შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.
როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.
მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.
სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.
სტარტაპში ამბობენ, რომ "ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა".
"ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", — თქვა სტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.
ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.
სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.
კომენტარები