რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფერებს განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს; ძალა, რომელიც ხელოვანის შინაგან სამყაროში გვამოგზაურებს და ხშირად მის ყველაზე დაფარულ განცდებს გვიზიარებს. ფერთა პალიტრით შემოქმედსა და რიგით ადამიანს შორის თითქოსდა უხილავი, ჯადოსნური ქსელები იბმება და ემოციების გაცვლა-გაზიარებით ერთგვარი კომუნიკაცია მყარდება, ეს კი ხელოვნების ნიმუშებით ტკბობის პროცესს ერთიორად მომნუსხველს ხდის. ასეთ დროს დამთვალიერებელი უბრალოდ განზე მდგომი კი აღარ არის, არამედ ამ ემოციათა მიმოცვლის პროცესის უშუალო მონაწილე ხდება.

ფერთა თამაშით გამოწვეული ეს განცდები და მასში ჩატეული სიმბოლიკა ის ამოუწურავი საკითხია, რომელში ბოლომდე ჩაწვდომაც ალბათ შეუძლებელია. თუმცა მანამ, სანამ ხელოვანები ფერებისთვის სულ უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭებასა და მათი ჰარმონიული კომბინაციით ტილოებზე შინაგანი სამყაროს ასახვას განაგრძობენ, ძიების ეს პროცესიც დაუსრულებლად გაგრძელდება.

გოეთე, ფერების თეორია

თუკი ვინმეს საპატიო მადლობა ეკუთვნის კაცობრიობისთვის გაზიარებული ფასდაუდებელი ცოდნისთვის, ეს უდავოდ გერმანელი მოაზროვნე და მწერალი, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეა. ისევე როგორც ლიტერატურაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების განვითარებაშიც, როცა ფერების თეორია შექმნა.

გოეთესთვის ორი ძირითადი ფერი არსებობდა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მათ თეთრს და შავს კი არ უწოდებდა, არამედ — სინათლეს და სიბნელეს. მისთვის ყველა სხვა დანარჩენი ფერი სწორედ ამ ორ მოცემულობას შორის თავსდება და ფერის სიმუქე თუ ღიაობა სიბნელესთან სიახლოვით ან, პირიქით, სიშორით იზომება. "ფერი თავისთავად სიბნელის ხარისხია", — აღნიშნა კიდეც მან.

გოეთე თვლიდა, რომ თითოეულ ფერს თავისი შესაბამისი ხასიათი ჰქონდა და, შესაბამისად, იკვლევდა ცალკეული ფერების ფსიქოლოგიურ გავლენას ადამიანის ემოციებსა და განწყობაზე. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, გოეთეს თეორიის მიხედვით შევადაროთ ერთმანეთს ორი ხელოვანის განსხვავებულ ფერებში გადაწყვეტილი ნამუშევარი — 1) იოზეფ ალბერსის ყვითელ ტონალობაში გადაწყვეტილი Study for Homage to the Square და 2) ენდი უორჰოლის ლურჯ ტონალობაში შესრულებული Shadows II:

იოზეფ ალბერსის Study for Homage to the Square: Starting, 1969 წელი.

ენდი უორჰოლის Shadows II, 1979 წელი.

ფოტო: Hamilton-Selway Fine Art

  1. ყვითელი სინათლესთან ყველაზე ახლოს მდგომი ფერია და თავისი კაშკაშა, ფაქიზი ბუნებით ნაზი და ამაღელვებელი შეგრძნებები მოაქვს. თუმცა მეორე მხრივ, თუკი იგი მუქ ტონალობაში, მაგალითად, გოგირდისფერში გადადის, უკვე უსიამოვნო ეფექტს ტოვებს. ამრიგად, ტონალობებიდან გამომდინარე, იოზეფ ალბერსის ნამუშევარი, რომელიც ცენტრისკენ სულ უფრო ღიავდება, თავს ენერგიულად გაგრძნობინებთ და სიხალისეს შეგმატებთ.
  2. ლურჯს თავისებური, ერთობ ბუნდოვანი გავლენა აქვს ადამიანების განწყობაზე და იგი აგზნებასა და მოდუნებას შორის თავსდება. ხშირად ლურჯი შუშით დანახული ობიექტები პირქუში და მელანქოლიური მოჩანს. თუმცა, თუკი ლურჯი ფერი ღია, კერძოდ, ზღვისფერ ან მომწვანო ტონალობებში გადადის, მაშინ იგი სასიამოვნო შეგრძნებებს ბადებს. აქედან გამომდინარე, ენდი უორჰოლის ამ ტილომ, შესაძლოა, დაგამშვიდოთ და ერთგვარად ძილიც კი მოგგვაროთ.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნამუშევარი, იდეის თვალსაზრისით, ძალიან ჩამოჰგავს ერთმანეთს, ფერთა სხვაობა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მნახველებში განსხვავებული ემოციები გაეღვიძებინა.

ფერთა ბატონი, ვასილი კანდინსკი

ვასილი კანდინსკის კვადრატები კონცენტრული წრეებით, 1913 წელი.

ფოტო: Stadtische Galerie in Lenbach

ორ რამეს შეეძლო ვასილი კანდინსკიში ბავშვური ემოციების გაღვიძება: მუსიკას და ხელოვნებას. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ორი დარგის მოულოდნელმა თანაკვეთამ აპოვნინა მეოცე საუკუნის რუს მხატვარს საკუთარი თავი და გადააწყვეტინა, რომ თავდაპირველი პროფესიის, სამართლისგან აბსოლუტურად განსხვავებულ დარგში, ხელოვნებაში მოესინჯა თავისი ძალები. ეს გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც კანდინსკი ვაგნერის ოპერის, ლოენგრინის, მოსმენისას მიხვდა, რომ განსაკუთრებული უნარის წყალობით, მუსიკის მოსმენისას ფერებისა და აბსტრაქტული ხაზების დანახვა შეეძლო.

ამ გამოცდილების შესახებ, რომელმაც მხატვრის ცხოვრება 180 გრადუსით შემოატრიალა, კანდინსკიმ აღნიშნა კიდეც: "მთელი ეს ფერები თვალების გამოუყენებლად, ზმანებით ვიხილე. ჩემს თვალწინ გიჟური ხაზებით შეიქმნა მონახაზი". დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მსგავსი უნარის მქონე ადამიანები მართლაც არსებობენ და ამ მდგომარეობას მეცნიერებაში სინესთეზიის სახელით ვიცნობთ.

სინესთეზიით გამოწვეული გამოცდილებები კანდინსკიმ საკუთარ ნახატებში ასახა. იგი იმდენად გაიტაცა ამ პროცესმა, რომ ხშირად ნამუშევრების დასათაურების დროსაც კი მუსიკალურ ტერმინებს იყენებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1911 წელს არნოლდ შონბერგის სიმფონიების შთაგონებით შექმნილი რამდენიმე ნამუშევარი. მის ზოგიერთ ნახატზე დაკვირვებისას კი დამთვალიერებელს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოსდა, მხატვრის ტილოებიდან კაკაფონიური ბგერები ჩაესმის.

ვასილი კანდინსკის კომპოზიცია VII, 1913 წელი

ფოტო: Tretyakov Gallery

არსობრივად, მუსიკა ხელოვანში გარკვეულ ემოციებს აღვიძებდა, ამის შემდეგ კანდინსკი ამ განცდებს კონკრეტულ ფერებს უსაბამებდა და საბოლოო შედეგი ნამუშევრებზე გადაჰქონდა. მალევე კანდინსკიმ ადამიანის განცდებსა და ფერებს შორის კავშირის კვლევაც დაიწყო და სამწლიანი მუშაობის თავზე, 1911 წელს გამოსცა წიგნი, ხელოვნებაში სულიერების შესახებ, რომელიც სწორედ ამ თემას დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ მხატვარს ორი რამის განსაკუთრებით სჯეროდა: 1) ნებისმიერი ხელოვანის გამოცდილება ემოციებს ეფუძნება; და 2) თითოეული ფერი განსხვავებულ განცდებს იწვევს. "ფერი კლავიატურაა, თვალები — ჩაქუჩები, სული პიანინოა თავისი მრავალი კლავიშით. მხატვარი კი ის ხელია, რომელიც ამა თუ იმ კლავიშზე შეხებით სულს ავტომატურად ათრთოლებს", — ამბობდა კიდეც ხელოვანი.

