯდებოდა, თუმცა ოთახში ახლოს იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდა. ამჩნევდა, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ხანდახან ერთმანეთს პასუხის გაცემასაც არ აცდიდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სწავლის ხარისხით არც თამარი არაა ბოლომდე კმაყოფილი და შვილს დამატებით ამეცადინებს.

"პირადად მე ბაღში ვმუშაობდი. ახლა სახლში ვარ და მაქვს იმის დრო, რომ დამატებით ვამეცადინო. სახლში ქსეროქსიც მაქვს და ვუბეჭდავ მასალას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება იმას, როცა სკოლაში რამდენიმე საათს ატარებდა. თან ზოგს ეს ონლაინგაკვეთილი 15 წუთით უტარდება".

თამარი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ინგლისური ენა გაუჭირდათ, რადგან თვითონ არ იცის და ვერც ცოტნეს ამეცადინებდა.

"მასწავლებელი ქართული ასოებითაც გვიწერს და გვიგზავნის მოსასმენ ვიდეოებს, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სკოლა, რომ ინგლისურს იქ უსმინოს, რადგან რა ინტონაციით თუ კილოთი ვასწავლი მე, თვითონაც მეცინება ხოლმე ჩემს ხმაზე".

ფოტო: Mixetto / Getty Images

"ცოტა ცუდ შედეგს ველოდი, მაგრამ განვითარების კუთხით განსხვავებული მივიღე"

მაკა სალხინაშვილს სამი შვილი ჰყავს — 9 წლის ტყუპი გოგოები და 6 წლის ბიჭი. სამივე მათგანი სახლიდან სწავლობს. ბავშები კერძო სკოლაში დადიან. მაკა ორ უნივერსიტეტში პროფესორია, ამიტომ დისტანციური სწავლებაში თვითონაც უშუალოდ ჩართულია.

მაკას თქმით, ონლაინსწავლებით საერთო ჯამში კმაყოფილია. ხელი იმანაც შეუწყო, რომ სახლში სამი კომპიუტერი აქვთ და ბავშვებმა სისტემას ალღო ადვილად აუღეს.

6 წლის მათე სკოლაში არ დადის და ჯერ მოსამზადებელ კლასშია. დღეში ერთსაათიანი გაკვეთილები უტარდება, რა დროსაც ანბანს და შეკრება-გამოკლებას სწავლობს. მისგან განსხვავებით, დღეში სამ-სამი გაკვეთილი უტარდებათ ნუცას და ქეთის.

"ქეთიმ და ნუცამ პირველ ორ დღეში იმდენი რამე გაიგეს, რომ თვითონაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მასწავლებლები დაინახეს, თავიანთი კლასელბი დაინახეს და ამან განაპირობა ის, რომ მეტი დაინტერესება იყო. 11-დან 2 საათამდე აქვთ ონლაინგაკვეთილები. დილით ადრე ადგომა უყვართ და იმას აპროტესტებენ, გაკვეთილები უფრო ადრე რატომ არ იწყებაო".

მაკას თქმით, ონლაინსწავლების პროცესში ტყუპებმა ინტერნეტში უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მოძიება დაიწყეს, მრავალფეროვან პრეზენტაციებს აკეთებენ და, საერთო ჯამში, ამან განვითარების კუთხით მათზე დადებითი გავლენა იქონია.

მე ცოტა ცუდ შედეგს ველოდი, რაღაც კომპიუტერთან მიჯაჭვულობას. მაგრამ მივიღე განსხვავებული, ვგულისხმობ, განვითარების კუთხით. სულ რეჟიმში ვიყავით. დილით სკოლაში მიმყავდა, ცეკვაზე, ბასტი-ბუბუზე და ცურვაზე დადიან. დრო არაფრის არ რჩებოდათ. ახლა უკვე ეს პერიოდი სულ სახლში რომ არიან, თავის თავზე მუშაობა და უფრო მეტად განვითარება დაიწყეს.

