აშშ-ის თევზებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურმა ახლახან შავფეხება ქრცვინის კლონების — ნორინისა და ანტონიას — დაბადების შესახებ განაცხადა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა.

ნორინი და ანტონია კოლორადოსა და ვირჯინიაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებაში იმყოფებიან, თუმცა ორივე მათგანი ერთი და იმავე გენეტიკური მასალისგანაა შექმნილი. როგორც ცნობილია, ცხოველები ჯანმრთელები არიან და განვითარების ნორმალურ ეტაპებს გადიან. როგორც კი ისინი სქესობრივად მომწიფდებიან, სპეციალისტები თითოეული მათგანის შეჯვარებას გეგმავენ.

ზემოხსენებულმა სამსახურმა ქრცვინების კლონირება პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად შეძლო. მათ შორისაა Revive & Restore, ViaGen Pets & Equine, სმითსონის ზოოპარკისა და კონსერვაციული ბიოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტი, სან დიეგოს ზოოპარკის ველური ბუნების გაერთიანება და ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაცია.

ანტონია.

ფოტო: Roshan Patel/Smithsonian Conservation Biology Institute

მეცნიერთა მიზანი შავფეხება ქრცვინების გენეტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და მათში გავრცელებულ დაავადებებთან შებრძოლებაა. მკვლევრებს სურთ, ამ ცხოველთა პოპულაცია აღადგინონ, რისთვისაც კლონირება ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიაჩნიათ.

ნორინისა და ანტონიას შესაქმნელად სპეციალისტებმა ვილას სახელით ცნობილი ქრცვინისგან 1998 წელს აღებული ქსოვილების ნიმუშები გამოიყენეს, რომლებიც სან დიეგოს "გაყინულ ზოოპარკში" ინახებოდა. ამ გენეტიკური მასალისგან მანამდე ერთი კლონი მიიღეს, რომელსაც ელიზაბეტ ენი ჰქვია, მაგრამ მას, სამწუხაროდ, გამრავლება არ შეუძლია.

დღესდღეობით ცოცხალი ყველა შავფეხება ქრცვინის წინაპარი (კლონების გარდა) სახეობის ის 7 უკანასკნელი წარმომადგენელია, რომლებიც ველურ გარემოში ბინადრობდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება ლიმიტირებულია, რაც ცხოველთა გადარჩენას ართულებს. ამას ემატება ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებიც, რომელთა მიმართაც რეზისტენტობის გაზრდა მნიშვნელოვანია.

ვილის გაყინულ უჯრედებში სამჯერ უფრო უნიკალური გენეტიკური ვარიაციებია, ვიდრე შავფეხება ქრცვინების ამჟამინდელ პოპულაციაში. შესაბამისად, კლონების მეშვეობით მათში ამ ვარიაციების შეტანა მთლიანი სახეობის გენეტიკურ მრავალფეროვნებას გააუმჯობესებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.