ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ვიზეარმა დაადასტურა მზადყოფნა, აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მინისტრმა ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. უწყება მიუთითებს, რომ ლიეტუვაში სწორედ ეს სამინისტრო კურირებს ტურიზმის სექტორს.

"ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია "ვიზეარმა" დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის", — თქვა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ლიეტუველ მინისტრთან ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრეს იმაზე, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა ტურისტი ან საქართველოს მოქალაქე გავა საზღვრებს გარეთ.

"კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ", — აღნიშნა განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო ტურისტული ბაზრის გახსნას უცხოელი, მათ შორის, ლიეტუველი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გეგმავს. მინისტრის ინფორმაციით, უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვა.

7 მაისს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის კიდევ ერთი ეტაპი წარადგინა, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების ნაწილი უფრო ადრე მოიხსნება. ტურიზმის გახსნის გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან ამოქმედდება შიდა ტურიზმი, 1 ივნისიდან კი საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

ამასთან, პრემიერმინისტ გახარიას განცხადებით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მწვანე კორიდორი ექნება, ისრაელი იქნება. მისივე თქმით, ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.