მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
მეცნიერები დიდი ხანია მზის სისტემის მეცხრე პლანეტაზე ნადირობენ. ასტრონომების ნაწილს მიაჩნია, რომ იდუმალი მეცხრე პლანეტა მზის სისტემის კიდეში იმალება.
ორ ახალ ნაშრომში ნათქვამია, რომ მეცხრე პლანეტა ამდენი ხნის განმავლობაში "ჩვენს წინაშე იყო" და მას ვერ ვხედავდით.
თეორიის არსი, როგორც Caltech-ის პლანეტარული მკვლევრები და კვლევის თანაავტორები კონსტანტინე ბატიგინი და მაიკ ბრაუნი ამტკიცებენ, ეყრდნობა იმას, რაც ცნობილია, როგორც "ტრანს-ნეპტუნის ობიექტები" (TNO). საუბარია ციურ სხეულებზე, რომლებიც ნეპტუნის მიღმაა.
როგორც Scientific American-ის მოხსენებაშია აღნიშნული, TNO-ებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სედნაა, ჯუჯა პლანეტა, რომელიც Caltech-ის მკვლევრებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. ის მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტად ითვლება, რომელიც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მას ძალიან ცვალებადი ორბიტა აქვს, რის შედეგადაც გაჩნდა ვარაუდი, რომ მასზე რაღაცა დიდ გავლენას ახდენს.
პლანეტარული გამბიტი
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ TNO-ებზე რაღაცა მნიშვნელოვნად მოქმედებს.
ახალ ნაშრომში ბატიგინი და ბრაუნი ამტკიცებენ, რომ უფრო და უფრო მეტი TNO-ების შესწავლის შემდეგ, მათი უცნაური ორბიტების საუკეთესო და მარტივი ახსნა არის ის, რომ ობიექტებზე იდუმალი მეცხრე პლანეტა მოქმედებს.
მკვლევრებისთვის შემდეგი ეტაპი ახალი კოსმოსური ობსერვატორიების გამოყენება იქნება. თუმცა, როგორც ისინი გვაფრთხილებენ, მეცხრე პლანეტის აღმოჩენა, თუ ის საერთოდაც არსებობს, მარტივი არ იქნება.
ფაქტია, რომ მზის სისტემის კიდეში ობიექტებზე რაღაცა ზემოქმედებს და სავარაუდოა, რომ მას დედამიწაზე ბევრად დიდი მასა აქვს.
ამ პლანეტის შესახებ ჯერ კიდევ 1906 წელს პერსივალ ლოუელი საუბრობდა. მისით შთაგონებული სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი იმ იდეის ერთგული რჩება, რის მიხედვითაც, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა იმალება. მას მეტსახელად "პლანეტა X"-იც უწოდეს.
არსებობს ვერსია, რომ მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", საერთოდაც, პატარა შავი ხვრელია. მკვლევრებს ამ იდეისთვის სპეციალური ნაშრომიც აქვთ მიძღვნილი, რომელშიც გრეიპფრუტის ზომის, პატარა, სუპერმძიმე ობიექტია აღწერილი.
ასევე: მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", შესაძლოა, პატარა შავი ხვრელი იყოს
მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ პლანეტის სავარაუდო ორბიტა ძალიან დიდია და ის შეიძლება კომეტისასაც წააგავდეს.
კომენტარები