მაკა

როგორც მაკა ამბობს, ტყუპებს 40-წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ. როცა იღლებიან, მასწავლებელი განტვირთვისთვის მუსიკას რთავს. როცა ერთ-ერთ ბავშვს მათემატიკაში გაუჭირდა, მასწავლებელმა თავისი ინიციატივით დამატებითი ონლაინგაკვეთილი ჩაატარა.

"სწავლის გადასახდზე ვაპირებდი დირექტორს დავლაპარაკებოდი, მაგრამ თუ ბავშვმა რაღაც ვერ გაიგო ან მასწავლებელმა ვერ მოასწრო, დამატებით ხარჯავენ დროს და გაკვეთილს თავიანთი ინიციატივით ატარებენ. სიმართლე გითხრათ, აღარც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს თემა წამომეწია და არ მომითხოვია, რომ ამ კუთხით რაიმე შეღავათი გაეკეთებინათ".

"ბავშვი დაისტრესა"

ნიკოლოზი პირველ კლასშია. მისი დედა, ლალი გურული ჰყვება, რომ ონლაინგაკვეთილების გამო ბავშვი დაისტრესა და ჯამშიც, სწავლებით ძალიან უკმაყოფილოა. ბავშვი ხშირად აპროტესტებდა და სკოლაში სიარულს ითხოვდა.

ჩემს ირგვლივაც ძალიან ბევრია უკმაყოფილო ამ ონლაინსწავლებით. ფაქტობრივად, ჩავთვალე, რომ მეორე სემესტრი არ ყოფილა.

ლალი

ლალი გაკვეთილების დროს სხვადასხვანაირ ხერხს მიმართავდა, რათა ბავშვს ემეცადინა. ნიკოლოზმა ინგლისური ენის სწავლა მეორე სემესტრიდან დაიწყო და დედა ამბობს, რომ მის შვილს უცხო ენა, ფაქტობრივად, არ უსწავლია.

"თან მარტოხელა დედა ვარ და სკოლის დროს მიწევდა გახანგრძლივებულში მეტარებინა, რათა ნამეცადინები ყოფილიყო. ახლა მასწავლებელი კი გვაძლევდა დავალებებს და ვაკეთებდით, მაგრამ ბავშვი ძალიან მიპროტესტებდა".

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს სამსახურში აღარ დადიოდა და ბავშვთან ერთად იყო, ლალის თქმით, დისტანციური სწავლება მისთვის ძალიან რთული იყო.

"მასწავლებელი ძალიან კარგი ჰყავს, მაგრამ, აი, წარმოიდგინეთ, 20 წუთში ამდენ ბავშვთან გამოკითხვას ვერ ასწრებს, ჯერ მარტო გამარჯობის თქმა, მისალმება. ვერ ასწრებდა იმას, რასაც სკოლაში გადიან. სკოლაში პროგრამას კარგად გადიოდნენ და კარგადაც ამეცადინებდნენ, ვიდრე ასე, ონლაინ".

ონლაინგაკვეთილებმა რა ჰქმნა

მოულოდნელად თავსდამტყდარი პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება რომ ერთადერთი გამოსავალი იყო, ამაზე არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაც მეტყველებს. მთავარ გამოწვევად კი სწავლის უწყვეტობა და აკადემიური წლის არგამოცხადება იქცა.

როცა ქვეყანაში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვს, დისტანციური სწავლება კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად ჩანს. სწორედ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობისთვის ონლაინგაკვეთილებს ტელესკოლის პროექტიც "დაეწია".

ონლაინსწავლების დროს განათლების ხარისხთან და მის შედეგებთან დაკავშირებით On.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ უფრო დეტალურად შედეგებზე 15 ივნისის შემდეგ ისაუბრებენ, როცა სკოლებში სასწავლო წელი დასრულდებოდა.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით დანერგეს და ამაზე საერთაშორისო შეფასებები და გამოხმაურებებიც მეტყველებს. ის მიიჩნევს, რომ სემესტრი შედგა და აკადემიური წლის გამოცხადებაც საჭირო არაა.

