მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
ორი ახალი კვლევის [1, 2]ფარგლებში მკვლევრებმა იშვიათი შემთხვევა აღწერეს, როდესაც სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა. ბოლოს ეს მინიმუმ მილიარდი წლის წინ მოხდა.
პროცესს პირველადი ენდოსიმბიოზი ეწოდება. დედამიწის ისტორიაში ეს სულ რაღაც ორჯერ მოხდა და მნიშვნელოვან ევოლუციურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი: პირველ შემთხვევაში ამან მიტოქონდრია წარმოქმნა და კომპლექსური სიცოცხლის წინაპირობა შექმნა, შემდეგ ჯერზე კი — მცენარეების წარმოშობა განაპირობა.
მეცნიერებმა ახლახან ეს ფენომენი კიდევ ერთხელ აღწერეს, ამჯერად ოკეანის ერთ-ერთ წყალმცენარესა (Braarudosphaera bigelowii) და ბაქტერიას შორის.
"როცა, ჩვენი აზრით, ეს პირველად მოხდა, მთელი კომპლექსური სიცოცხლის წინაპირობად იქცა", — განაცხადა ტაილერ კოალმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა და ერთ-ერთი კვლევის ხელმძღვანელმა — "ყველაფრის არსებობას, რაც ბაქტერიულ უჯრედზე კომპლექსურია, ამ მოვლენას უნდა ვუმადლოდეთ. მილიარდობით წლის წინ ეს ხელახლა მოხდა და ქლოროპლასტი წარმოიქმნა, რომელმაც მცენარეები მოგვცა".
პროცესში წყალმცენარე ბაქტერიას შთანთქავს და საკვები ნივთიერებებით, ასევე ენერგიითა და დაცვით უზრუნველყოფს. სანაცვლოდ იგი ისეთ ფუნქციებს იძენს, რომელთა შესრულებაც აქამდე არ შეეძლო, ამ შემთხვევაში — ჰაერიდან აზოტის ფიქსაციის უნარს.
აზოტის ფიქსაცია პროცესია, რომლის დროსაც სხვადასხვა ორგანიზმი (უმეტესად ბაქტერიები) ჰაერში არსებულ აზოტს იმგვარად გარდაქმნის, რომ მცენარეებმა მისი გამოყენება შეძლოს. ასე აზოტის შემცველი ნაერთები წარმოიქმნება, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს.
წყალმცენარე ბაქტერიას შემდეგ ისე იერთებს, როგორც შინაგან ორგანოს, ორგანოიდს. ამ ორგანოიდს ნიტროპლასტი ეწოდება. იგი თანდათან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მასპინძლის ფუნქციურობისათვის.
ცხადია, მიგნებებმა ევოლუციის პროცესზე ახალი ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს. ამასთანავე, ნაშრომთა ავტორების აზრით, შესაძლოა, ამას მიწათმოქმედების ფუნდამენტურად გარდაქმნის პოტენციალიც ჰქონდეს.
"სისტემა აზოტის ფიქსაციის კუთხით ახალ პერსპექტივას გვთავაზობს და, შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ შეიძლება ასეთი ორგანოიდის სასოფლო-სამეურნეო მცენარეებში შეტანა", — განაცხადა კოულმა.
ერთი ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, ხოლო მეორე — Cell-ში.
კომენტარები