როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
ცოცხალი ორგანიზმების ნათებას ბიოლუმინესცენცია ეწოდება, რაც მათ გასაოცარ ვიზუალურ მახასიათებელს სძენს. საინტერესოა, რამდენი ხანია, რაც დედამიწაზე ამგვარი თვისების მქონე ცხოველები არსებობენ?
ახალი კვლევის თანახმად, წყლის ბინადრებში ბიოლუმინესცენცია 540 მილიონი წლის წინ უკვე არსებობდა, რაც იმაზე თითქმის 300 მილიონი წლით ადრინდელი პერიოდია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
ღრმა წყლებში, იქ, სადაც სინათლე ნაკლებად ან საერთოდ ვერ აღწევს, არაერთი ბიოლუმინესცენციური თევზი, მედუზა, კიბოსნაირი თუ მარჯანი გვხვდება. ის გავრცელებულია ხმელეთზეც, მაგალითად ციცინათელებში, ხოჭოებში, ბაქტერიებსა და სოკოებშიც. მიიჩნევა, რომ ამგვარი ნათების დანიშნულება სხვადასხვა შემთხვევაში კომუნიკაცია, მსხვერპლის მოხელთება ან კამუფლაჟია.
ვიცით, რომ ამ მახასიათებლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ფერმენტი ლუციფერაზა ასრულებს, რომელიც შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა. მსგავს ცხოველებში გენეტიკური მსგავსებების შესწავლა ბიოლუმინესცენციის ევოლუციური ისტორიის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძლევს.
მეცნიერებმა ზემოხსენებული ფენომენის საწყისების შესახებ მეტის გასაგებად წყლის უხერხემლო ცხოველები, ალციონარიები, შეისწავლეს. ეს მარჯნები პლანეტაზე უძველესი ორგანიზმები არიან, რომლებსაც ბიოლუმინესცენციის უნარი აქვთ, ამიტომ სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როდის დაიწყეს მათ ნათება.
სპეციალისტებმა ალციონარიების უკვე დათარიღებული ნამარხების მიხედვით ევოლუციური ხე შექმნეს და დააკვირდნენ, როდის გაიყო მათი მემკვიდრეობითი განშტოებები. ასევე, ამ განშტოებებში ცოცხალი ბიოლუმინესცენციური სახეობები შეიყვანეს და გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ მათ წინაპრებში ამგვარი ნათება გამოვლენილიყო.
საბოლოოდ, დაადგინეს, რომ ასეთ ორგანიზმებში ბიოლუმინესცენცია 540 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ადრეულ კამბრიულ ეპოქაში, როცა ცხოველები აქტიურ ევოლუციას განიცდიდნენ. აქამდე საწყისად 267 მილიონი წლის წინანდელი პერიოდი მიიჩნეოდა.
"ეს ტრანსფორმაცია წყლის ბინადართა ევოლუციის ისტორიაში ბიოლუმინესცენციის ადაპტაციურ მნიშვნელობას ცხადყოფს", — ამბობს სტეფან შრემი, რომელიც უკანასკნელ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მისი თქმით, ეს უნარი შესაძლოა, მაშინდელი სიცოცხლისთვის ჟანგბადის ტოქსიკურობის გასანეიტრალებლად და ნაკლები სინათლის პირობებში საკომუნიკაციოდ ჩამოყალიბებულიყო.
"ჩვენი კვლევა მიანიშნებს, რომ სინათლის მეშვეობით სახეობებს შორის ურთიერთობამ მაშინ იჩინა თავი, როცა ცხოველები სწრაფი დივერსიფიკაციის პროცესში იყვნენ. ამის მიხედვით, ბიოლუმინესცენცია ოკეანეებში კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმაა", — აცხადებენ თავად ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები