NASA-ს ადმინისტრატორმა ჩინეთის კოსმოსური შესაძლებლობების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბილ ნელსონის თქმით, ჩინელები კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებენ და ეს სახიფათოა.

"მიგვაჩნია, რომ ჩინეთის ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა რეალურად სამხედრო პროგრამაა. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩვენ რბოლაში ვართ", — თქვა ბილ ნელსონმა.

The Guardian-ის მიხედვით, ნელსონმა ეს განცხადება კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ნელსონს NASA-სთვის ახალი ბიუჯეტის დამტკიცება სურდა, რის მიხედვითაც ორგანიზაციას 2025 წელს 25 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს.

"ჩინეთს კოსმოსთან დაკავშირებით ბოლო ათი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ ამას აკეთებენ ფარულად", — აღნიშნა ნელსონმა.

ბრალდებები

გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ნელსონის განცხადება, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-ს ადმინისტრატორი ჩინეთს მსგავს ბრალდებებს უყენებს.

2021 წლის მაისში დადებული ფიცისას, ნელსონმა აღნიშნა, რომ ჩინეთს აშშ-ს კოსმოსური უპირატესობის დაძლევა შეუძლია. მეტიც, ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ნელსონმა ჩინეთი ამერიკული კოსმოსური ხომალდების დიზაინის მოპარვაშიც დაადანაშაულა.

"დიახ, მათ მოპარვა კარგად გამოსდით. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების დახვეწა", — თქვა 2022 წელს ნელსონმა.

რამდენიმე თვის წინ ნელსონმა ჩინეთი მთვარის "მოპარვაშიც" დაადანაშაულა, რასაც შესაბამისი პასუხიც მოჰყვა.

"აშშ-ს მხარე მუდმივად აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც ჩინეთის კოსმოსური მისიების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ვგმობთ ასეთ საქციელს", — თქვა მაშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.

ზუსტად იმის თქმა რთულია, თუ რა გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტებს ატარებს ჩინეთი კოსმოსში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ცივი ომის შემდეგ, კოსმოსური რბოლა კვლავ აქტუალური ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.