"რა საკვირველია, ეს კრიზისი იყო, იყო შესაძლებლობების გაჩენა. ყველა კრიზისი აჩენს შესაძლებლობებს, განათლების მიმართულებითაც. ფაქტობრივად, ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების დანერგვა როგორც ონლაინ, ასე ოფლაინ რეჟიმში", — განაცხადა მინისტრმა 27 მაისს.

გიორგი ჭანტურია

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელესკოლა

ონლაინგაკვეთილების დროს მოსწავლეებთან კომუნიკაციის სირთულეზე საუბრობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ორგანიზაცია განათლება ყველასთვის დირექტორი, გიორგი ჭანტურია. მისი თქმით, ერთია, როცა სკოლაში ბავშვების პირისპირ ხარ და მეორე, როცა ეს ბავშვები კომპიუტერებთან უნდა მიიყვანო.

"მქონია გამოცდილება, რომ ხუთი ან სამი ბავშვი ესწრებოდა გაკვეთილს. რომ მოიყვან გაკვეთილზე, მერე განსაკუთრებულად უნდა დააინტერესო რომ ჩაერთოს, თორემ იქ მკაცრად საუბარს ვერ დაუწყებ, რომ ხმა ჩამირთე, ან კამერა ჩამირთე და დამანახე რომ იქ ზიხარ. ამას ვერანაირად ვერ იზამ", — ამბობს გიორგი ჭანტურია.

მისივე თქმით, დისტანციურმა სწავლებამ მშობლებიც გამოწვევის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როცა მშობლის აქტიურობას ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სადამრიგებლო კლასი არ ჰყავს, ჭანტურია ამბობს, რომ დახმარებისთვის პირადად მასაც მიმართავდნენ:

"მეკითხებოდნენ "ესწრება?". რამდენიმე მშობელი ემიგრაციაშია და იქიდან ცდილობდნენ ჩართვას. ამასთან, რადიკალურად რთული აღმოჩნდა სკოლისთვის იმ ბავშვების ჩართვა, ვისაც აქამდე ნაკლები ინტერესი ჰქონდა სწავლისადმი".

რაც შეეხება განათლების ხარისხს, ჭანტურია აღნიშნავს, რომ ეს აქამდეც ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო და ლოგიკურია, რომ ახლაც ამ მხრივ საქმე გართულდებოდა. თუმცა ონლაინსწავლებაში იგი სამომავლოდ სხვა პრობლემების გადაჭრის გზებს ხედავს.

დავუშვათ, ხულოში არ ჰყავთ ფიზიკის მასწავლებელი. ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია, რომ ეს სკოლა დავუკავშიროთ თბილისის რომელიმე სკოლას და აქედან ჩავატაროთ გაკვეთილი. ან პროგრამა გაკეთდეს და ისე ჩაერთონ. ასეთი რაღაცები თურმე აქამდეც რომ ყოფილა შესაძლებელი, დღევანდელმა მდგომარეობამ უკეთ გამოაჩინა.

გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია ტელესკოლის პროექტშიც არის ჩართული. როგორც იგი აღნიშნავს, განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით პროექტმა დადებითი როლი ითამაშა და საინტერესო გაკვეთილების ბაზაც შეიქმნა. პედაგოგი ამბობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც თავისი ფუნქცია დაიბრუნა.

"ძალიან კარგი რაღაც მოხდა, რომ თვითონ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი როლი აღიდგინა, დაიბრუნა და განათლება მათ პრიორიტეტებში ჩაეწერა. ზოგადად, განათლების არხი რომ იარსებებს, და იმედია რომ იარსებებს, ამ მიმრათულებითაც ბევრი სამუშაო იქნება", — აღნიშნავს ჭანტურია.

გაუმკლავდა თუ არა პანდემიის დროს დისტანციურ სწავლებას განათლების სისტემა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. როგორც გიორგი ჭანტურია ამბობს, ჯერ მონაცემები არ არსებობს და შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ბევრი მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი მაინც გაწყდა.

სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.