მართალია, 2020 წელს ბევრი დაგეგმილი კინოპრემიერა ჩაიშალა, თუმცა წლის დასაწყისში მაყურებლების ნაწილმა მაინც შეძლო, რომ რეჟისორ ლი უონელის ახალი ფილმი The Invisible Man ენახა. მთლიან ფილმთან ერთად მთავარი გმირის როლის შესრულებისთვის ელიზაბეტ მოსმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა, როგორც ჩანს, წელს მისი კიდევ ერთი საინტერესო როლის ხილვის შესაძლებლობა გვექნება.

Shirley — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის რეჟისორიც ჯოზეფინ დეკერია. ელიზაბეტ მოსთან ერთად ამ ახალ კინოსურათში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან ლოგან ლერმანი და მაიკლ სტალბერგი.

ფილმის პირველი ტრეილერი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა:

Shirley ამერიკელი მწერლის, სუზან მარელის 2014 წელს გამოქვეყნებული ამავე რომანის მიხედვით გადაიღეს. როგორც ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, ის სტუდენტი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საშინელებათა ჟანრის ცნობილი მწერლის (ელიზაბეტ მოსის გმირი) ზრუნვას იწყებს და უჩვეულო მოვლენები სწორედ ამის შემდეგ ვითარდება.

ფილმის პრემიერა სანდენსის წლევანდელ ფესტივალზე შედგა და მან კრიტიკოსების საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო. ფართო აუდიტორია მის შეფასებას კი 5 ივნისიდან შეძლებს.