გასულ თვეს აშშ-ში, ალასკას შტატის ქალაქ პალმერის სკოლაში ხუთი ცნობილი კლასიკური ნაწარმოები სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო მასალებიდან ამოიღეს: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის დიდი გეტსბი, მაია ენჯელოუს ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი, ჯოზეფ ჰელერის Catch-22, რალფ ელისონის უჩინარი კაცი და ტიმ ო'ბრაიენის რასაც თან დაათრევდნენ.

ამ ფაქტმა საერთაშორისო მედიის დაინტერესებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებიც დაიმსახურა: The Guardian-ის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი მოსწავლეებს ფულს ან უფასო საკვებს სთავაზობდა, რათა ეს წიგნები მაინც წაეკითხათ.

მოსახლეობის პროტესტმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო: სკოლამ ხუთივე წიგნი სასწავლო მასალებში კვლავ დააბრუნა. სპეციალური შეხვედრის განმავლობაში, სადაც წიგნების აკრძალვას აპროტესტებდნენ, ერთმა მოსწავლემ განაცხადა: "იმას თქმა, რომ მზად არ ვართ ამ წიგნების წასაკითხად ან მათგან დაცვა გვჭირდება, უბრალოდ გამაღიზიანებელია".

ისინი, ვინც სკოლაში ამ ცნობილი ნაწარმოებების აკრძალვას ითხოვდნენ, აღნიშნავდნენ, რომ მაია ეჯელოუს რომანში "სექსუალური ძალადობა დეტალურადაა აღწერილი და ამავდროულად თეთრკანიანების საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავს". ჯოზეფ ჰელერის Catch-22 კი მიზოგინური და რასისტული დამოკიდებულებების შემცველი ლექსიკის გამოყენების გამო გააკრიტიკეს.

მთავარი არხის გადაცემა შუადღეში წამყვანებმა თომას მანის ცნობილ ნაწარმოებზე სიკვდილი ვენეციაში ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა დროს ასევე კრიტიკისა და უარყოფითი შეფასებების მიზეზი გამხდარა, რის გამოც მისი აკრძალვაც არაერთხელ მოუთხოვიათ.