ადამიანთა უმეტესობას მეფე მიდასის ფოლკლორული ფიგურის შესახებ, ალბათ, ბევრი რამ სმენია. იგი ბერძნული მითოლოგიისა და, ზოგადად, ლიტერატურის ერთ-ერთი საკრალური პერსონაჟია, რომელიც ნივთების ოქროდ გადაქცევის უნარითაა ცნობილი. საინტერესოა, რომ ისტორიულადაც არსებობდა მეფე, სახელად მიდასი. ახლახან გორდიონის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სწორედ მისი ოჯახის წევრის სამარხი აღმოაჩინეს.

პენსილვანიის მუზეუმის პრესრელიზის მიხედვით, რეალურად არსებული ფრიგიის მეფე მიდასი ძვ. წ. პირველ ათასწლეულში მცირე აზიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სამარხში აღმოჩენილი არტეფაქტების წყალობით შეიძლება, ამ პიროვნებისა და მისი დინასტიის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ. ის ფრიგიის ძველ დედაქალაქ გორდიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ძვ. წ. VIII საუკუნისაა.

გათხრებს იუჯელ შენიურთი და ბრაიან როუზი ხელმძღვანელობდნენ.

პროფესორები იუჯელ შენიურთი და ბრაიან როუზი.

ფოტო: Penn Museum

პენსილვანიის მუზეუმი გორდიონის ექსპედიციებში 1950 წლიდან მონაწილეობს. იქ მომუშავე არქეოლოგმა, ბრაიან როუზმა, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში მიდასთან ამ აღმოჩენის კავშირსა და მის უნიკალურობაზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ სამარხში დაკრძალული პიროვნების ვინაობა რთული დასადგენი იყო, მაგრამ შიგნით მიკვლეულმა ნივთებმა სპეციალისტებს გარკვეული მინიშნებები მისცა.

"წარწერების გარეშე რთული დასადგენია, ვის ეკუთვნის საფლავი. ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, სამარხის მდებარეობისა და არტეფაქტების დათარიღების გათვალისწინებით გაირკვა, რომ ეს ადამიანი, სავარაუდოდ, მეფე მიდასის ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო", — განაცხადა ბრაიან როუზმა.

სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭურჭელი და ლითონის იარაღები.

ფოტო: Penn Museum

გათხრების დაწყებიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ არქეოლოგების ჯგუფმა სამარხის სახურავს უკვე ჩამოშლილ მდგომარეობაში მიაგნო. იქ ნაპოვნი ნივთები, მათ შორის ბრინჯაოს ჭურჭელი და ლითონის იარაღები, თითქმის დაუზიანებელი იყო. სწორედ ამ არტეფაქტებმა მისცა მკვლევრებს საფლავში დაკრძალულის ვინაობის დადგენის საშუალება.

მიდასის მმართველობის პერიოდში (დაახლოებით ძვ. წ. 740-700) გორდიონის დიდების ეპოქა იყო. ბერძნული ლეგენდების თანახმად, მიდასი მისი განსაკუთრებული უნარის გამო იყო მდიდარი, მაგრამ ასურეთის ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი სიმდიდრე მცირე აზიის ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მეთაურობით აიხსნება.

აღმოჩენილი არტეფაქტები მიდასის შესახებ უკვე ცნობილ ფაქტებს ადასტურებს, მაგრამ ერთი დეტალი მეცნიერებისთვის ნამდვილად მოულოდნელი გამოდგა — დაკრძალულ ადამიანს კრემაცია ჰქონდა ჩატარებული. როუზის თქმით, ეს ფაქტი პიროვნების მაღალ სტატუსზე მიუთითებს.

პროფესორი ბრაიან როუზი გორდიონის ტერიტორიაზე.

ფოტო: Tom Stanley

როუზისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, გორდიონი 2023 წლის სექტემბრიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. არქეოლოგებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი კვლევისა და აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

"UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვედრა უდიდესი პატივია და ამის შემდეგ გორდიონში ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, ტერიტორია რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად იქცა და სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვება საგრძნობლად გაიოლდა", — თქვა როუზმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.