ფსიქობიომი: როგორ მოქმედებენ კუჭის ბაქტერიები ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ნეიროფსიქიკური აშლილობები საკმაოდ რთული სამკურნალოა. ბოლო ათწლეულების მანძილზე, არსებითი ცვლილება მსგავსი დაავადებების მკურნალობაში არ ყოფილა. მეტიც, დროთა განმავლობაში, 60-70-იან წლებში, ეგრეთ წოდებული ანტი-ფსიქიატრიული მოძრაობა იმიტომ გაძლიერდა, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი პრობლემების მკურნალობა როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და ა.შ ჯანმრთელობის რისკებთან ასოცირდება.
ფსიქიატრიული დაავადებების კონვენციურად, სეროტონინის ათვისების შერჩევითი ინჰიბიტორებით (SSRI) მკურნალობას და მათ ხანგრძლივ მოხმარებას მრავალი გვერდითი ეფექტი აქვთ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულში ბევრმა მეცნიერმა ფსიქიკური პრობლემების საფუძვლის ძიება ტვინის გარდა სხვა ბევრისთვის უცნაურ ორგანოებში, მაგალითად, კუჭში დაიწყო.
Holobiome ერთ-ერთი ახალი კომპანიაა, რომელიც ნეიროფსიქიკური აშლილობების სამკურნალო პრეპარატების შემუშავებისთვის ადამიანის განავალს იკვლევს.
ეს რვაკაციანი კომპანია ეპიდემიოლოგიურ და ცხოველურ კვლევებში გაკეთებულ ახალ აღმოჩენებს ეყრდნობა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ტიპურ ნეიროფსიქიკურ აშლილობებსა და კუჭის ბაქტერიებს შორის მნიშვნელოვანი კავშირია.
კუჭში უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უჯრედები ჩვენს სხეულში. ეს მიკრობიომი საერთო ჯამში დაახლოებით 2 კილოგრამს იწონის, რაც ადამიანის 1,4-კილოგრამიან ტვინზე ბევრად მძიმეა და თან აღსანიშნავია, რომ კუჭი ტვინიდან წამოსული ნერვებით, მაგალითად, უზარმაზარი ვაგუსის ნერვით არის დაფარული.
ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ეპიდემიოლოგებმა შენიშნეს, რომ აუტიზმის სპექტრზე მყოფ ადამიანებს და პარკინსონის დაავადებიან პაციენტებს კუჭის პრობლემები ხშირად უვითარდებათ. მეორე მხრივ, კუჭის პრობლემების მქონე ადამიანებს დეპრესია ხშირად ემართებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კორელაციური კავშირი ანტიბიოტური პრეპარატებით მკურნალობისაც შეინიშნება. ანუ ადამიანებს ვინც მკურნალობას ანტიბიოტიკებით გადიან, დეპრესიიდამი მიდრეკილება ახასიათებთ.
აღსანიშნავია, რომ კუჭის მიკრობიომსა და ფისიქიკურ აშლილობებს შორის კავშირის ძიება მეცნიერების ძალიან ახალგაზრდა სფეროა. ჰოლობიომის აღმასრულებელი დირექტორი, ფილ სტრანდვიტცი ამბობს, რომ კომპანიაში ზუსტად არც იციან რა ტიპის სამკურნალო პრეპარატების შემუშავება შეიძლება, თუმცა ზოგადი იდეა ისაა, რომ კუჭის და მისი მიკრობიომის სტიმულირებით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შესაძლებელია.
ისეთი ფსიქიკური აშლილობების გაჩენის მიზეზი, როგორიცაა დეპრესია და პანიკური აშლილობა ან აუტიზმი, ამ დროისთვის უცნობია. მედიცინის სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფსიქიატრია პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირებს შედარებით რთულად ადგენს. მაგალითისთვის, ეპიდემიოლოგისთვის ცნობილია, რომ ტუბერკულოზს ტუბერკულის ბაქტერია იწვევს, თუმცა არავინ იცის დეპრესიას კონკრეტულად რა იწვევს.
ამიტომ, მეცნიერები ეგრედწოდებულ ბიომარკერებს ეძებენ. ანუ, ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც კორელაციურად და ნაწილობრივ ბიოლოგიური მექანიზმებით ზემოხსენებულ აშლილობებთან ასოცირდება.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კუჭის ბაქტერიები, შესაძლოა, სპეციალურ მესენჯერ მოლეკულებს გამოყოფენ(გამოყოფილი მოლეკულები, რომლებიც სხეულის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში მოძრაობენ და იქ ცვლილებებს ახდენენ), რომლებიც სისხლით ტვინში გადაადგილებიან და იქ გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმების ძიება რთული პროცესია, ბევრ მეცნიერს კუჭის და ფსიქიკური აშლილობების მჭიდრო კავშირში ეჭვი არ ეპარება. მაგალითად, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ვირთხებში პარკინსონის და შიზოფრენიის მქონე ადამიანების ფეკალური ტრანსპლანტები ცხოველებში რიგ სიმპტომებს ავითარებს.