ვან გოგის მისტიკური კავშირი ყვითელ ფერთან

ვან გოგის მზესუმზირები, 1889 წელი.

ფოტო: Van Gogh Museum, Amsterdam

ვან გოგსა და ყვითელი ფერის საღებავს შორის გარკვეული კავშირი რომ არსებობს, ამაზე არავინ დავობს. აი, ამ კავშირის მიზეზმა კი ნამდვილად გამოიწვია ხალხში აზრთა სხვადასხვაობა: ზოგიერთისთვის ყვითელი ფერისადმი მხატვრის მიდრეკილება ეპილეფსიური შეტევებით გამოწვეული ქსანტოპსიით აიხსნება; ზოგიერთი ამას ვან გოგის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირებს; თუმცა ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ის გავრცელებული აზრია, თითქოსდა, ხელოვანისთვის ყვითელი ბედნიერებასთან ასოცირდებოდა და ამდენად იგი ამ ფერის საღებავს აღმაფრენის განსაცდელად ჭამდა. სინამდვილეში, არცერთი ვარაუდი არ არის ბოლომდე დადასტურებული, თუმცა ცხადია, თითოეული მათგანი იმსახურებს გარკვეულ მიმოხილვას.

ქსანტოპსია

ცნობილი ფაქტია, რომ ვან გოგი ეპილეფსიით გამოწვეული კრუნჩხვებით იტანჯებოდა. გადმოცემის თანახმად, მხატვარს ექიმი პოლ გაშე იასამნისფერი ფუტკარას გამხმარი ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატით მკურნალობდა, რომლის გვერდითი ეფექტიც სამყაროს ყვითელ და ლურჯ ფერებში ხედვა, იგივე ქსანტოპსია გახლავთ. ამ ვერსიის ერთ-ერთ დამამტკიცებელ საბუთად, შესაძლოა, თავად ვან გოგის მიერ დახატული დოქტორი გაშეს პორტრეტი ჩაითვალოს, ვინაიდან მასზე გამოსახულ ექიმს ხელში მართლაც იასამნისფერი ფუტკარა უჭირავს.

ალკოჰოლი

ვან გოგი აბსენტის ხშირი მოხმარებით გამოირჩეოდა, ეს კი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, რომლის ქიმიურ შემადგენელ ნაერთს, ტუჯონს სიცოცხლისთვის სახიფათო გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტუჯონი ხელოვანის ეპილეფსიურ შეტევებს კიდევ უფრო ართულებდა და ობიექტების ყვითლად დანახვას, ანუ ქსანტოპსიას უწყობდა ხელს.

ყვითელი ფერის საღებავის ჭამა

ვან გოგის თაყვანისმცემლებმა ხმა დაარხიეს, თითქოსდა, მხატვარი ყვითელი ფერის საღებავს ჭამდა იმ მიზნით, რომ ბედნიერი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი, დიდი ალბათობით, ხელოვანის ცხოვრების დრამატიზების მცდელობა უფროა, ვიდრე სრული ჭეშმარიტება, მასში მაინც არის გარკვეული სიმართლის მარცვალი. ვან გოგი ნამდვილად ჭამდა სხვადასხვა ფერის საღებავებს, თუმცა მისი მიზანი არა ბედნიერების მიღწევა, არამედ თვითდაზიანება უფრო იყო, რაც მხატვარმა ძმისადმი მიწერილ წერილშიც ახსენა: "როგორც ჩანს, ბინძურ ნივთებს ვიღებ და ვჭამ, თუმცა ამ ცუდ მომენტებთან დაკავშირებით მეხსიერება მღალატობს..."

ფოტო: Musee d'Orsay

თავისუფალი არჩევანი და განცდების გამოხატვის მცდელობა

შესაძლოა, ვან გოგის ყვითელ ფერთან განსაკუთრებული ურთიერთობის მიზეზი სულაც არ უკავშირდებოდა აღნიშნულ მოსაზრებებს და ამის მიზეზი თავად ხელოვანის შემოქმედებით არჩევანში უნდა ვეძებოთ. აღსანიშნავია, რომ მხატვარი ფერების ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა, რასაც ისევ და ისევ მისი წერილები ადასტურებს: "ფერების კვლევითი სერია ჩავატარე... კონტრასტს ვეძებ ლურჯსა და სტაფილოსფერს, წითელსა და მწვანეს, ყვითელსა და იისფერს შორის... ვცდილობ, ფერები უფრო ინტენსიური გავხადო..." ვან გოგს სურდა, ფერების თამაშით ემოციები გამოეხატა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მან ერთ-ერთ ყველაზე გამომსახველობით, ყვითელ ფერზე სწორედ ამ მიზეზით შეაჩერა არჩევანი.

ცხოვრების მიწურულს, დაახლოებით 1886-1890 წლებში, ხელოვანმა ნამუშევრებში ყვითელი ფერის ხშირი გამოყენება დაიწყო. მეტიც, ზოგიერთი ნახატი მან თითქმის მთლიანად ამ ფერის ტონალობებში გადაწყვიტა. სავარაუდოა, რომ მის თავდაყირა მდგარ სამყაროს ყველაზე უკეთ სწორედ ყვითელი საღებავი გამოხატავდა.

დაზუსტებით არავინ იცის, რამ განაპირობა ვან გოგის ყვითელი ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ფაქტია, ამ კავშირის დამსახურებით ხელოვანის ცხოვრებას უფრო მისტიკური ელფერი მიეცა და მისი შემოქმედებით თავბრუდახვეულ თაყვანისმცემლებსაც ამსტერდამში მოხვედრისთანავე ყვითელი მზესუმზირებით დამშვენებულ ვან გოგის მუზეუმისკენ მიუწევთ ხოლმე გული.

ქვალია — ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მხატვარსა და მნახველს შორის კომუნიკაციას ართულებს

ქვალია ფუნდამენტური ფილოსოფიური ცნებაა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ინდივიდთა ცნობიერი შეგრძნებები სუბიექტური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ხელოვნების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ არის შანსი, ერთი და იგივე ფერი ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებულ ტონალობაში აღიქვან და ამის შესაბამისად, სხვადასხვანაირი განწყობა ჩამოუყალიბდეთ. ეს კი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ხელოვანისთვის, რომელიც მთელ თავის ემოციურ განწყობას ფერებში აქსოვს.

მარკ როტკოს გაერთიანებული (ლურჯი, ყვითელი, მწვანე წითელზე), 1954 წელი.

ფოტო: Whitney Museum of American Art

თუმცა ქვალია კიდევ უფრო დიდი დაბრკოლებაა აბსტრაქციონიზმისთვის, სადაც ფერებისა და აბსტრაქტული ხაზების გარდა, ფაქტობრივად, არ გვხვდება სხვა რეპრეზენტაციული საშუალებები და, ამგვარად, ემოციებიც მხოლოდ ამ ორი კომპონენტით გამოიხატება. თუკი გამოსახულებების არსებობის დროს ხელოვანის განცდების მნახველამდე მიტანის პროცესი უფრო მარტივია, მხოლოდ ფერებით თამაშის შემთხვევაში ეს ბევრად რთული მისაღწევია.

ამ სირთულესთან დაპირისპირების მიზნით აბსტრაქციონისტმა ხელოვანმა, მარკ როტკომ 1954 წელს შექმნა ნამუშევარი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე წითელ ფონზე, სადაც მხოლოდ ეს ოთხი ფერი გამოიყენა და ამ გზით შეეცადა, რიგითი ადამიანებისთვის თავისი განწყობა გაეზიარებინა.

აღნიშნული მაგალითები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამხელა როლს თამაშობს ფერი მხატვრის შემოქმედებაში. როგორც კანდინსკი იტყოდა, ის მთელი კომპოზიციის ფორმას, მონახაზს ქმნის. ამგვარად, იმის ცოდნა, თუ რა ფერს ანიჭებს ხელოვანი უპირატესობას, ძალაუნებურად მის დაფარულ განცდებში ჩაგახედებთ და ისეთ ისტორიებს მოგიყვებათ, რომლებიც ხშირად თავად მხატვრისთვისაც კი შეუმჩნეველი შეიძლება იყოს.

ამავე თემაზე:

რა ფერია თქვენი წითელი?