მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
როგორც ჩანს, მეცნიერები უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან, რომელიც ვირუსების ყველა შტამისგან დაგვიცავს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა და აღფრთოვანება არ დამალა.
"რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით", — თქვა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.
კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.
"თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.
"ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება", — აღნიშნულია ნაშრომში.
მკვლევრები თვლიან, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.
"ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ", — თქვა ჰაიმ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ვაქცინის ადამიანზე გამოცდა.
კომენტარები