ჰოლობიომმა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა კომპანიაა, ამ საკითხზე მნიშვნელოვანი მიგნებები გააკეთა. მაგალითად, მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ვირთხის საჭმლის მომნელებელი სისტემა GABA-ს, გამა ამინობუტირულ მჟავას გამოიმუშავებს, რაც მნიშნველოვანი ნეიროტრანსმიტერია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კუჭში გამომუშავებული ეს ნეიროტრანსმიტერი ტვინზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
GABA ეგრედწოდებული ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერია, რაც ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ რეცეპტორებზე მიმაგრებით, გარკვეულ ნერვულ აქტივობას ბლოკავს. როცა თქვენს ტვინში დიდი რაოდენობით GABA გამოიყოფა, რომელიც კონკრეტული ნეირონების აღგზნებას ხელს უშლის, "დამამშვიდებელი ეფექტი" წარმოიქმნება. ეს კი სტრესს, შიშს და შფოთვას ამცირებს.
იმის დადგენა თუ როგორ ხვდება კუჭში წარმოქმნილი ეს ნეიროტრანსმიტერი ტვინში, რთულია. ზოგადად სხვადასხვა ორგანულმა ნაერთებმა ტვინში მოსახვედრად ეგრედწოდებული ჰემატოენცეფალური ბარიერი უნდა გადალახონ.
ეს უკანასკნელი ერთგვარი ბარიერია ტვინს და დანარჩენ სხუელს, უფრო კონკრეტულად კი სისხლს შორის, რომელსაც ყველა ნაწილაკი ვერ ლახავს. ზოგიერთი მოლეკულა და ცილა, მათშორის GABA ნეიროტრანსმიტერი, ამ ბარიერის გადასალახად ზედმეტად დიდია.
ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოლეკულა ტვინში ვაგუსის ნერვის (ნერვი რომელიც კუჭს და ტვინს აკავშირებს) მეშვეობით ხვდება. კომპანიის ერთ-ერთი მისია სწორედ ამ თავსატეხის ამოხსნაა. ხვდებიან თუ არა კუჭში გამომუშავებული ნეიროტრანსმიტერები ტვინში. თუ კი, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომნელებელ სისტემაში არსებული GABA-ს გამომმუშავებელი ბაქტერიების წახალისებით, რიგი ფსიქიკური აშლილობების, მათ შორის შფოთვის მკურნალობა შესაძლებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტვინი GABA ნეიროტრანსმიტერს თავისთავ გამოჰყოფს, ამიტომ ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ისეთი პრეპარატები რომლებიც ტვინის GABA-ს გამომუშავებას უწყობენ ხელს უფრო ეფექტიანია ვიდრე პოტენციური პრეპარატი, რომელიც GABA-ს წარმოქმნას კუჭში წაახალისებს.
თუმცა ჰოლობიომში მიიჩნევენ, რომ ბაქტერიების წახალისებით მხოლოდ GABA ნეიროტრანსმიტერის გამოყოფის გარდა, სხვა სასარგებლო ბიოლოგიური ცვლილებების გამოწვევაც შეიძლება, რაც ფსიქიკური აშლილობების სხვა სიმპტომებზეც დადებითად იმოქმედებს.
ბაქტერიებს, რომლებიც სავარაუდოდ ფსიქიკაზე ახდენენ გავლენას, მეცნიერები "ფსიქობიომს" უწოდებენ. ჰოლობიომში იმედოვნებენ, რომ კუჭის ბუნებრივი მიკრობიომის წახალისებით ფსიქიკური აშლილობის ისეთ მკურნალობა შეიძლება, რაც დამანგრეველ გვერდით ეფექტებს არ მოიცავს.
ჰოლობიომის და ზოგადად ფსიქობიომის მკვლევრების ოპტიმიზმის მიუხედავად, კვლევის ამ მეთოდისადმი სამეცნიერო საზოგადოებაში სკეპტიციზმის მიზეზები არსებობს. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების უმეტესობა კორელაციური ბუნებისაა, რაც ცნობილ სამეცნიერო მაქსიმას "კორეალაცია მიზეზობრიობას არ ნიშნავს", თითქოს არ ითვალისწინებს ხოლმე.
ისიც აღსანიშნავია, რომ ფსიქობიომის კვლევა ძირითადად ცხოველებში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველებში აღმოჩენილი ბიოლოგიური მოვლენები ადამიანებშიც იგივე ან საერთოდ მსგავსი იქნება. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის მიკრობიომი, იგივე ვირთხებთან შედარებით ბევრად კომპლექსურია. ისიც უნდა ითქვას, რომ მიკრობიომი საკმაოდ ინდივიდუალურია. ანუ თქვენი მიკრობიომი სხვისი მიკრობიომისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
წინაღობების და სირთულეების მიუხედავად, ჰოლობიომის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხანგრძლივი კვლევა შედეგს გამოიღებს. ბოლოს და ბოლოს ადამიანების ტვინსა და კუჭის მიკრობებს შორის კავშირს, ფესვები ჩვენს ევოლუციაში აქვს. ჩვენი სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთთან ხშირად ჩახლართული და უცნაური გზებითაა დაკავშირებული. სირთულე კი ამ კავშირების პოვნაა.
კომენტარები