პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი ეკლსია სახელმწიფოსგან შეღავათს დაუმსახურებლად არ იღებს.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიებზე საუბარი, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა.

"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არის უფრო დახვეწილი ფორმა, ვიდრე აქამდე არსებობდა. თითქოს, ეკლესია ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არის სახელმწიფოს მხრიდან, დაუმსახურებლად იღებს რაიმე შეღავათს, რაც რეალობას არ წარმოადგენს. ეკლესიას აქვს თავისი როლი და ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოს სიძლიერის და სტაბილურობის. ასე, რომ ახალი არაფერი არ ხდება. ეკლესიის უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციით", — განაცხადა გია ვოლსკიმ TV პირველთან.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, TDI-ის ინფორმაციით, თვითმმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს გადასცემენ "მატერიალურ სიკეთეს", ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მათივე თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

TDI-ის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.