შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდებიდან ერთ-ერთი 469219 კომოალევაა, რომელიც შესაძლოა, მთვარის ფრაგმენტი იყოს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე გამოავლინეს კრატერი, რომლის ადგილზეც, სავარაუდოდ, ეს მასა იყო.
ის სივრცეში მაშინ უნდა გატყორცნილიყო, როცა მთვარის შორეულ მხარეს 1.6-კილომეტრიანი სხეული შეეჯახა, რამაც ჯორდანო ბრუნოს სახელობის კრატერი წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ 469219 კომოალევა სინათლეს ისე ირეკლავს, როგორც მთვარის ეროზირებული ქვები. ამ სცენარს შეესაბამება მისი ზომა, ასაკი და ბრუნვაც.
ეს ასტეროიდი ჰალეაკალას ობსერვატორიიდან 2016 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 30-60 მეტრია და ის თითო ბრუნს 28 წუთს ანდომებს. ასევე, მზის გარშემო იმავე ტრაექტორიით გადაადგილდება, როგორც დედამიწა, თუმცა მას მეტად უახლოვდება. ასტეროიდის შესწავლამ აჩვენა, რომ მას ჩვენი პლანეტის თანამგზავრისა და იქაური წარმოშობის მეტეორიტების მსგავსი სპექტრული მახასიათებლები აქვს.
მეტის გასაგებად სპეციალისტებმა გამოთვალეს ობიექტის ზომა და სიჩქარე, რომლითაც შეჯახება მას მთვარის ზედაპირიდან გატყორცნიდა. ასევე, გააანალიზეს, რამხელა კრატერს დატოვებდა ეს მოვლენა ციურ სხეულზე.
შედეგად დადგინდა, რომ 18 კმ/წმ სიჩქარითა და 45 გრადუსით შეეჯახება მთვარეზე 10-20-მეტრიან კრატერს გააჩენდა. ასეთი ჩაღრმავებები იქ მრავლადაა, მაგრამ მკვლევრებს შედარებით ახლად ფორმირებული კრატერები აინტერესებდათ, რადგან დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდები მზის სისტემაში, როგორც წესი, მხოლოდ 10 ან 100 მილიონ წლამდე პერიოდით ნარჩუნდება.
აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ მახასიათებლებს ყველაზე მეტად სწორედ "ჯორდანო ბრუნო" შეესაბამებოდა. კვლევის მიხედვით, შეჯახებას, რომელმაც ეს კრატერი წარმოქმნა, შესაძლოა, სივრცეში კომოალევას მაგვარი სამი ობიექტი გაეტყორცნა, რომლებიც დღესაც უნდა არსებობდეს.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში ჩინეთის კოსმოსური მისია Tianwen-2 დაგვეხმარება, რომელიც 2025 წლისთვისაა ჩანიშნული და კომოალევას ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას მოიაზრებს. მათი შესწავლით მეცნიერები მნიშვნელოვან მონაცემებს მოიპოვებენ და ასტეროიდის შედგენილობას მთვარისას შეადარებენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები