ზდისლავ ბეკსინსკი — ჯოჯოხეთური პეიზაჟების შემოქმედი
პოლონელმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა, ზდისლავ ბეკსინსკიმ თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში ფირებსა და ტილოზე შეუდარებელი გამომსახველობით შეძლო გადმოეცა საკუთარი ფანტაზიები და კოშმარები.
განათლებით არქიტექტორი, ზდისლავ ბეკსინსკი 1929 წელს დაიბადა პოლონეთის ქალაქ სანოკში. 1940 წელს სანოკის მახლობლად ზასლავის საკონცენტრაციო ბანაკი შეიქმნა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ძნელად სავარაუდოა, რომ ებრაული წარმომავლობის ბეკსინსკიზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა არ მოეხდინა ამ პერიოდს. მართლაც, მოგვიანებით, საბჭოთა ოკუპაციის ხანაში, როცა მან თავის გარშემო არსებული სამყაროს ფირზე აღბეჭდვა დაიწყო, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდობაში გადატანილი საშინლებები დიდ კვალს დააჩნევდა მის მთელ შემოქმედებას.
კარიერის ადრეულ ეტაპზე ბეკსინსკი ექსპერიმენტულმა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მისი ნამუშევრები სრულად არღვევდა იმ დროს გამეფებული ტრადიციული ფოტოგრაფიის ნორმებს. კერძოდ, ბეკსინსკის სტილი უპირისპირდებოდა იმ ხედვას, რომლის მიხედვითაც, ფოტოგრაფის მთავარ მიზნად ფორმების მაქსიმალური სიზუსტით აღბეჭდვა იყო დასახული. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მისმა 1957 წლის ფოტომ, სადისტის კორსეტი, რომელიც სრულად უარყოფდა შიშველი ფოტოს გადაღების დადგენილ სტილს: კადრში მოდელი ზურგშექცევით დგას, მოუქნელ და არასექსუალურ პოზაში, და არც თავი უჩანს, არც ფეხები. ამასთან, სხეული კიდევ უფრო დანაწევრებულია ჩრდილებითა და ტანზე მჭიდროდ შემოვლებული თოკით.
ბეკსინსკის კრიტიკოსთა შორის იყო ფოტოგრაფი ალფრედ ლიგოკიც, რომელიც თვლიდა, რომ სიურრეალისტური ფოტოგაფია ფოტოგრაფიად არ უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც ობიექტებს ზუსტად არ ასახავდა. მან კოლეგის შემოქმედებას ანტიფოტოგრაფიაც კი უწოდა.
ადრეულ 1960-იან წლებში ბეკსინსკიმ შეწყვიტა ფოტოგრაფობა, ყველა თავისი ფოტო სანოკის ისტორიულ მუზეუმს აჩუქა და განაცხადა, რომ გამოხატვის ამ ფორმაში საკუთარი თავი ამოწურა, რადგან იგი უკვე მის წარმოსახვას ზღუდავდა. ამ დროიდან მოყოლებული 1980-იან წლებამდე ხელოვანის შემოქმედებაში დადგა ფაზა, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა: მან ხატვა დაიწყო.
ბეკსინსკის ნახატები არქიტექტურის, სპირიტუალიზმის, ეროტიკის, ომისა და სიზმრებისეული ესთეტიკის სინთეზია, რაც ერთობლიობაში ჯოჯოხეთურ პეიზაჟებს ქმნის. მის მიერ შესრულებულ არც ერთ ნახატს არ აქვს სახელი, რადგანაც ხელოვანს არ სურდა, ადამიანებს მისი ნახატებისათვის კონკრეტული მეტაფორული მნიშვნელობა მიენიჭებინათ. ბეკსინსკის სწამდა, რომ ნახატებით, უბრალოდ, უნდა დავტკბეთ და მათში ზედმეტი აზრი არ უნდა ვეძიოთ: "აზრი უაზროა ჩემთვის", — უთქვამს მას.
ამ სიტყვების მიუხედავად, ბეკსინსკის რიგი ნამუშევრების თვალიერებისას რთულია არტისტის მიერ ახალგაზრდობაში გადატანილი ომის საშინელებების ამოკითხვისგან თავის შეკავება. ამ პერიოდში შექმნილი ნახატები გვაფიქრებინებს, რომ მათში გამოსახულია ის, რაც მხატვარს პირადად გადახდა; რაც მას ემოციურ დონეზე აწუხებს და მოსვენებას არ აძლევს. ამ აზრს ამყარებს ის ფაქტიც, რომ რომ მის ნახატებში ომის თემა ყველაზე ხშირად მეორდება: ბეკსინსკის შემოქმედებაში პერიოდულად ჩნდება საომარი ჩაფხუტები და განადგურებული, დამწვარი შენობები.
უსახელო, 1975 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
უსახელო, 1985 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
მიუხედავად პეიზაჟებისამდი განსაკუთრებული ინტერესისა, ხელოვანის ნახატებში ცენტრალური ადგილი ხშირად ადამიანებს უკავიათ. თუმცა ისინი დეფორმირებული, ნიჰილიზმის გორგალში აბურდულნი ან არაჯანსაღად გამხდრები არიან, რაც ომთან და მის თანამდევ შიმშილთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ბეკსინსკის პერსონაჟები ხშირად არიან წარმოდგენილნი რელიგიურ სიმბოლოებთან განადგურებული პეიზაჟის ფონზე, რასაც ასევე სიკვდილისა და სიცოცხლის ჭიდილის თემატიკასთან მივყავართ.
უსახელო, 1985 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
უსახელო, 1983 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
თუმცა რამდენადაც მრავლადაა ბეკსინსკის შემოქმედებაში კონკრეტული სიმბოლოებითა და ალეგორიებით სავსე ნამუშევრები, იმდენივეა ისეთი, რომლიდანაც რაიმე განსაკუთრებული გზავნილის ან პოზიციის ამოკითხვა ერთობ რთულია. ომის საშინელებების გამოცდის მიუხედავად, ხელოვანი არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ამ თემატიკაზე და მისი შემოქმედებითი ხედვის სფერო გაცილებით ფართო და მრავალფეროვანია.
უსახელო, 1976 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
უსახელო, 1973 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
1990-იან წლებში ბეკსინსკი დროებით დაუბრუნდა ფოტოხელოვნებას. იგი მიიზიდა ციფრული ტექნოლოგიის შესაძლებლობებმა, რომლებიც ხელოვანს ახალ საზღვრებს უხსნიდა. მან საკუთარი და სხვისი ფოტოების ფოტოშოპში მანიპულაციის შედეგად დაიწყო სიურრეალისტური გამოსახულებების შექმნა. თუმცა ამ პერიოდის ნამუშევრები, შეიძლება ითქვას, რომ ადრინდელი პერიოდის ნახატებთან შედარებით ნაკლებად ემოციურები და თითქოს უფრო მშრალებიც კია. ამის მიუხედავად, ბეკსინსკის განუმეორებელი ხელწერა და ესთეტიკა უცვლელი დარჩა.
უსახელო, 1990-იანები, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
ხელოვანს მალევე მოსწყინდა ფოტოშოპში მუშაობა და 2000-იანებისთვის ისევ დაუბრუნდა მხატვრობას, თუმცა არა დიდი ხნით. 2005 წელს იგი საკუთარ ბინაში დანით მიყენებული ჭრილობებისგან მოკლული იპოვეს. სასამართლომ ერთი წლის თავზე ხელოვანის სიკვდილში დამნაშავედ 19 წლის მოზარდი, რობერტ კუპიეცი სცნო. გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის მიზეზი გახდა ის, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ბეკსინსკიმ მას ას დოლარამდე თანხის სესხებაზე უთხრა უარი.
ხელოვანის გარდაცვალების წელს Burning Man-ის ფესტივალზე მის საპატივცემულოდ მისსავე ნახატში გამოსახული წითელი ჯვრის კონსტრუქცია აღმართეს. მალევე კი ქალაქ სანოკის ისტორიულ მუზეუმში მისი ნამუშევრების მუდმივი გამოფენა მოეწყო.
1989 წელი, ზდისლავ ბეკსინსკი.
ფოტო: Zdzisław Beksiński
Burning Man-ის ფესტივალზე ზდისლავ ბეკსინსკის საპატივცემულოდ აღმართული კონსტრუქცია.
ფოტო: Burning Man Galleries
კომენტარები